ავტორი:

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე

ნანუკა გულუა ყველასთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. მისი გმირი დოჩი ალიშბაია პოპულარული სერიალის დასის გამორჩეული წევრია. ნანუკა პოზიტიური, ნიჭიერი და გულახდილი ადამიანია, რომელიც ნეგატიური ჭორების ობიექტი არასდროს ყოფილა, რაც ქართულ რეალობაში უჩვეულოა.

გასული წელი მისთვის რთული გამოდგა, მსახიობს მამა გარდაეცვალა. ნანუკას მამასთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოველთვის აღნიშნავდა.

AMBEBI.GE-მ მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ყველა კითხვას ჩვეული გულახდილობით უპასუხა.

- ნანუკა, დიდი ხანია, თქვენი ინტერვიუ არ გვინახავს, ამიტომ პირველ რიგში გვითხარით, როგორ ხართ, რას საქმიანობთ?

- შესანიშნავად ვარ, სერიალის გარდა საკუთარ ბიზნესს ვუძღვები. ტანსაცმლის ბრენდი მაქვს ჩემს მეგობრებთან ერთად, ბევრი წელია, ამ საქმეში ვარ, მაგრამ წელს გავფართოვდით, მესამე მეგობარიც დავიმატეთ, მისამართიც შევიცვალეთ და ერთად ვზრუნავთ ბრენდის განვითარებაზე. ყველა საქმეში ბოლომდე ვარ ჩართული, მოდელების შექმნაში უშუალოდ ვიღებ მონაწილეობას.

- როდის აღმოგაჩნდათ დიზაინერობის ნიჭი?

- პუტკუნა ბავშვი ვიყავი, შესაბამისად, გამხდარ მოდელებზე ვგიჟდებოდი და სულ ვხატავდი მათ. პირველად სწორედ ხატვის და დიზაინის ნიჭი აღმომაჩნდა, მერხზე, კედელზე, სკამზე ყველგან ვხატავდი. იქედან მოვიდა ეს ყველაფერი და შემდეგ საქმედ იქცა.

- ვიცი, რომ დიეტაზე ხართ და ათი კილოგრამი დაიკელით...

- ეს შეკითხვა აღარ უნდა დამისვათ, ჩემს ცხოვრებას თან სდევს დიეტა. ახლაც დიეტაზე ვარ, ერთ-ერთი პროგრამით გავხდი - ათი კილოგრამი დავიკელი. თუმცა, ჩემი კორექცია შევიტანე კვების ამ სისტემაში. ჩემი ცხოვრების წესია, 3 საათის შემდეგ არ ვჭამო. მხოლოდ ხაჭოს და კიტრს მივირთმევ, ეს კი კაბალურ დიეტად ითვლება, თუმცა, მე მიჩვეული ვარ, ამიტომ ჩემთვის შედგენილი კვების პროგრამა უფრო ეფექტური გამოვიდა.

- რამდენი კილოგრამი ხართ ახლა?

- ახლა ვარ 64 კილოგრამი და ჩემი მიზანია 60 კილოგრამს ჩამოვცდე, თუნდაც 59.9 კგ ვიყო. შესაძლოა, ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან მგონია, სამის მერე თუ შევჭამ მოვიმატებ, ამიტომ არც მშივდება.

- ბევრი ექიმი მეგობარი გყავთ ალბათ, კვების ამ რეჟიმზე რას გეუბნებიან?

- ყველა მიკრძალავს, მეუბნებიან დღეში ოთხჯერ რაციონალური კვება აუცილებელიაო, მაგრამ ჩემთან ამის ლაპარაკს აზრი არ აქვს. დიეტის პარალელურად მუდმივად ვვარჯიშობდი, ფიზიკური აქტივობის გარეშე წონის კლება ეფექტური ვერ არის. ვარჯიშის გარდა, ვიტარებდი სხვადასხვა პროცედურებს, მასაჟები... მე 55 კილოგრამი დავიკელი, ეს კი კანს მოშვებულს ხდის და დიდი წონის შემთხვევაში, სხეულს ტონუსი ეკარგება, ამიტომ ჩავიტარე გამკვრივების 24-დღიანი სპეციალური პროგრამა, რაც ძალიან ეფექტური გამოდგა ჩემთვის.

- ბევრ დროს უთმობთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას?

- ითვლება, რომ ბევრ დროს ვუთმობ გარეგნობაზე ზრუნვას, თუმცა, მე ასე ვერ ვიტყოდი. არ ვიტარებ პლასტიკურ და ინექციურ პროცედურებს, ვცდილობ, ბუნებრივი გარეგნობა შევინარჩუნო.

- დიდი ხანია, დოჩი სერიალში აღარ გამოჩენილა, რას უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან მისგან?

- ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ უნდა დაელოდოთ ახალ სერიებს. მეც მაყურებელთან ერთად ველოდები სცენარს. წინასწარ არასდროს ვიცი, როგორ განავითარებს ჩემს ხაზს ქეთი დევდარიანი. დიდი პაუზა მაქვს და ვიცი, რომ ბომბა სერიები დაიდება. მხოლოდ იმას გეტყვით, გავბედნიერდი და სცენარი მოვიდა.

- როგორ ანაწილებთ დროს ყველა საქმისთვის?

- როდესაც გადაღება ინიშნება, ჩემი თავიდან „ირეცხება“ ბიზნესი, ოჯახი, მეგობრები. ჩემთვის უპირველესი საქმეა გადაღება და იმ პერიოდში თავიდან ბოლომდე სერიალში ვარ ჩართული.

- როგორ ახერხებთ, ამ ქვეყანაში ჭორების მსხვერპლი არ გახდეთ?

- ამას ხშირად მეკითხებიან. არ მაქვს აქტიური თავგადასავლები და ეპიცენტრშიც არ ვარ. გულდასაწყვეტი ჭორი ჩემზე არასდროს გამიგია, მგონია, იმდენ პოზიტივს გავცემ, რომლის გადაცემაც არცერთ ადამიანზე არ მენანება, რომ არ უნდებათ ცუდი ჭორების მოგონება.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხართ?

- რას ეძახით პირად ცხოვრებას, რაც მოვყევი პირადია. როცა რამე მოხდება, ყველგან ვიტყვი და გამოვაკრავ ამ ამბავს.

- რატომღაც ვფიქრობ, დოჩისნაირი პრეტენზიული ხართ ბიჭებთან მიმართებაში...

- არ ვარ ეგეთი. ყველას თავისი ინტერესები აქვს. არასდროს ვყოფილვარ პრანჭიკელა გოგო, რომელსაც მეორე ნახევარი აბედნიერებს. არ მგონია, თუ ვიღაც გვერდით არ მყავს, პირადი არ მაქვს. მოცემულობა არის, ვიყო ბედნიერი და როგორ იყო ბედნიერი, ამას განსაზღვრავ შენ.

- გარდა იმისა, რომ ბედნიერი უნდა გაგხადოს, კიდევ რა თვისებებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი, ვინც თქვენს გვერდით იქნება?

- კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, კარგი, ლაღი ხასიათი უნდა ჰქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. დანარჩენს მე თვითონ მივხედავ.

- ნანუკა, გასული წელი ძალიან მძიმე იყო თქვენთვის, რადგან მამა გარდაგეცვალათ...

- მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, ამ ტრაგედიის შემდეგ მიმაჩნია, რაღაც ფერადი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთვრალი ვარ, კიდევ კარგად ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. შინაგანი ბედნიერების შეგრძნება მაქვს გამქრალი. ის ბრჭყვიალება, რაც მქონდა, აღარ მაქვს. ემოციური გავხდი ყველა წვრილმანის მიმართ. ყველა რესურსი ამოვწურე, ნერვიულობა, ტკივილი, ცრემლი. სხვა რაღაცეები თითქოს არ მაღელვებს. სხვანაირი გავხდი და იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

- მოგვიყევით, როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან?

- ასეთი მამა-შვილი არ ვიცი. ამას მამაჩემის მეგობრებიც მეუბნებიან. ხშირად გამიგია მეგობრებისგან, როცა მამას კარგავენ, ნანობენ, რომ რაღაც დააკლეს, ისე ვერ გააკეთეს და ა.შ. მე ასე ვერ ვიტყვი, ყველა წუთი და წამი ათვისებული მაქვს მასთან ურთიერთობის, მასთან ყველა დრო სიყვარულში და პოზიტივში მაქვს გატარებული. ახლა უკვე მარტო ვარ. ოჯახი და მეგობრები ჩემს გვერდით არიან, მაგრამ განცდა მაქვს, მარტო დავრჩი. მგონია, ახლა ძალიან მარტივია ჩემი დაჩაგვრა. მგონია, მაგარი მეგობარი აღარ მყავს. მე არ ვიცი, რას გრძნობს დედა, რომელსაც შვილი აღარ ყავს, რადგან შვილი არ მყავს, მაგრამ ვფიქრობ, მათაც ასეთივე შეგრძნება აქვთ, როგორც მე მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს. თუმცა, სულ ვცდილობ, ნაკლებად მოვახვიო ეს შეგრძნებები სხვას და ნაკლებად ჩავუღრმავდე, რადგან ცუდ ფიქრებამდე მივდივარ.

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"