ავტორი:

ევროპაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა - როგორია უახლესი მონაცემები ჩინეთსა და მსოფლიოში

ევროპაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა - როგორია უახლესი მონაცემები ჩინეთსა და მსოფლიოში

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა.

კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა

ამასთან, ნეპალმა კორონავირუსის ეპიცენტრ ჩინეთის ქალაქ უხანიდან 175 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. ევაკუაცია სახელმწიფოს კუთვნილი „ნეპალის ავიახაზების“ თვითმფრინავით მოხდა. ევაკუირებულების უმეტესობა სტუდენტია. ყველა მათგანს ორკვირიან კარანტინში მოუწევს ყოფნა.

„ისინი ექიმების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იქნებიან და ოჯახებს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან“, - განაცხადა ნეპალის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა მაჰენდრა შრესტამ.

გასულ კვირაში ნეპალში, მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას უხანში მყოფი სტუდენტების სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვეს. ამ დროისთვის ნეპალში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერს, იქ კორონავირუსი კიდევ 70 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულები იაპონიის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს, კანადისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის, მძიმე ავადმყოფების პროცენტული მაჩვენებელი, ჩინეთის ტერიტორიაზე, 15.9 %-დან 7.2 %-მდე შემცირდა, რაც დაავადებასთან ბრძოლის ეფექტურ ძალისხმევას უკავშირდება. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა მი ფენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაგალითისთვის, ქალაქ უხანში, 28 იანვარის მდგომარეობით, ვირუსით დაავადებულთა შორის, მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა 32.5 %-ს შეადგენდა, 15 თებერვლის მონაცემებით, ამ რაოდენობამ 21.6 % შეადგინა. ქალაქ ხუბეეში 27 იანვრის მონაცემებით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა დაავადებულთა 18.4 %, 15 თებერვლის მონაცემებით კი 11.1 %, მთლიანად ქვეყანაში კი მათი რაოდენობა 15.9 %-დან 7.2 %-მდე შემცირდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პროფილაქტიკისკენ მიმართულმა ძალისხმევამ და დაავადებასთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო", - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა.

თუმცა, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.

გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში