ავტორი:

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

მეგაშოუ „დიდ სცენას“ ერთი ფერადკანიანი კონკურსანტი ჰყავს. საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულმა ომა ფავორმა გადაწყვიტა, ბედი მუსიკალურ კონკურსშიც ეცადა, რადგანაც ბავშვობიდან მღერის და ძალიან უყვარს სიმღერა. ისე, კრიტიკის და ჟიურის შეფასებების კი ეშინოდა, მაგრამ დაძლია და დღეს ძალიანაც მოსწონს მისი ახალი ამპლუა.

„საქართველოში სასწავლებლად ჩამოვედი. ვსწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინოზე, ასევე მაქვს პრაქტიკები ჰოსპიტალში… გაგონილი მქონდა საქართველოს შესახებ, რომ იყო ძალიან ლამაზი, სტუმართმოყვარე ხალხით და კარგი სამედიცინო პრაქტიკით. ექიმობა დედის გამო გადავწყვიტე, - 16 წლის ვიყავი, როდესაც დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ხშირად მიწევდა სხვადასხვა კლინიკაში მასთან ერთად ყოფნა. ვერაფრით ვეხმარებოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. როცა დედა გარდაიცვალა, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ექიმი გავმხდარიყავი და მომავალში სხვა ადამიანებს მაინც დავხმარებოდი“, - ამბობს კონკურსანტი.

ომა 23 წლისაა, დაიბადა ნიგერიაში, საკმაოდ დიდ ოჯახში. 16 წლის იყო, როგორც აღნიშნა, დედა რომ გარდაეცვალა. დარჩნენ - მამა, ომა და მისი 4 და და 2 ძმა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და ქვეყნიდან წამოსვლა გადაწყვიტა. „წავედი კარიბებზე, 4 წელი იქ ვცხოვრობდი და თან ვსწავლობდი. ზოგადად ძალიან მიყვარს თავგადასავლები და ამიტომ არ შევუშინდი ოჯახისგან ასე შორს ცხოვრებას. თავიდან მარტოს უცხო ქვეყანაში, გამიჭირდა. გზად ბევრი დაბრკოლებაც იყო, თუმცა სირთულეებს არ შევუშინდი... რაღაც პერიოდი ფოტომოდელადაც ვიმუშავე, სილამაზის კონკურსშიც ვმონაწილეობდი. პარალელურად ვმღეროდი მუსიკალურ ჯგუფში და მათთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა. 4 წლის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გავხდი, ლონდონში ჩემს ნათესავებთან წავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა სწავლა და ცხოვრება. ვმუშაობდი რესტორნებში, თუმცა სწავლის შეთავსებას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტე, მომეძებნა ქვეყანა, სადაც სწავლას და მუშაობას უკეთ შევათავსებდი. ასე აღმოვჩნდი საქართველოში და მგონია, რომ ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნავს ნიგერიელი კონკურსანტი.

- როდიდან მღერი, სიმღერა სად ისწავლე და აქვე, ეს ყველაფერი შენთვის რას ნიშნავს?

- სიმღერა ძალიან მიყვარს. 5-6 წლიდან ვმღერი. ნიგერიაში მუსიკალურ ზეიმებსა და კონკურსებში ხშირად გამოვდიოდი... ძალიან დეპრესიული ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც მახალისებდა და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა, სიმღერა იყო. როცა სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ. დედაჩემიც სულ ამბობდა, თუ გინდათ, ომა გააბედნიეროთ, ჩაურთეთ მუსიკა, ის იცეკვებს, იმღერებს და ყველაზე ბედნიერი გახდება.

- „დიდი სცენაში“ რატომ მოხვედი და რას იტყვი ამ კონკურსზე?

- ხომ ვამბობ, ძალიან მიყვარს სიმღერა, იმდენად მინდოდა სულ მემღერა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ძალიან ძნელია უცხოელისთვის სხვა ქვეყნის მუსიკალურ პროექტში მოხვედრა, თან, საუკეთესო ათეულში, მე კი მოვხვდი. ეს საოცრებაა, ახლაც არ მჯერა, რომ აქ ვარ. საქართველო ძალიან თბილად შემხვდა. ძალიან შემიყვარდა ქართველი ხალხი და ქართული სიმღერა.

- რა მოლოდინი გაქვს?

- არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მიხარია, რომ დიდ სცენაზე ვარ. იმედი მაქვს, პროფესიულად და მუსიკალურად ძალიან გავიზრდები და უკეთ შევძლებ ჩემი თავის განვითარებას. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი შემიყვარებს, ძალიან მინდა, მათთვის კიდევ დიდხანს ვიმღერო.

- როგორც გაირკვა, ქართული სიმღერა მოგწონს, რა განიცადე, როდესაც თავად მოგიწია მისი შესრულება?

- ქართული სიმღერა ძალიან მიყვარს, ძალიან სულში ჩამწვდომია და ნაზი. ხანდახან სიტყვები არ მესმის, მაგრამ მთელი გულით შევიგრძნობ ხოლმე მას. თან, ჩემს ხმასაც ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი. შეიძლება სიტყვებს ზუსტად ვერ ვამბობ, მაგრამ ხომ გეუბნებით, მთელი გულით ვმღერი და მგონია, რომ ამას მსმენელიც ხვდება.

- კონკურენტებზე, ჟიურიზე და პედაგოგებზე რას იტყვი?

- ძალიან კარგი პროექტია, სხვა მონაწილეებიც ძალიან კარგები არიან. ყველასთან ვმეგობრობ. ყველა ისე კარგად მღერის, ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვუსმენ მათ სცენაზე ნამღერს. ჟიურიც ძალიან კარგია. სულ გავურბოდი კონკურსებში მონაწილეობას, რადგანაც მეშინოდა კრიტიკის და ჟიურის შეფასებების. მაგრამ ესენი ისეთი მუსიკალურები და პროფესიონალები არიან, მათ ნათქვამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ ვცდილობ, მათი რჩევა გავითვალისწინო. პედაგოგებიც არაჩვეულებრივები არიან, ძალიან მეხმარებიან. ეს კონკურში ჩემთვის დიდი გამოცდილება და გამოწვევაა და იმედი მაქვს, შევძლებ ჩემი მაქსიმუმი ვანახო ყველას და მათი შრომა დავაფასო.

"ოსკარი" 2020 - გამარჯვებულები და საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან

რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

მეგან მარკლის ორეული - "ჰერცოგინიას დიდი ხნის უკან დაკარგული ტყუპისცალი გამოუჩნდა“