ავტორი:

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რა ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ და ვის ეხება ის. მისი განცხადებით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

როგორც გახარია ამბობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

"ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით.

სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგმარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი", - აღნიშნა გახარიამ.

ასევე გიორგი გახარიამ განმარტა, რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება.

"საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად”, - განაცხადა გახარიამ.

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც"

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა

რაც შეეხება მარკეტებს, მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რაც მათ დაავალებს, რომ მარკეტში არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი... უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ევროპაში. რაც შეეხება ტრანსპორტს, ტრანსპორტი სხვა განზომილებაა და აქ იქნება სპეციალური პირობები, რომ ადამიანების ტრანსპორტირება მოახდინონ" - აღნიშნა მან.

ასევე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას.

"საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება", - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი