ავტორი:

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

კორონავირუსის ახალი ტიპი COVID-19 ადამიანების ერთგვარ დისკრიმინაციას ახდენს ასაკის, თანმდევი დაავადებების და სქესის მიხედვით. გამოცემა theguardian.com წერს, რომ კორონავირუსით უფრო მეტი მამაკაცი ინფიცირდება და ასევე ქალებთან შედარებით, გარდაცვალების შემთხვევები კაცებში უფრო ხშირია.

ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ჩინეთში გამოიკვეთა. კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთში კორონავირუსით ქალებთან შედარებით უფრო მეტი კაცი დაიღუპა (ნახეთ სტატისტიკა). შემდეგ კი, მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა საფრანგეთში, გერმანიაში, ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში.

როგორც "გარდიანი“ წერს, იტალიაში გარდაცვლილთა 71% მამაკაცია, ესპანეთში კი, გარდაცვლილი კაცების რაოდენობა ვირუსით გარდაცვლილი ქალების რაოდენობას ორჯერ აღემატება.

რატომ არიან კაცები კორონავირუსთან უფრო დაუცველები?

ბრიტანეთის გენდერული და გლობალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. სარა ჰოუკსი ამბობს, რომ ამ კითხვაზე უტყუარი პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს, თუმცა არსებობს თეორიები, რომლებიც სიმართლესთან ახლოსაა.

თავდაპირველად, ჩინეთში ყოველივეს თამბაქოს მოწევას უკავშირებდნენ. ჩინეთში მამაკაცების 50% თამბაქოს მწეველია, ხოლო ქალების მხოლოდ 2% მოიხმარს მას. შესაბამისად, ქალებისა და კაცების ფილტვების მდგომარეობას შორის დიდი სხვაობაა, კორონავირუსი კი, დაზიანებულ ფილტვებს უფრო მარტივად ერევა. შესაბამისად, ეს მოსაზრება, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს იყოს.

მოწევასთან დაკავშირებულ ჰიპოთეზას კიდევ უფრო ამყარებს გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმადაც, მწეველები უფრო დაუცველები არიან კორონავირუსის მიმართ. გარდა ამისა, მოწევა შეიძლება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდაც მივიჩნიოთ.

მწეველები ტუჩებით ეხებიან სიგარეტს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ერთსა და იმავე სიგარეტს გადააწვდიან ხოლმე ერთმანეთს, ასევე, შეიძლება უკვე მოხმარებული თამბაქოს ნარჩენი ხელზე, ან ისეთ ადგილას აღმოჩნდეს, რომ შემდეგ ვირუსის გავრცელება გამოიწვიოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის თვალსაზრისით სქესში სხვადასხვაობა, შესაძლოა, ქალისა და მამაკაცის ქცევით განსხვავებულობას უკავშირდებოდეს.

მაგალითად, ზოგიერთი კვლევის თანახმად, კაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად ხშირად იბანენ ხელებს, ნაკლებად ხშირად იყენებენ საპონს, ნაკლებად მიმართავენ პროფესიონალს სამედიცინო დახმარებისთვის და ხშირად უგულებელყოფენ ჯანდაცვის ორგანიზაციების რჩევებს.

ამ ყველაფერთან ერთად, სულ უფრო მეტი ექსპერტი ემხრობა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოქმედებს ფუნდამენტური ბიოლოგიური ფაქტორები და ყოველივეს მხოლოდ თამბაქოს ვერ დავაბრალებთ.

მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ჩინეთისგან განსხვავებით, იტალიაში მწეველი ქალებისა და მამაკაცების რაოდენობას შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა. იქ კაცების 28%, ხოლო ქალების 19% ეწევა, ამიტომაც მეცნიერები მხოლოდ მოწევას ვერ უკავშირებენ კორონავირუსისადმი კაცების ნაკლებ გამძლეობას.

"სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კულტურაა და მხოლოდ მოწევის ბრალი არ არის ასეთი სხვაობა, მე არ ვფიქრობ, რომ მოწევა, თამბაქოს მოხმარება, ამ თვალსაზრისით მთავარი ფაქტორია“, - ამბობს "გარდიანთან“ საუბრისას ჯონ ჰოპკინსის სკოლის პროფესორი, საბრა კლეინი.

მან ჩაატარა კვლევა, რომელმაც გამოვლინა, რომ კაცებს აქვთ თანდაყოლილი უფრო ნაკლები ანტივირუსული მახასიათებლები, ზოგადად, ნაკლებად იმუნურები არიან ინფექციების მიმართ, მაგალითად C ჰეპატიტის, HIV ინფექციის მიმართ.

თაგვებზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით საბრა კლეინი ამბობს, რომ შესაძლოა, მამაკაცები ნაკლებად იმუნურები იყვნენ კოვიდ 19-ის მიმართაც.

"შესაძლოა, ასე იმიტომ ხდება, რომ კაცის ორგანიზმი კორონავირუსის მიმართ ქალისაზე თანდაყოლილად ნაკლებიმუნურია“, - განმარტავს კლეინი.

ასევე, მეცნიერები ამბობენ, რომ გენები, რომლებიც იმუნურ სისტემას არეგულირებენ, დაშიფრულია X ქრომოსომაზე (ანუ ქრომოსომაზე, რომელიც კაცს აქვს ერთი, ხოლო ქალს - ორი) და შესაძლოა ყოველივე აღნიშნული ფაქტორითაც იყოს განპირობებული.

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - მას ექიმებმა "ჰაილენდერი" უწოდეს

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა