ავტორი:

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში 24 ინფიცირებულია და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ პროცედურებს ახორციელებს ამ ადამინების განკურნებისთვის, ასევე დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ ადამიანებთან.

„პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ელ აპრილამდე გადაიდო სასკოლო დაწესებულებებში სწავლა, ასევე 13 აპრილამდე გადავადდა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში“, - აღნიშნა გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას მიადგეს.

„პირველ რიგში, ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს გლობალური გამოწვევაა, მაგრამ დროებითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყოს“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში უზრუნველყოს წესების დაცვა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით თვითიზოლაციაში არიან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ, მათ გარკვეული ვალდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში უზრუნველყონ წესების ზუსტი და შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს