ავტორი:

"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?

"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?

სამთავრობო ცვლილებებიდან 6 თვის შემდეგ, მთავრობაში შესაძლოა მორიგი "კარუსელი დატრიალდეს". პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სავარაუდო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მედია აქტიურად ალაპარაკდა, თუმცა მთავარი ინტრიგა - ვინ ჩაანაცვლებს მას, ჯერ ამოუცნობი რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი? - ვინ იქნება შემდეგი პრემიერი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გვეცოდინება და როგორც თავად გახარიამ მოგვიწოდა, საზოგადოებას ისღა დაგვრჩენია "დაველოდოთ გაზაფხულს".

პრემიერის შესაძლო ცვლილების მიზეზად რამდენიმე საკითხი სახელდება. მათ შორის, გახარიას შს მინისტრობის დროინდელი "სირცხვილი" 20 ივნისის ღამის სახით, რომლისგან რეაბილიტირება მან ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

თუმცა, ექსპერტების ნაწილი მას დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს ივანიშვილის თვალში და თვლის, რომ ყოფილ პრემიერს ახლანდელის მოსახსნელად, სულ სხვა მიზეზი აქვს:

"არამგონია, რომ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილი დისკრედიტირებულ პირად თვლიდეს. ივანიშვილის აზრით, 20-მა ივნისმა მშვიდად ჩაიარა. გავრილოვის ღამემდე გიორგი გახარია საკმაოდ დადებითი პიროვნება იყო, ამიტომ ივანიშვილმა ჩათვალა რომ მისი დანიშვნა დიდი უბედურება არ იქნებოდა.

მაგრამ შემდეგ პროცესები ისე განვითარდა (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემა შეიცვალა) რომ გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი. პროტესტი არა იმდენად ქვეყნის შიგნით, რამდენადაც საერთაშორისო ასპარეზზე - ძალიან ბევრი პარტნიორი ქვეყანა ჩაერთო ამ პროცესში. შესაძლოა, ამასაც არ ელოდა ივანიშვილი, მაგრამ იმედი მაქვს ახლა აანალიზებს, რა და როგორ მოხდა და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა თანამდებობიდან მისი გაშვება.

"ქართული ოცნება" იდგა ალტერნატივის წინაშე: ან უნდა წარედგინა ახალი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელსაც გააპიარებდა გახარიასთან ერთად და იქ იქნებოდა წამოწეული სოციალური თემა, ან განეხორციელებინა სამთავრობო ცვლილებები. ამ მეთოდს ბევრი პარტია იყენებს, რომ საზოგადოებაში სიახლის განცდა შექმნას. მგონია, რომ ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს.

აქ მთავარი ის კი არაა, გახარია ცუდია თუ კარგი, პრობლემაა ისაა, რომ სამთავრობო ცვლილებების გარდა, "ქართულ ოცნებას" ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია

ეს ცვლილება რას გამოიწვევს, რთული სათქმელია. არ მგონია ცვლილებებმა მასშტაბური აღტკინება გამოიწვიოს, მაგრამ რაღაც სიახლის განცდას შექმნის და როცა არაფერი გაქვს, რაღაცის შექმნაც საქმეა. სხვა აჟიოტაჟი არა მგონია მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

გახარიას, შესაძლო შეცვლის ორ მიზეზზე საუბრობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც, თუმცა არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე ამ ცვლილებას ნადვილად არ ელოდა.

"გახარია, როგორც კი გახდა პრემიერ-მინისტრი ვამბობდი, რომ ეს დროებითია. თუმცა, არჩევნებამდე მის შეცვლას არ ველოდებოდი. თუ ეს მოხდა, საერთაშორისო ფაქტორების გავლენით იქნება გამოწვეული.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა გახარია გაუშვან თანამდებობიდან, ესაა წინასაარჩევნო კამპანია. გამორიცხული არ არის, ის "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს და აქტიურ წინაასაარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთოს

თუმცა, აღსანიშნავია, რომ არცერთი საკადრო ცვლილება არაფერს გვაძლევს. რამდენიმე პრემიერი გამოვიცვალეთ უკვე და ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. პრემიერები ჩვენთან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების მფლობელები არ არიან. მათ ზემოთ მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი საქართველოში არის მმართველი პარტიის თავმჯდომარის ადმინისტრატორი.

ასე რომ, გახარიას თალაკვაძე ჩაანაცვლებს თუ ლილუაშვილი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მეორეს მხრივ, პრემიერად უცხო სახის დანიშვნა (ლილუაშვილს ვგულისხმობ), რაღაცნაირად გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, არც თალაკვაძე წარმომიდგენია ამ თანამდებობაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად უფრო მაღალ თანამდებობაზე იმყოფება. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იქნება, შეიცვლის თანამდებობას" - განუცხადა AMBEBI.GE-ს გამზარდიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ნიკა მეტრეველს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც სამთავრობო ცვლილებების და მით უფრო, გახარიას ლულიაშვილით ჩანაცვლების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს:

"გიორგი გახარია დისკრედიტებული არ არის, ეს მხოლოდ ოპოზიციის შეფასებაა. "ქართული ოცნების“ ელექტორატში ის ძალიან დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგელობს. ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია.

რაც შეეხება ცვლილებას, მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ გაზაფხულზე, სამთავრობო ცვლილება მოხდეს. პრემიერის პოსტზე ლილუაშვილის დანიშვნას გამოვრიცხავ. ვთვლი, არასწორი იქნება და იმის არავითარი ნიშნები არ არის, რომ სუს-ის უფროსი მოგვევლინოს პრემიერად.

ლილუაშვილს პიროვნულად დადებითად ვახასიათებ, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პრემიერი, ამ ეტაპზე, ქვეყანას არ სჭირდება

სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი, მორიგი ჭორი მგონია. რაღაც ეტაპის შემდეგ ბუნებრივია, ადამიანები შეიცვლებიან, მაგრამ არა მგონია ახლა გიორგი გახარიას ცვლილება მოხდეს" - განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის კარზე დიდი ნდობით სარგებლობს და როგორც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირების უმეტესობა, ისიც "ქართუ ბანკიდანაა".

2004-2015 წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. მას "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და "ოლდ სიტი დეველოპმენტში", დირექტორის თანამდებობები ეკავა. 2015-2016 წლებში "ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას პირველ მოადგილედ დაუნიშნეს. კულუარებში ამბობდნენ, მომავალი მერი ლილუაშვილიაო, მაგრამ მან 2016 წელს კენჭი იყარა და ხონი-ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

პარლამენტიდან ლილუაშვილი სუს-ში გადაიყვანეს, ჯერ მოადგილედ და ახლა უკვე უწყების ხელმძღვანელად - პარლამენტმა ის 2019 წელს 6 წლის ვადით დაამტკიცა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლიდან იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ხოლო 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ კი ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა პარლამენტის თამჯდომარის პოსტზე.

"არც მეგობრები მყავს სახლში, არც დაბადების დღეს ვიხდი... არ არის ამის დრო" - იუბილარი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე