ავტორი:

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ აღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.

ასევე, გაცნობებთ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიიდან ფრენების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს.

"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი. საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან ამ პროცესშია ჩართული. ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს. მთელი მსოფლიო ამ ბრძოლაშია გაერთიანებული. ჩვენ ვართ არამხოლოდ შიდაუწყებრივ კოორდინაციაში ჩართული, არამედ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია. მე ვარ მუდმივ კონტაქტზე სამეზობლო რეგიონში კოლეგებთან. დღესაც მქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარი. ჟენევაში ვიზიტის დროს სომეხ კოლეგასთან საუბარი. მუდმივ კავშირზე ვარ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ირანთან, რადგან ბოლო შემთხვევა, რაც დაფიქსირდა, სწორედ ირანიდან წამოსული ადამიანისგან მომდინარეობს. ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენგან და ასევე ჩვენ მათგან ვიყოთ ინფორმირებულები იმ ზომების შესახებ, რასც ისინი იღებენ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები დიასპორისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს.

"ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან, დიასპორის წარმომადგენლებთან, აქტიური ურთიერთობა გვაქვს, ყველა საელჩოში არის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმშია ჩართული. შემოდის კითხვები, ამ კითხვებზე ხდება პასუხების გაცემა. აეროპორტში მიღებულია საგანგებო ზომები. ყველა ის რეისი, რომელიც ჩამოდის, საგანგებოდ მოწმდება.

ჯერჯერობით, ამ მომენტში არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას. იცით, რომ ორი ქვეყანაა - ჩინეთი და ირანი, ვისთანაც ფრენები შეზღუდული გვაქვს, მათ შორის სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან კონტაქტი, ვინაიდან ისინი არიან ტრანზიტული ქვეყნები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს