ავტორი:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში მოგზაურობისგან.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.

"იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მგზავრობისგან, ესენია: ლომბარდია, ვენეტო, ემილია რომანია მგზავრობისგან და ასევე იმ რეგიონებში მგზვარობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული ვენეცია ჯულია, ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.

იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ამასთან, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს