ავტორი:

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ცნობილი პედაგოგი თვითიზოლაციის პერიოდის საინტერესოდ გატარების თაობაზე საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.

იგი ასევე, რეკომენდაციებს სთავაზობს მშობლებს, თუ როგორ გაატარონ თითიზოლაციაში დრო სასარგებლოდ საკუთარ შვილებთან.

"კორონამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი, არამხოლოდ ჩვენს სახლებში, ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ პლანეტაზე. ხალხი გამოგვკეტა სახლებში, ჩაიკეტა საზღვრები ერთმანეთთან ვეღარ მივფრინავთ და შეზღუდულები აღმოვჩნდით ჩვენს ოჯახებშიც. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც სახლში ვარ ჩაკეტილი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს შინაპატიმრობა მომისაჯეს. მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ რაში გამოვიყენო ეს დრო. დრო გვეძლევა, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, შევიცვალოთ ცხოვრების წესი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვსარგებლობთ ამით.

ჭირი მოგვადგა თითქოსდა კარზე, მაგრამ გავიხსენოთ რუსთაველის სიტყვები: "ნეტავ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია, ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია". აი, ამ აზრზე ვარ მეც ახლა. იცით, რაზე ვფიქრობ? რომ მყავდეს ჩემი მეუღლე ცოცხალი, რაზე ვესაუბრებოდი მას, რას ვეტყოდი. აი რას ვიზამდი, დღეში ცხრაჯერ მაინც ავუხსნიდი ხელახლა სიყვარულს, მოვეფერებოდი, რაც არ მოვეფერე აქამდე.

გავხდებოდი გულახდილი ჩემი ოჯახის წევრებსადმი და მათაც გავხდიდი გულახდილს ჩემს მიმართ. კორონავირუსი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება, წავა ის. დიდხანს კი არ დარჩება, ერთ-ორი თვე და მოგვცილდება, წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ჩვენ როგორები ჩავბარდებით მომავალს? ეს გამოცდა გვიდგება და მეც გამოცდის წინაშე ვარ ჩემი შვილების, შვილიშვილების, წარსულისა და აწმყოს წინაშე. ვფიქრობ ჩემთვის, როგორ შევცვალო უკეთესობისკენ ჩემი ცხოვრების ყადრი და ნირი, როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება? რა უნდა დამრჩეს სამაგიეროდ.

რას გამოვრჩებით წუწუნს, რას გამოვრჩებით ვიშვიშს. იქნებ ვიფიქროთ სხვა რამეზე. როგორი წესი დავამკვიდროთ ჩვენს ოჯახებში ისე, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, სხვანაირები, ახალი ადამიანები გავხდეთ. ხომ არ დადგა დრო, რომ აუჩქარებლად გული გავუხსნათ ჩვენს ოჯახის წევრებს. ადრე სამუშაოზე გავრბოდით და დრო არაფრისთვის გვრჩებოდა. ახლა კი შეგვიძლია სახლში კიდეც ვიმუშაოთ და კიდე ვიურთიერთოთ ერთმანეთთან. მე ჩემს შვილიშვილებს უფრო მეტად დავუახლოვდი, ჩემს ქალიშვილს უფრო ხშირად ვესაუბრები და მეტს ვიგებთ ერთმანეთისგან.

ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა მოთმინებაში, სიხარულში, სიმშვიდეში, იმედსა და რწმენაში. დათმობაც უნდა შეგვეძლოს. ეს დრო ამაში უნდა გამოვიყენოთ.

არის ბიბლიაში ასეთი გამოთქმა, დრო ქვების შეკრებისა და დრო გაფანტვისა. მგონი შეკრების დრო დაგვიდგა, უნდა შევაგროვოთ ეს ქვები, განძი, რომლემაც ჩვენს სულში უნდა ამოზარდოს მოთმინებაცა და დათმობაც, კეთილშობილებაც! დიდსულოვნების გამოცდის წინაშე ვართ ფაქტობრივად" – ამბობს ფსიქოლოგი.

პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს დისტანციური სწავლების თავისებურებებზეც და მშობლებს ამ კუთხითაც სთავაზობს რჩევებს:

"მეკიხებით როგორ მოვექცეთ ბავშვებს, როგორ დავაკავოთ ისინი. ჩემო ძვირფასებო, ბავშვებს დაკავება არ უნდათ, ჩვენ უნდა დავკავდეთ ბავშვებით. ხომ არ შეიძლება რომ ბავშვებს სამი საქმე მივცეთ. წადით ახლა გააკეთეთ ესენი და დაკავდით, ასეთი რამ აღზრდასთან არ მიგვაკარებს. ჯობია ჩენ დავკავდეთ ბავშვებით, მეტი წავუკითხოთ, მეტი ვესაუბროთ. მათ უყვართ, როცა ჩვენს ცხოვრებაზე ვეაუბრებით.

ვეფილოსოფოსოთ მათ ავუხსნათ ცხოვრების ანი და ბანი. ამას სკოლაში არ ასწავლიან და განა არ არის დრო, რომ ავუხსნათ მათ რაშია ცხოვრების აზრი. მასვი, მაჭამე და მალხინე ხომ არ არის ჩვენი ცხოვრების აზრი. აზრი იმაშია, რომ უკეთესები გავხდეთ, სული გავიფაქიზოთ. ვნახოთ ერთად ფილმები, წავიკითხოთ წიგნები, ვითამაშოთ, ვიცელქოთ ბავშვებთან ერთად. იყოს სახლში ბავშვების აურზაური და ჩვენც ჩავერთოთ ამაში. იცით რა მოხდება? მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბება ჩვენს შორის. არ ვუჩიჩინოთ - დაჯექით ისწავლეთო, მათ ეს ჩიჩინი ეყოფათ.

ახლა ბავშვები შინ სხედან და კომპიუტერით ესაუბრებიან მასწავლებლებს. ჩვენც მივუსხდეთ გვერდით ჩვენს შვილებს და ვუყუროთ როგორ უხსნიან, რას ასწავლიან ბავშვებს და ამით მასწავლებლებსაც უკეთ გავიცნობთ. ის თითქოსდა ჩვენს სახლში შემოდის და გვაყურებინებს როგორ ასწავლის ბავშვებს. იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, შემუშავდება კორონავირუსის წინაარმდეგ და წამალიც.

სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ ეს წამალი კიდეც არსებობდა მანამდე, ვიდრე კორონავირუსი გაჩნდებოდა. ახლა თითქოს უნდათ თავიდან აღმოაჩინონ ეს წამლიც, რომ მერე ვირღაცამ დიდი მოგება მიიღოს.

ყველაზე დიდი იმუნიტეტი და წამალი იცით რა არის? ჩვენი სულის სიმდიდრე, რა გამოცდას გადის ახლა მთელი პლანეტა? სულის სიღატაკის გამოცდას გადის, ჩვენ გვაკლია ეს სულიერება რწმენა და იმედი, ფაქიზი სიყვარული, დათმობა.

გვიყვარდეს ერთმანეთის გახარება - აი, ესაა ჩვენი იმუნიტეტი. რომ ჩავიხედოთ საკუთარ თავში დაინახავთ, თურმე რა ცოტა მოთმინება, დათმობის უნარი, თანაგრძნობა, სიმშვიდე გვაქვს. გვექნება ამის პირობები, რომ ამ ნაკლზე ვიფიქროთ. მეც ვხდედავ ნაკლს. მიჭირს ხოლმე ადამიანებთან გულის გახსნა დაახლოება, ხან კი ვბედავ და გამომიდის. ახლა ვფიქრობ ყველაფერ ამაზე და ეს ჩემი შინაპატიმრობა ამ გამოცდად მიღირს. ვუყურებ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგ ზომებს იღებს, საზღვრები სწორად ჩაკეტა, მოგვიწოდეს სახლში დარჩენისკენ.

უნდა დავუჯეროთ ჩვენს მთავრობას ამ კეთილ საქმეებში. მე ისიც მახარებს, რომ საქართველოს დიდი ურთიერთობა აქვს სხვა ქვეყნებთანაც საიდანაც დახმარებას და რჩევა-დარიგებას იღებს. ხანდახან შეგვიძლია გავიპაროთ სახლებიდან და მთებისკენ, ბუნებისკენ გავეშუროთ. ბუნება არც კორონავირუსს გადაგვდებს და არც რაიმე სხვა სენს. ამიტომ გავიპაროთ მთებში და გაჯანსაღებულები დავბრუნდეთ ისევ ჩვენს სახლებში. გამოჭედეთ თქვენი ბედნიერება ეს თქვენს ხელთაა, თქვენს ხასიათებში, ურთიერთობებშია ჩადებული. გამოჭედეთ ეს ბედნიერება და გისურვებთ წარმატებას!“ - ამბობს ამონაშვილი.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი