ავტორი:

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

სირიის ჩრდილოეთით, იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიში გრძელდება. სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა 4 თურქი ჯარისკაცი, დაიჭრა - 9.

სირია თურქეთს ადანაშაულებს უცხო ქვეყნის მებრძოლებისთვის გზის გახსნაში. საუბარია ალ-ქაიდას მებრძოლებზე, რომლებიც სირიაში აქტიურად მოქმედებენ და ასადის სამთავრობო ძალებს ებრძვიან.

თავის მხრივ, სირიაში პოზიციებს არ თმობს რუსეთი, რომელიც თავადაც არის ჩართული ომში, თუმცა, შუამავლის როლს ჯიუტად ირგებს და ამბობს, რომ მისი სამხედრო-საჰაერო ძალები დეესკალაციის საჰაერო ზონას აკონტროლებს.

სირიის, კონკრეტულად იდლიბის ცაზე რუსული ავიაციის კიდევ უფრო გააქტიურების შემდეგ, თურქეთმა იდლიბში შეირაღებული ძალების დამატებითი ნაწილები შეიყვანა. ანკარის ცნობით, მათი სამხედროები იქ მყოფი თურქი მეომრების დასახმარებლად შევიდნენ და თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა გაფრთხილებული ჰყავდათ.

იდლიბი ის ბოლო წერტილია, რომელსაც სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ. ასადის სამხედრო ძალები რუსეთის დახმარებით, იქაურობის კონტროლსა და სტრატეგიული მაგისტრალის დაკავებას ცდილობენ. ამ მონაკვეთს, ამბოხებულები 2012 წლიდან აკონტროლებენ.

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, თურქეთის ყველა მცდელობა, შეეჩერებინა რუსეთისა და ასადის რეჟიმის შეტევა ჩრდილოეთ სირიაზე, ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. ასადის რეჟიმმა შეძლო სტრატეგიული მნიშვნელობის M4 გზის დაკავება და რეგიონის მთავარი ქალაქი იდლიბი ახლა მათგან რამდენიმე კილომეტრშია.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მიმართულებით, კიდევ 1 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიძრა, რომლებიც ინტენსიური რუსული დაბომბვებისგან თავის გარიდებას და თურქეთში შესვლას ცდილობენ.

- ამ შეტევის შესაჩერებლად ანკარას სჭირდება კონტრშეტევის ორგანიზება, მინიმუმ 3 ბატალიონის მონაწილეობით. შესაბამისი მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენადაა ანკარა მზად ამისთვის...

- ამ ყველაფერს უამრავი წინაპირობა ჰქონდა. რუსეთი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები რომ ვერ გახდებოდნენ, თავიდანვე ცხადი იყო, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ინტერესების კვეთა მუდმივად ხდება. რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ ისევ NATO-ს მიიჩნევს, თურქეთი კი, ალიანსის წევრი ქვეყანაა და თავის საგარეო პოლიტიკაში ძალიან აქტიურია.

მათი პოზიციები რომ ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა, მხოლოდ სირიაში კი არა, ლიბიაშიც კარგად გამოჩნდა - ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. სირიაში ვითარება ისე დაიძაბა, რომ თურქეთი იძულებული გახდა თავისი შეიარაღებული ძალები შეეყვანა. ამას ჰქონდა წინაპირობები, ბოლო პერიოდში, რუსეთმა და ასადის რეჟიმმა იდლიბის პროვინციაში შეტევები დაიწყო, საიდანაც თურქეთის მიმართულებით ათიათასობით ლტოლვილი დაიძრა. ასევე არსებობს ეჭვი, რომ ამ შეტევების გაგრძელების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი მიაწყდება თურქეთს, რაც მის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

- ეს გათვალა რუსეთმა?

- დიახ. მთელი ამ ომის განმავლობაში, იდლიბის პროვინციას ძალიან ბევრი ადგილობრივი დევნილი იყო შეფარებული. რუსეთმა კი იცის, რომ ახალი შეტევების შემთხვევაში, მიგრანტთა ახალ-ახალი ნაკადი, თურქეთს და შემდეგ ევროპას, ახალ ტვირთად დააწვება... შესაბამისად, როგორც კი შეტევა მიიტანა, თურქეთი იძულებული გახდა, საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა.

მაგალითად, 7 ახალი კოლონა, მათ შორის ტანკები შევიდა სირიაში, რასაც ახალი შეტაკებები მოჰყვა. რამდენიმე ადგილას დაიწყო ბრძოლები თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ასადის რეჟიმის ნაწილებს შორის. დაიღუპნენ რუსი სამხედროები. მსხვერპლია მეორე მხარესაც.

თურქული და რუსული ავიაცია იქ აქტიურად დაფრინავს, რადგან როგორც ჩანს, პილოტები ბრძანებებს ელიან. ახლა მთავარი კითხვაა, რას იზამს რუსეთი - მიიღებს არსებულ რეალობას თუ გააგრძელებს შეტევებს?!

ჯერჯერობით, რუსეთი განცხადებებით არ აქტიურობს. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ცდილობს სხვას, ამჯერად ასადის რეჟიმს გადააბრალოს ყველაფერი, რათა კონფლიქტში, რომელშიც თავად მონაწილეობს, შემრიგებლისა და შუამავლის როლში გამოვიდეს...

ამის პასუხად, ერდოღანი უკრაინაში წავიდა და შეპირდა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, მათ შორის ფინანსურადაც. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ამაზე რუსეთის რეაქცია.

თავის მხრივ, თურქეთი ძალიან აქტიურობს საქართველოს NATO-ში შეყვანის მხრივაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობას, რაც ნიშნავს, რომ თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ალიანსში შესვლას, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის.

- თუ არსებულ ვითარებას გონივრულად შევაფასებთ, შესაძლოა, ეს პროცესები საჩვენოდ გამოვიყენოთ? NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ვგულისხმობ.

- დიახ, რადგან ანკარას რეგიონში მოკავშირე სჭირდება და თუ ეს მოკავშირე NATO-ს წევრი ქვეყანა იქნება, ეს მისთვის იდეალური ვარიანტი გამოვა...

- ამ შემთხვევაში, ალბათ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

- რუსეთს ახლა იმდენი პრობლემა აქვს სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში, ყირიმში, სანქციებისგან რომ არ მგონია, საქართველოსთვის სცხელოდეს... კიდევ ერთი ფრონტისთვის ძალა არ ეყოფა.

- რამდენად მოსალოდნელია თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მასშტაბური გახდეს? ამ შემთხვევაში რა ელის საქართველოს?

- რუსეთსა და თურქეთს შორის ღია სამხედრო დაპირისპირება, შესაძლოა, სირიის ტერიტორიაზე მოხდეს; შავ ზღვაზე ნაკლებად, თუმცა, არც იქ არის გამორიცხული, რომ ერთეული ინციდენტები მოხდეს, რადგან ისტორიულად ვიცით, რომ მსგავსი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა...

იმედია, არც სირიაში მოხდება ღია დაპირისპირება, მაგრამ დაზღვეული არაფრისგან ვართ. როდესაც სირიაში თურქეთის სამხედრო ნაწილები შედიოდნენ, მის გარშემო ტერიტორიას რუსები ბომბავდნენ. ამ ვითარებაში ძნელია ყველაფერი გათვალო... პირდაპირი კონფრონტაციის მცდელობაც აქვთ, რასაც დაძაბულობა მოჰყვა და შემდეგ ვითომ მოაგვარეს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა შენარჩუნდა.

"დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სერიოზული ეპიდემიაა" - ამირან გამყრელიძე

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე