ავტორი:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბევრი განვითარებული ქვეყნის მენეჯმენტზე ეფექტური აღმოჩნდა" - რას ყვება ქართველი პედიატრი საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბევრი განვითარებული ქვეყნის მენეჯმენტზე ეფექტური აღმოჩნდა" - რას ყვება ქართველი პედიატრი საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე

ქეთი ლობჟანიძე წლებია საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეიროპედიატრიის განყოფილების ექიმი-პედიატრია. კორონავირუსული ინფექცია ბოლო დღეებია საფრანგეთშიც გავრცელდა და 24 საათში ხუთასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, ყველა პედიატრი ამბობს, რომ ბავშვებს კორონავირუსული ინფექცია მარტივად გადააქვთ, მაგრამ საინტერესოა ის რეკომენდაციები და შეფასებები, რომელსაც ჩვენი თანამემამულე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან გვაწვდის - AMBEBI.GE ქეთი ლობჟანიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:

- ქეთი, პირველ რიგში გკითხავთ, რა მდგომარეობაა საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ?

- ამ ეტაპზე საფრანგეთში შემთხვევათა როდენობა მატულობს, თუმცა ჯერ არ მისულა კრიტიკულ ნიშნულამდე. გუშინ დაფიქსირდა 497 ახალი შემთხვევა 24 სთ-ში. 11 მარტს ჯამურად იყო 2281 პაციენტი, 48 გარდაცვლილით.

მენეჯმენტს რაც შეეხება, ამჟამად ვართ მე-2 სტადიაზე, ანუ ჩვენი მიზანია ინფექციის გავრცელების შეფერხება, რისთვისაც იკრძალება მასობრივი ღონისძიებები 1000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ასევე გვირჩევენ მოგზაურობისგან თავის შეკავებას და ჰიგიენის წესების დაცვას. ამ ეტაპზე პრეზიდენტი მაკრონი თვლის, რომ ვირუსის ცირკულირების საწყის ფაზაში ვართ და უფრო რადიკალური ღონისძიებები გაუჭირდება ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში.

- არის გარდაცვალების შემთხვევებიც... რა იწვევს ლეტალურ შედეგს, ჰქონდათ მათ თანმდევი დაავადებები, თუ დაგვიანებით მიმართეს საავამდყოფოებს?

- სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქ გამოკვეთილია ასაკობრივი კატეგორია, გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წლის ზემოთაა და ქრონიკული პათოლოგიები - ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები, დიაბეტი, იმუნოდეპრესია, როცა გართულების რისკი მაღალია. ძირითადი გართულებაა პნევმონია სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რაც ხელოვნურ სუნთქვას საჭიროებს.

დაგვიანებით მიმართვა გადარჩენის შანსს ამცირებს ზოგადად, მაგრამ არ მგონია, დღეს ამის პრობლემა იყოს, ხალხი სენსიბილიზებულია და არც კოლაფსში ვართ, ვინმე უყურადღებოდ დარჩეს.

მართალია, საფრანგეთის მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მაგრამ საავადმყოფოებს პრობლემები აქვთ. უკვე რამდენიმე თვეა გადაუდებელი სამსახური გამოსვლებს აწყობს და აპროტესტებს სამუშაო პირობების სიმძიმეს, პერსონალის უკმარისობას. ასეთ დროს ეპიდემიის პიკისთვის თავის გართმევა რთული იქნება.

გაითვალისწინეთ ინფექციის გავრცელების სწრაფი ტემპიც და დღესდღეობით 70 %-ში ცირკულირებადი უფრო მძიმე, L ფორმა მოსალოდნელი გართულებებით, რაც ჰოსპიტალიზაციას და გაწვრთნილ პერსონალს საჭიროებს, რომელთა რაოდენობაც ასევე შეზღუდულია, თან მათ გამოაკლდებიან მუშაობის პროცესში ინფიცირებულნიც, რაც საბოლოოდ კოლაფსს გამოიწვევს იტალიის მსგავსად. იტალიაში დღეს არჩევენ, ვინ გადაარჩინონ, ანუ უპირატესობა მიენიჭება, ვისაც უფრო მეტი შანსი აქვს...

აქამდე რომ არ მივიდეთ, ვირუსის გავრცელებას ამ ეტაპზევე უნდა შევუშალოთ ხელი უფრო რადიკალური მეთოდებით. დანიაში მსგავსი არაფერი ხდება და უკვე დაკეტეს სკოლები, ღამის კლუბები, რესტორნები, კაზინოები, გააუქმეს ღონისძიებები...

- დარწმუნებული ვარ თვალს ადევნებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, როგორ შეაფასებდით, რამდენად სწორად იმართება პროცესები?

- საქართველოში პროცესებს კიდევ უფრო ყურადღებით ვადევნებ თვალს, ჯერ ერთი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, იქ ცხოვრობს - ასაკოვანი მშობლები და ძმა თავისი ოჯახით და მეორეც, ჩვენი შესაძლებლობები საფრანგეთისას არ შეედრება, რისი შიშიც მქონდა. ზუსტად აქ გამოიკვეთა ადეკვატური მართვის მნიშვნელობა, რომ ფინანსები ყველაფერს არ წყვეტს.

ბევრჯერ დავწერე სოციალურ ქსელში და აქედანაც მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა ბატონებს - ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს. ბატონ პაატას სტუდენტობიდან ვიცნობ, ბატონ ამირანთან პარიზში ჩვენმა საელჩომ მოგვიწყო შეხვედრა რამდენიმე ექიმს. მათზე ყოველთვის დიდი აზრის ვიყავი, მაგრამ რაც ახლა გააკეთეს, წარმოუდგენელია ადამიანური და პროფესიული თვალსაზრისით!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქმედებები ბევრი განვითარებული და ძლიერი ქვეყნის მენეჯმენტზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა! მათი რეგულაციები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა ჯანმოს რეკომენდაციებს და ბოლოს, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორიც, მათი დაუღალავი ძალისხმევა სწორი ნაბიჯებით, ოლიმპიური სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი აღმოჩნდა ისეთი ფსიქოთერაპია ამ კორონაისტერიაში, რომლის დამსახურებითაც დღეს ერი პანიკაში არაა.

- კორონავირუსული ინფექცია საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ სტატისტიკიდან გამომდინარე, ბავშვებს ნაკლებად ერჩის, როგორია თქვენი შეფასება ამ თემაზე?

- კორონავირუსი იშვიათია ბავშვებში და ის მსუბუქი ფორმით მიდის: დაბალი სიცხე, მშრალი ხველა. ამ დროს სკოლაში სიარული იკრძალება. ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით საქმის ვითარებას, ვთავაზობთ კითხვების დასმას და აზრის გამოთქმას, უნდა ვასწავლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, საჭიროა ოთახის სველი წესით წმენდა და რეგულარული განიავება...

კორონავირუსული ინფექცია საშიშია ასაკოვან ადამიანებში გართულებების გამო, ახალგაზრდებს ის ბევრად უფრო მსუბუქად გადააქვთ. ზოგადად ამ ვირუსის მთავარი საშიშროება მისი სწრაფი გავრცელება და კონტაგიოზურობაა (ინფექციური დაავადებების თვისება გადაეცეს დაავადებულებიდან - ჯანმრთელებს).

მაგალითად, ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ავტობუსში ერთმა ვირუსიანმა შვიდი ადამიანი დააინფიცირა ირგვლივ 3-4 მეტრის მანძილზე. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო საზოგადოებრივ ტრანსპორტში! სადეზინფექციო ხსნარი მუდამ თან უნდა ვიქონიოთ და გადავეჩვიოთ სახეზე ხელის მოკიდებას...

- ზოგადი რეკომენდაციები ყველა ქვეყნისთვის საერთოა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა თუ გაქვთ საფრანგეთში?

- ჰიგიენის დაცვის ზოგადი რეკომენდაციებია აქაც, კონკრეტულად ვიტყოდი თვითიზოლაციის წესებზე, რაც მგონი ზუსტად ვერ გაიგეს საქართველოში, ანუ 14 დღის მანძილზე იკრძალება: სამსახურში, საყიდლებზე, გასართობ-გამაჯანსაღებელ აქტივობებზე სიარული, არ ვეკარებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, საავადმყოფოებს!

ტემპერატურას ვიკონტროლებთ დღეში ორჯერ, სუნთქვის უკმარისობისას ვიძახებთ სასწრაფოს, ვატარებთ ქირურგიულ ნიღაბს, რეგულარულად ვანიავებთ ოთახს, გვძინავს ცალკე, ვიცავთ ჰიგიენის წესებს! ეს რეკომენდაცია ეხება კონტაქტში მყოფ ასიმპტომურ და მსუბუქ ფორმებს. ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას ადგენს გამოძახებული სამედიცინო ჯგუფი...

სპეციალობით ზოგადი პედიატრი და ნეონატოლოგი ვარ, გადაუდებელში აღარ ვმორიგეობ, ასე რომ შეხება ჯერ არ მქონია დავირუსებულთან. პროტოკოლით გვევალება ყველა ცხელება და სუნთქვის უკმარისობა ვაცნობოთ სასწრაფოს ჯგუფს, დაუყოვნებლივ რომ მოახდინონ იზოლირება.

- ამბობენ, რომ პანიკისა და ნერვიულობის დროს ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება. ეთანხმებით, რომ ამის ნიადაგზე უფრო მარტივად შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ვირუსი?

- პირდაპირი კავშირი დადგინდა სტრესსა და იმუნიტეტს შორის. ვირუსისა და მისი გართულების მართვა ისედაც ძნელია. აქ იზრდება იმუნიტეტის როლი, ამიტომ ზედმეტი პანიკითა და სტრესში ყოფნით კიდევ უფრო დავიმძიმებთ მდგომარეობას!

საჭიროა მხოლოდ ყურადღება და სიფრთხილე, მარტივი ჰიგიენური პროცედურებით შეგვიძლია კორონავირუსის გავრცელების შეფერხება. გადაცემის გზებია: ჰაერ-წვეთოვანი, კონტაქტური (ორო-ფეკალური) და სქესობრივი. მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით პირველ რიგში ასაკოვან ხალხს დავიცავთ სასიკვდილო საფრთხისგან!

- დასასრულს როგორია თქვენი რჩევები და რეკომენდაციები, განსაკუთრებულად დედებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ?

- დედებისთვის მთავარი რეკომენდაციაა ზრუნვა ბავშვის ფიზიკურ-ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერება მხოლოდ ბუნებრივი გზით, არანაირი სტიმულატორი! სრულფასოვანი კვება, ეკრანთან გატარებული დროის დაყვანა მინიმუმამდე და მეტი დიალოგი ბავშვთან, ვუსმინოთ და ამომწურავად ვუპასუხოთ კითხვებზე, მოვიაზროთ პიროვნებად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ლიმიტის დაწესება. ეს თითქოს ვირუსთან არაა კავშირში, მაგრამ ბავშვის ჰარმონიული განვითარება და ძლიერი იმუნიტეტი კორონაზე რთულ ვირუსსაც გაუმკლავდება!

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა