რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას საკმარისზე მეტი მარაგები გააჩნია.

"მარაგები ამ დროისთვის ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს. ისევე, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან მიღებული, ასევე იმპორტირებული. გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი ყველა მიმართულებით. ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს, რეჟიმი არ არის განსაკუთრებულად დაძაბული. საოპერაციო და შესყიდვების მიმართულებით ჩვეულებრივ რეჟიმში, ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით ვმუშაობთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმაც. მისი თქმით, კომპანია მუშაობს დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში.

როგორც ბოქოლიშვილმა აღნიშნა, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს.

"ჩვენ მულტიფუნქციური კომპანია ვართ, გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, ასევე წარმოება, მაღაზიების ქსელი, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. სინამდვილეში, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობლემები გვაქვს. ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში", - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს