ავტორი:

"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია

"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია

მკითხველს კარგად ახსოვს იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტის ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც ის კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე წერდა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალია თამუნა გიგუაშვილისთვის მეორე სამშობლოა, პიანისტმა საქართველოში არჩია დაბრუნება და ახლა ორკვირიანი კარანტინიდან AMBEBI.GE-ს თავისი ემოციების შესახებ უყვება:

- 10 წელია რაც იტალიაში ვცხოვრობ. თბილისის კონერვატორიის დამთავრების შემდეგ წავედი და ასპირანტურაში იქ ვისწავლე. დასრულების შემდეგ კონტრაქტი დამიდეს და ამჟამად ვარ ჯოაკინო როსინის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი და კონცერტმაისტერი. პარალელურად ვმუშაობ „როსინი ოპერა ფესტივალზე“.

იტალიაზე და იტალიელ ხალხზე უზომოდ ვარ შეყვარებული, მიმიღეს და შემიყვარეს ისე, თითქოს მათი ოჯახის წევრი ვიყავი... ამიტომ საოცრად განვიცდი იმას, რაც იქ ხდება

რთული პერიოდი გვაქვს ყველას, მაგრამ იტალიას განსაკუთრებით უჭირს დღეს, წარმოუდგენელი იყო ცარიელი ქვეყნის ყურება... ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა... ბევრმა ჩემმა ნაცნობმა თუ მეგობარმა დაკარგა ახლობელი ადამიანები.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყოველდღიური კონტაქტი მაქვს იქაურ მეგობრებთან. ყველა ცდილობს სახლში ყოფნას და გარეთ ფაქტიურად აღარავინ გადის. ჩემს რამდენიმე თანამშრომელს უკვე დიდი ხანია მაღალი სიცხე აქვს და იმის გამო, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია, ოჯახის ექიმები სახლში დარჩენას ურჩევენ. იმის მიუხედავად, რომ თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსი აქვთ.

ყველაზე ცუდი შეგრძნება რაც მე პირადად მქონდა, იყო დილით გაღვიძება და ჩვეული ხმაურის გაგების მაგივრად სრული სიჩუმე ქუჩაში. მაქსიმუმს რასაც გაიგებდი, სასწრაფოს მანქანების ხმა იყო (ჰოსპიტალთან ახლოს ვცხოვრობ). მიუხედავად ამხელა სტრესისა, ყველა ერთმანეთს ეხმარება და ამხნევებს, მოიგონეს უამრავი გასართობი, რისი გაკეთებაც ონლაინ შეიძლება.

- ერთ დღეში შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- დიახ, მანამდე იყო ცხოვრების სწრაფი ტემპი, ქალაქიდან-ქალაქში მოგზაურობა, ბევრი სიცილი, საქმესთან ერთად ბევრი გართობა, უზომოდ კეთილები და ყურადღებიანები არიან. წარმოიდგინეთ, ამ საგიჟეთის დროსაც, როდესაც რჩევა ვკითხე ჩვენი ქალაქის მერს, ყველანაირად დამეხმარა და დამარიგა როგორ შევძლებდი ჯერ ჩაკეტილი ქალაქიდან და მერე ქვეყნიდან გასვლას.

- მაინც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეთ?

- ბოლო რეისით წამოვედი, რადგან მაინც ჩემ ოჯახთან ერთად ყოფნა ვარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი აუცილებელი კარანტინის გავლა მომიწევდა. ჩაკეტილი ქვეყნიდან გასვლაში დამეხმარნენ იტალიელები და აქვე არ შემიძლია არ ვთქვა თბილისის აეროპორტის თანამშრომლების კეთილგანწყობა და საოცრად კოორდინირებული მუშაობა...

კიევის ავიახაზებით დავბრუნდი, შეგვავსებინეს სპეციალური ფორმები, სადაც ვწერდით ყველანაირ მონაცემს. ბორტზე ამოვიდნენ ეკიპირებული ექიმები და შეამოწმეს ყველა მგზავრი. ბოლო ორ კვირაში რამდენიმე აეროპორტში მომიწია ყოფნამ და სიმართლისთვის უნდა ვთქვა, თბილისის კონტროლი ყველაზე უფრო საფუძვლიანი იყო.

- ახლა სად იმყოფებით კარანტინში?

- თბილისის ერთ-ერთ ძალიან კარგ სასტუმროში, სადაც დიდი ყურადღებით გვივლიან და გვაკვირდებიან. სიამაყით აღვნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ ასეთ ზომებს ნამდვილად არც ერთი ევროპული ქვეყანა არ ან ვერ ატარებს. მგონია ეს პერიოდი ყველას ცხოვრებას და მომავალს შეეხება და შეცვლის.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება მომავალში?

- მომავლის გეგმები ბუნდოვანია, გადაიდო ან გაუქმდა უამრავი პროექტი, რაშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა და იმედი მაქვს ყველანი ერთად, მალე გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს.

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც თქვენნაირად მოუწიათ დაბრუნება და ახლა იზოლაციაში ან კარანტინში არიან?

- დარჩნენ სახლებში, დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, ბოროტებაა დანაშაული კი არა თვითიზოლაციიდან გაქცევა! არ დამალონ სიმპტომები, არავითარ შემთხვევაში თუკი ეჭვი აქვთ, რომ ვირუსი აქვთ თვითონ არ მივიდნენ საავადმყოფოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იტალიაში ექიმების დიდი რაოდენობა ამითაც დაინფიცირდა. დაემორჩილონ იმას, რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს. ზუსტად წესების არდაცვამ და სიტუაციის არასერიოზულად აღქმამ გამოიწვია ამდენი ადამიანის დაინფიცირება იტალიაში...

დღეის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 36 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 3 ათას ადამიანს აღწევს.

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ რეკომენდაციებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა