ავტორი:

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

გენიალური ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ემოციურ ისტორიას წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ მის ოჯახში მოხდა. დუმბაძეებს სახლში ესტუმრათ ქალი ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობიდან...

"დღეს ზაზას, ჩემი ძმის დაბადების დღეა (შენიშვნა: ზაზა ნოდარ დუმბაძის შუათანა შვილი, ერთადერთი ვაჟი იყო, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა) ვაკის სასაფლაოდან მე და დედა მთაწმინდაზე მივდიოდით, მამასთან... ტელეფონზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავპირდი, ერთ საათში სახლში ვიქნები-მეთქი.

ნოდარ დუმბაძის ცოლ-შვილი: ნანული გუგუნავა-დუმბაძე და ქეთევან დუმბაძე

მამასგან სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზად ერთი კი გავიფიქრე - ნეტავ ვინ არის ის ქალბატონი და რა უნდა თქო, მაგრამ ის რაც მოხდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი...

დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა - ნათელა მოთხრობიდან "ნუ გააღვიძებ" და მეც, როგორც მოთხრობაში, თაფლი მომიტანა" - წერს "ფეისბუქზე" ქეთევან დუმბაძე და იქვე მამის ცნობილ მოთხრობასაც აქვეყნებს:

"დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: - ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო.

- უთხარი შემოვიდეს... ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე. - ეზოში დგას, ალაგესთან, არ მოდის, თუ არ შეწუხდება, აქ მოვიდეს ერთი წუთითო.

რა გზა მქონდა, ეზოში ჩავედი. ალაგესთან 45-50 წლის ჭაღარა, სოფლელი ქალი იდგა. ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.

- გამარჯობათ, ნოდარ ბატონო! - მომესალმა.

- გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! - მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: „შვილი მყავს მოსაწყობი“, ან „ამას მიმიწერე“, „იმას დაურეკე...“- არა, ბატონო, მხოლოდ ერთი წუთით გეახელით.

- რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო?

- ალბათ ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო - მითხრა მან და ძალზე სევდიანად გაიღიმა.

- გამოგიტყდებით და, ვერა, ქალბატონო.

- შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი.

- არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდით - მითხრა მან და თავი დახარა.

- რატომ გეგონათ, რომ გიცნობდით, ქალბატონო?! - გამეღიმა მე

- ნათელა ვარ მე, ნიჟარაძე, კუკურას დაი - თქვა მან.

- ნათელა! - საოცარი სისუსტე ვიგრძენი ხმაშიც, მკლავებშიც, მუხლებშიც...

- ნათელა! - გავიღიმე უნაიროდ და იქვე წაქცეულ ხის გრძელ მორზე ჩამოვჯექი. იგი მოვიდა, ის ქილა ფეხებშუა ჩამიდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. უხერხულობის დასაფარავად თუთუნის გახვევა დავიწყე.

- მაისის თაფლია, ნოდარ ბატონო, ჩემი ბუკისაა, სუფთა ქარვასავით.

- გმადლობთ, რაზე ირჯებოდი.- სოფელში თქვეს - ჩამოვიდაო, გულს უჩივაო, აგი თაფლი გულის წამალია... შენი ძმაი იკითხა, კუკურა და მისი ცხენიო...

- თავი დავუქნიე უაზროდ.

- რამდენი ხნით ჩამობრძანდით, ნოდარ ბატონო, მარტო ბრძანდებით თუ შემადგენლობით...

- იგი ლაპარაკობდა წყვეტილად, თავაუღებლად. ხმა უთრთოდა.

- როგორ ხარ, ნათელა? - შევაწყვეტინე ლაპარაკი... მან სული მოითქვა და თვალებში შემომხედა.

- ჩემი არ იყოს, ხანი შეგპარვია, ნოდარ ბატონო! ახლა ხომ არ უჩივით რამეს?

- ჩემი საქმე გამორკვეულია. შენ როგორ ხარ, ნათელა?

- ვარ ისე, როგორც შეეფერება სოფლის დედაკაცს..."

ფოტოები: ქეთევან დუმბაძის არქივიდან

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია