ავტორი:

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

COVID-19-ის პანდემიას მსოფლიოში სხვადასხვანაირი გავრცელების მასშტაბი აქვს. ქართველი ემიგრანტები კი თითქმის ყველა იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ირლანდიაშიც, სადაც ასობით ქართველი ცხოვრობს - ქვეყანაში 1600-მდე დაავადებულია აღრიცხული, ცხრა გარდაცვლილია, ხოლო 4000 ადამიანი ტესტის პასუხებს ელოდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა იმ ქართველების მდგომარეობით, რომლებიც ირლანდიაში ცხოვრობენ. ჩვენი რესპონდენტი თამარ სამქანა 24 წელია ირლანდიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ქვეყანა პანდემიით გამოწვეულ სოციალურ გამოწვევებს კარგად უკლავდება, თუმცა მოიკოჭლებს ჯანდაცვის კუთხით.

"შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლა არც ისეთი ეფექტური აღმოჩნდა. რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: სასწავლო დაწესებულებები დაკეტეს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების აღმოჩენიდან 3 კვირის შემდეგ; საჰაერო მიმოსვლა დღესაც არ შეუწყვეტიათ დუბლინის აეროპორტში, მხოლოდ შეზღუდეს 24 მარტიდან;

რაც შეეხება ტესტირების გავლას, მიმართვაა საჭირო ოჯახის ექიმის და გაიცემა, როდესაც პაციენტს აქვს მაღალი სიცხე, ხველება ან უჭირს სუნთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფერხებებია; ტესტირების გავლის შემდგომ კი, პასუხის მიღების ვადა გაიზარდა 2 დან 5 დღემდე, რადგან ტესტები ადგილზე არ აქვთ და ანალიზისთვის იგზავნება ინგლისში" - გვეუბნება რესპონდენტი.

ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ ბოლო 70 წლის განმავლობაში ირლანდიაში მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაცია არ ყოფილა. როგორც თამარ სამქანა გვიყვება, ტესტირებასთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ქართველ პაციენტს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები დაუკარგეს.

"მე პირადად მქონდა ვირუსული სიმპტომები, გამსინჯეს და დამინიშნეს ანტიბიოტიკები. არ ჩათვალეს საჭიროდ ტესტირების დანიშვნა. იყო შემთხვევა რომ ტესტირების ცენტრმა ერთ-ერთი ქართველის ტესტის პასუხები დაკარგა და მან დიაგნოზი საერთოდ ვერ მიიღო. ასევე ძალიან გასაკვირია რატომ არის ტესტირების ცენტრი განთავსებული სამხედრო ბაზის კარავში, მაშინ როდესაც ამდენი შენობა დაცარიელდა.

თუმცა, იმედისმომცემი ცნობებიც ვრცელდება. მედიაში იწერება, რომ ირლანდია ამ დღეებში გამოუშვებს ტესტს რითაც შეიძლება 15 წუთში დადგინდეს კორონავირუსი, ორსულობის ტესტის მსგავსია, პაციენტის ერთი წვეთი სისხლი დასჭირდება და არა შარდი. მანამდე კი ტესტირების ცენტრების იმედზე ვართ.

ირლანდიაში არის სათაო ოფისები მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური გიგანტების და აქედან ხდება ახალი მედიკამენტების შექმნა და ესეც დღის წესრიგშია, რომ შექმნან და დაინერგოს ასეთი ტესტირების მექანიზმები.

ვინც უმუშევარი დარჩა პანდემიის გამო ყველას ენიშნება სოციალური დახმარება. სოციალური საკითხების მოგვარება ბრწყინვალედაა, რასაც ვერ ვიტყვით კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლაზე" - ამბობს სამქანა.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას, AMBEBI.GE-ს რესპონდენტის თქმით, ფრენები მნიშვნელოვნად შეიზღუდა:

დაცარიელებული დუბლინი

"საემიგრაციო სამსახური გადავიდა ონლაინ რეჟიმში მწვანე ბარათების ვადის გაგრძელების პროცესისთვის და ვიზების მოთხოვნების განხილვა შეწყვეტილია, ტურისტული ვიზები იგულისხმება. სამგზავრო რეისები მინიმუმამდეა დაყვანილი, არ გამორიცხავენ უახლოეს დღეებში ყველა სამგზავრო რეისის გაუქმებას.

რაც შეეხება სატვირთო რეისებს ვერ გაუქმდება, ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გამოიწვევს ქვეყნის პარალიზებას, სახმელეთო კავშირი არ გააჩნია ქვეყანას და საჰაეროს სრულიად შეწყვეტა გამოიწვევს კრიზისს და პარალიზებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთები შემოვა საჰაერო გზით.

ასევე, როგორც იცით, აქ მსოფლიო წამყვანი გიგანტი კორპორაციების, ევროპული სათაო ოფისებია ბაზირებული: Google, Facebook, DELL, Yahoo! და უამრავი სხვა. აქედან გამომდინარე რეისების რაოდენობა და ფინანსური დატვირთვა იმდენად დიდია, რომ გაცილებით უფრო ძნელია მკაცრად აღკვეთა საჰაერო მიმოსვლის, ვიდრე, ვთქვათ საქართველოში" - გვიყვება დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში