ავტორი:

ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

ახალი კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს, ყველა სოციალურ ფენას შეეხო. ვირუსს 141 ქვეყანა ებრძვის და ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით მსოფლიოში 182 726 ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობილია, რომ მაღალი რისკის ჯგუფში ის ადამიანები არიან, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. საფრთხის ქვეშ არიან მოხუცები და ონკოლოგიური პაციენტები. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა 60 წელს ზემოთ ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონენი. მათ გულს ისედაც უჭირს სრულფასოვანი მუშაობა, ხოლო ახალი კორონავირუსის დროს, სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ამიტომ, როგორც კარდიოლოგები ამბობენ, მათთვის განკუთვნილი პრეპარატები, განსაკუთრებით, სისხლის გამათხელებლები სიფრთხილით არის მისაღები, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, დაავადებულების რაოდენობა მილიარდამდეა. დიაბეტის საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ადამიანებს იმუნიტეტის ამაღლებისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, ახალი კორონავირუსის დროს როგორ მართონ დაავადება.

AMBEBI.GE ექიმ-ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა იმაზე, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონეებმა, მაგალითად, დიაბეტიანებმა, რომ ახალი კორონავირუსი თავიდან აიცილონ.

- სამწუხაროა, რომ ძირითადად აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების ხშირი შემთხვევები დაფიქსირდა პირებში, რომელთაც ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები აქვთ, ასევე სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ლეტალური შედეგით ძირითადად სწორედ ხანდაზმულები და სხვადასხვა დაავადების მქონე პირებია რეგისტრირებული.

დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში არიან მაგალითად, ისინი ვისაც აწუხებს მაღალი წნევა, გულის პრობლემები, რესპირაციული დაავადებები, ასთმა ან დიაბეტი. ეს ის დაავადებებია, რომლებიც არამართული მკურნალობის დროს იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს, რაც ორგანიზმში ხელს უწყობს სხვადასხვა ვირუსის და ბაქტერიის გავრცელებას.

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც კორონავირუსია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს თუ გლიკემია (შაქრის შემცველობა სისხლში) არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში იმუნური სისტემაც გამართულად მუშაობს და ორგანიზმის თავდაცვის უნარიც მაღალია. აქედან გამომდინარე, დიაბეტის კომპენსაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კორონავირუსისგან თავის დასაცავად, არამედ ნებისმიერი ვირუსისგან თავდაცვისთვის და ასევე დიაბეტის გართულებების პრევენციისთვის.

როგორც ცნობილია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ძირითადად შეჭიდებულია სიმსუქნესთან, რომელიც ასევე ერთ-ერთი ქრონიკულად მიმდინარე ენდოკრინული დაავადებაა და ამ დროს დიდი რაოდენობით არსებული ცხიმოვანი ქსოვილი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია იმუნიტეტის დაქვეითების.

ბოლო პერიოდში, კვლევებით დადასტურებულია, რომ ნაწლავური მიკროფლორა დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში, ხოლო ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების დროს და ხანდაზმულ ასაკში, აღნიშნული ბაქტერიები, რომლებიც ჩვენთვის დადებითი ბაქტერიებია და ცოცხლობენ ჩვენს ნაწლავებში, იღუპებიან, რაც უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და შესაბამისად იზრდება სხვადასხვა ვირუსით და ბაქტერიით ინფიცირების რისკი.

ქრონიკული დაავადება, როგორც შაქრიანი დიაბეტი, ასევე სიმსუქნე (განვიხილავ მხოლოდ ენდოკრინულ პათოლოგიებს და იგივე ვრცელდება სხვა სისტემებში მიმდინარე დაავადებებზე) უნდა იყოს მართული და კომპენსირებული, ხოლო ამ ყველაფრის საფუძველი, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ბაქტერიების (მიკროფლორის) ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ჯანსაღ კვებასთან ერთად ფიზიკურ აქტივობას და გამართულ ძილს მოიცავს. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ნერვული სტრესიც და ზოგადად ფსიქოემოციური სტატუსი, დიდ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჯანსაღი კვების პირობებში არ უნდა დაგვავიწყდეს წყალიც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის

მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა მიმართონ თავიანთ ექიმებს, რათა გაიარონ უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმები, ასევე მიიღონ დამხმარე პრეპარატები, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ იმუნური სისტემის აქტივაციაზე, აქვე მინდა, ვთქვა, რომ ენდოკრინოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა იმისათვის, რომ დაიცვას თავისი პაციენტები, აწვდის დამატებით მომსახურებას, შექმნა მობილური ლაბორატორია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს აკითხავს ბინაზე და ხდება დიაგნოსტიკის ჩატარება, ასევე პაციენტებისთვის შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციით სარგებლობა,.

ჩემი, როგორც ენდოკრინოლოგის რეკომენდაცია არის შემდეგი: ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს ჯანსაღ კვებას, რაც თავის მხრივ მოიაზრებს - ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, ცილოვან პროდუქტებს - თევზი, სოკო, ლობიო და ხორცი, რძის პროდუქტები; ნუტრიციოლოგების მოსაზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მწვანე ხახვს, ლობიოს, ციტრუსს, თხილეულს, თხილის კარაქს, ფიზიკურ აქტივობას და სწორ ძილს" - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი კი იმ ღონისძიებების შესახებ ესაუბრება AMBEBI.GE-ს, რასაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ:

"გარდა იმ პევენციული ღონისძიებებისა, რაც ყველა სხვა ადმიანისთვისაა მოწოდებული, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის გაფრთხილება ის არის, რომ მათი სიმძიმის შესაბამისი დანიშნულება უნდა შეასრულონ, მაგალითად:

ასთმის შემთხვევაში - აუცილებელია საკონტროლო ვიზიტი, სიმძიმის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და ასევე, შეტევის შემთხვევაში, სპაზმის მომხსნელი პრეპარატის მუდმივად თან ტარება, რადგან ასთმა როგორც სხვა ნებისმიერი ინფექციის დროს, ახალი კორონავირუსის დროსაც შეიძლება გამწვავდეს. სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, თუმცა რეკომენდებულია გეგმიური ვაქცინაციის შესრულება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

დაავადების მძიმე მიმდინარეობა მაღალ პროცენტში დაფიქსირდა მწეველებში, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია

ონკოლოგიური დაავადების მქონეებს - მეტი ყურადღება მართებთ, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ისინიც მოხვდნენ, რადგანაც ქიმიოთერაპიით დასუსტებულ იმუნიტეტს ვირუსთან გამკლავება უჭირს. ამდენად, მათი ექიმთან ვიზიტი ამ დროს კი არ უნდა შეწყვიტონ, პირიქით, ონკოლოგიურ დაავადებას დროული მიხედვა და მკურნალობა უნდა.

ვინაიდან მოხუცებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, მათთვის მთავარი რეკომენდაციაა - 70 წელს გადაცილებულები მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იყვნენ იზოლაციაში, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის" - გვეუბნება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი.

"კომენდანტის საათი" ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვაა, ვაპირებთ, რომ ეს რეგულაცია დემონსტრაციულად დავარღვიოთ" - ჯაფარიძე

განათლების სამინისტრო დახურული ჯგუფიდან გავრცელებული მიმოწერის შემდეგ 24-ე სკოლის დირექციას მიმართავს

რა უნდა მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს?