ავტორი:

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. პირველად, ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავედ ცნო და გარდაცვლილის ოჯახისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი კომპენსაცია დააკისრა.

საქმე ეხება 2017 თბილისში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს. 25 წლის ქალმა მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში არაერთი თითქმის ანალოგიური შემთხვევის გახსენებაა შესაძლებელი, თუმცა ეს საქმე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ქალს გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებისთვის 16-ჯერ ჰქონდა დახმარებისთვის მიმართული.

მომჩივნის ინტერესებს "საიას" იურისტი თამარ დეკანოსიძე იცავდა. უფლებადამცველი AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარიდან რამდენიმე თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პასუხისგებში მისცეს გარდაცვლილის მეუღლე და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, უზენაესმა სასამრთლომ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ოჯახში ძალადობის მუხლით გამოუტანა განაჩენი, რაც თავისუფლების ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რადგან იმ დროისთვის დამნაშავეს ერთი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა 2019 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"ეს გოგო სამი წლის მანძილზე მეუღლისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, შემდეგ მეუღლეს დაშორდა, თუმცა საერთო შვილის გამო ურთიერთობა მაინც უწევდათ, რა დროსაც ყოფილი მეუღლე მასზე კვლავ ძალადობდა. 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი უწყებებისთვის, 112- ში რეკავდა ხან ის, ხან - დედამისი. 16-დან მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

ერთ შემთხვევაში მხოლოდ ხუთი დღით იყო გამოცემული. 16-დან ოთხჯერ გააუქმა ზარი ძალადობის მსხვერპლმა და უთხრა არ მოხვიდეთო. მხოლოდ ერთხელ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა საქმის აღძვრიდან ერთ თვეში ისე შეწყვიტეს საქმე, რომ არ გამოუკვლევიათ ზედაპირზე არსებული გარემოებები.

პროკურატურას თავის დასკვნაში უწერია, რომ ძალადობას სისტემატიური ხასიათი არ ჰქონდა... ერთჯერადი ძალადობაც ხომ ძალადობაა?! ასევე, ოთხჯერ რომ გააუქმა გამოძახება, რატომ არ გამოიკვლიეს, რის გამო აუქმებდა გამოძახებას, იქნებ იყო მუქარის და ძალადობის მსხვერპლი?

ეს არის უპრეცედენტო საქმე იმ კუთხით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

ჩვენ ვუჩივლეთ შსს-ს და პროკურატურას, რადგან არცერთმა უწყებამ არ დაიცვა ქალი. პირველმა ინსტანციამ მხოლოდ შსს გაამტყუნა და პროკურატურას ბრალი არ მიუძღვისო, გამოგვიცხადა. თუმცა გავასაჩივრეთ სააპელაციოში და გუშინ მიიღო სააპელაციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

სააპელაციომ თქვა, რომ ორივე უწყებამ დაარღვია კანონი, რამაც გამოიწვია ეს ტრაგიკული ფაქტი. გარდაცვლილის დედისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფულადი კომპენსაციის სახით" - უამბო "საიას" ადვოკატმა AMBEBI.GE-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მათთვის კვლავ პრიორიტეტია და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. აღნიშნულ საკითხზე უწყებაში მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგი გამართა და ამ მიმართულებით შსს-ს მუშაობა შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

"2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე.

2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად:

  • შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.
  • 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.
  • შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.
  • გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი" - აცხადებენ უწყებაში.

ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ჯანდაცვის სამინისტრო შატილში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა