ავტორი:

"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს

"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი თეა ჯოხაძე, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ის და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი თავს კარგად გრძნობენ და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდიან.

"მეგობრებო, ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსის დიაგნოზით ვიმყოფებით საავადმყოფოში. ეს რამდენიმე დღეა, გასაგები მიზეზების გამო არ მქონდა საშუალება ჩართული ვყოფილიყავი სოციალურ ქსელებში. მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს, რადგან ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

11 მარტს რესტორან "ვინოტელში" ჩვენი მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გაიმართა სადილი. სტუმრებს შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. ჯამში, სადილს ესწრებოდა 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქართველი (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით) 3 რუსი და ერთი შვეიცარიელი. კვირას, 15 მარტს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მაცნობეს, რომ ჩვენ ქართველ მეგობარს, რომელიც ესწრებოდა ამ სადილს, ლუგარის ლაბორატორიის ტესტირების თანახმად დაუდგინდა კორონავირუსი - SARS-COV2.

მე ვიყავი მისი "მჭიდრო კონტაქტი", რადგან ახლო დისტანციაზე ვისაუბრეთ ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა არ გადამიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია. მე მაშინვე, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. ბენოზე (ჩემს მეუღლეზე) თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. მე, იმავე დღეს განმივითარდა სიმპტომები, კერძოდ დაბალი სიცხე და მსუბუქი ხველება, რის გამოც გამოვიძახე გენეტიკის ლაბორატორიის კერძო ტესტი, რომელიც ორშაბათს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიდა და სამშაბათს უკვე შევიტყვე, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავდაპირველად, ბენოს პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სამშაბათს გაკეთდა უკვე დადებითი პასუხი დააფიქსირა.

რაც შეეხება სტუმრებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მინდა ავღნიშნო, რომ მათ არ შემოუტანიათ მიმდინარე ვირუსი. კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, რომელიც ასევე არ ყოფილა უცხოეთში. ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე. ჩემი და ბენოს შემდგომ კონტაქტებს შორის, მადლობა ღმერთს ჯერ არავის დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი.

ვინოტელშიც და საქართველოს თანაინვესტირების ფონდშიც დაუყოვნებლივ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ორივე დაწესებულება დაკეტილია.

მე და ბენო თავს კარგად ვგრძნობთ და ძალიან მადლობელი ვართ იმ თანადგომისთვის რომელსაც ბევრი თქვენგანისგან ვგრძნობთ" - წერს ჯოხაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259 პირი. ინფორმაციისთვის, 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი