ავტორი:

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ძმები - გიორგი და დავით ჩილინგარაშვილები მსახურობენ. ამბობენ, რომ გზა, რომელსაც ამერიკული კამუფლაჟის ჩაცმამდე პირი გადის, ჯოჯოხეთია, თუმცა, აშშ-ს სამხედრო ძალები გაქცევს ადამიანად, რომლის გამო ყველანაირი სირთულის ატანა ღირს.

AMBEBI.GE ძმებს ამერიკაში დაუკავშირდა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სამხედრო ძალებში მსახურების მათი გამოცდილებით დაინტერესდა:

საუბარს 25 წლის გიორგი ჩილინგარაშვილთან ვიწყებთ. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ოფიცერია აშშ-ში და მის გზას ძმა, დავითიც გაჰყვა:

- მამა წლებია ამერიკაშია. მერე მე და ჩემი ძმაც წაგვიყვანა... ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ვცხოვრობთ. ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებელი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით დავამთავრე, იმავდროულად ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში ჩავირიცხე, ყველანაირად ხელს მიწყობდა სწავლაში. ჩემი უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა სთავაზობდა მათ კადრებს და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე.

ამერიკულ ჯარში უცხო ქვეყნის ჯარისკაცს ორმაგი მუშაობა უწევს მეთაურობის ნდობა რომ მოიპოვოს, მაღალი დონის პროფესიონალიზმი უნდა აჩვენო... საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების დასრულების შემდეგ, სამხედრო ისევ იმ შტატს უბრუნდება, სადაც ცხოვრობს. რეგულარულ ჯარში ჩარიცხვისას კი, არავინ იცის რომელ ქვეყანაში, ნატოს რომელ ბაზაზე გაგიშვებენ.

"კარანტინი" იმდენად რთული იყო, მეგონა, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის მონაწილე ვიყავი: ღამე გაღვიძება და ეკიპირებით დისტანციაზე სირბილი, აზიდვები, "პრესები", ფსიქოლოგიური ნორმატივები... ფიზიკურად რთული არ იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. ცდილობენ, შენში ჩვეულებრივი მოქალაქე დაამსხვრიონ და ჯარისკაცი "ააშენონ", ამერიკის შეიარაღებული ძალების ღირსეული სამხედრო, რომელიც ისწავლის ბრძანების შესრულებას, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის. უნდა ისწავლო ემოციების კონტროლი და საკუთარ თავზე მუშაობა...

- თქვენთან ერთად კიდევ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან?

- ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ძალიან ბევრი უკრაინელია... ასევე არიან გოგონები, მათ შორის, ქართველებიც, ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებენ, როგორც მამაკაცები, როგორც არმიას შეეფერება. რაღაც დროის განმავლობაში ქვეითთა ნაწილში გოგონებს არ უშვებდნენ, მაგრამ ახლა თუ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ეს ზღვარი აღარ არსებობს.

აქტიური სპორტსმენი ვარ და ფიზიკური დავალებები არასდროს მიჭირდა, არც ფსიქოლოგიური. სტუდენტობისას სხვადასხვა კაფეებსა და მაღაზიებში ვმუშაობდი, დატვირთული დღის მიუხედავად ვარჯიშსაც ვახერხებდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი... დილის 4 საათზე ვიღვიძებდი, რომ ყველაფერი მომესწრო. ძილისთვის ფაქტობრივად, დრო არ მრჩებოდა, მაგრამ ამასაც შევეჩვიე.

სამხედრო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ამერიკულ ჯარში, რიგით მეხუთე ქართველი ოფიცერი ვარ, თუმცა ჩემს ნაწილში, ქვეითებში, ოთარ შალიკაშვილის (ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ძმა, მათი ოჯახი ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლის გამო ემიგრაციაში ცხოვრობდა, ავტ.) შემდეგ, მეორე ვარ, ეს კი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის" - გვეუბნება გიორგი ჩილინგარაშვილი.

საუბარს მის უმცროს ძმასთან, დავითთან ვაგრძელებთ:

"მეც კონექტიკუტის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ანალიტიკის ფაკულტეტზე. ჩემი ძმის შემდეგ, მეც სამხედრო კარიერის გაკეთების გადაწყვეტილება მივიღე. მაშინ 18 წლის ვიყავი და ვიცოდი, თუ გიორგის ნაკვალევს გავყვებოდი, რაღაც შეღავათები მექნებოდა. უამრავმა ადამიანმა ვერ გაუძლო ფიზიკური ნორმატივებს. მე ფიზიკურად არ გამჭრვებია, მაგრამ რთული იყო. ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც ასევე ძალიან რთული იყო.

სრულ იზოლაციაში ვიყავით, ოჯახზე არავითარი ინფორმაცია არ მქონდა, მხოლოდ წერილებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მის მოსვლას კი დრო სჭირდებოდა...

ახლა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი ვარ, რომელიც ძალიან ინტერნაციონალურია, უამრავი სამხედროა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან... მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, სრულად ვარ ჩართული პრევენციულ ღონისძიებებში.

როდესაც ამერიკა საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა, ყველა შტატმა, რომელსაც ნაციონალური გვარდია ჰყავს, მობილიზაცია გამოაცხადა. ქალაქის სპორტდარბაზებში საველე ჰოსპიტალების აშენება დაიწყეს, რადგან ნიუ-იორკი ჩვენს მეზობლადაა და პაციენტები გადმოიყვანეს.

- ვირუსის გარდა, ალბათ მოგიწიათ ბოლოდროინდელ დაპირისპირებაში ჩართვამ...

- ჩვენს შტატს არ გავუყვანივართ საპროტესტო აქციებზე, სამხედრო ძალის დახმარება არ დასჭირვებიათ, თუმცა, რამდენიმე შტატში გაიყვანეს ეროვნული გვარდია, რადგან აქცია ძალიან აგრესიულად მიმდინარეობდა. ამჟამადაც, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ქვეყნის მაშტაბით, მათ შორის ჩემს შტატშიც, მაგრამ შედარებით მშვიდობიანია.

ძმები MMA-ს ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად

რამდენიმე შტატში ყოველდღიურადაა გამოსვლები, ხშირად ხელჩართული დაპირისპირებაც. ნიუ-იორკში ძალადობის ფაქტები დღემდე გრძელდება. იგივე ხდება ფილადელფიაშიც. შეტაკებისას უამრავი ღირსშესანიშნაობა, შენობა და ძეგლი გაანადგურეს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უბედურება...

აქციების პარალერულად ვაგრძელებთ COVID-19-თან ბრძოლას. მე პირადად სწრაფი ტესტირების ერთ-ერთ ლოკაციაზე ვმუშაობ. ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს თუმცა, ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ. შტატი სამოქალაქო სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განიცდიდა და სამხედრო ექიმებიც ჩართეს. პირადად მე, საავადმყოფოებსა და სხვა ადგილებში მიწევდა სამხედრო ექიმების ყოველდღიური ტრანსპორტირება.

ყოველდღიურად დეზინფექციას ვუტარებდით საჯარო სივრცეებს, ვამარაგებდით საავადმყოფოებსა და საველე ჰოსპიტალებს სასუნთქი აპარატებით, პირბადეებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. დიდ ქალაქებში მოვაწყვეთ პუნქტები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაიკეთონ სწრაფი ტესტირება COVID-19-ზე. ბოლო ხანებში ვირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია.

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით