ავტორი:

"თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს

"თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს

მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარმა, ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, მოჰამედ საჯადმა რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის გეოგრაფიული არეალები, სადაც COVID 19-ის ყველაზე დიდი აფეთქება შეინიშნება, დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურითა (5-11 გრადუსი) და ტენიანობით (47-84%) ხასიათდება.

საჯადი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვირუსი სეზონურობით ხასიათდებოდეს და აღნიშნულ არეალებში დათბობასთან ერთად შესუსტდეს. AMBEBI.GE მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- თქვენი კვლევის თანახმად, კორონავირუსი განსაკუთრებით ვრცელდება გარკვეული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. რა პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ მიგნებას მეცნიერებისთვის კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე?

- გვჯერა, რომ კორონავირუსებს სეზონურობა ახასიათებს. ვიცით, რომ სხვა რესპირატორული ვირუსები სეზონურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ზომიერი კლიმატის მქონე არეალებში აქტიურდებიან და მათ წლის სხვა დროს, გაზაფხულზე ან ზაფხულზე ტოვებენ.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შევამჩნიეთ, რომ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, მისი გადაცემა შედარებით გრილ პირობებში ხდება, 5-11 გრადუსისა და დაბალი ტენიანობის პირობებში. ეს ჯერ კიდევ შესამოწმებელია, თუმცა თუ მართლები ვართ, შეიძლება, ეს დაშვება სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს მნიშვნელოვანი. მაგალითად, ის მიგითითებს, თუ სად უნდა მოახდინო შენი რესურსების მობილიზება და პოტენციურად, როდის უნდა ელოდო ვირუსს.

- თქვენს კვლევაში აღნიშნულია, რომ არის შანსი, COVID-19-ს სეზონურობა ახასიათებდეს. თუმცა, თუ ვირუსის წარმოშობა ღამურას ან პანგოლინს უკავშირდება, ამ შემთხვევაში, მისი დამარცხების შემდეგ ის კვლავ რა გზით შემობრუნდება?

- ავხსნი, რას ვგულისხმობთ, როცა "სეზონურობას" ვახსენებთ. ტიპიურად, სეზონური ვირუსები შემოდგომაზე ან ზამთარში, ზომიერი კლიმატის არეალებში გვხვდება. მსოფლიოს გარკვეულ არეალებში ისინი პიკს აღწევს, შემოდგომაზე ან ზამთარში ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება და შემდეგ, გაზაფხულსა და ზაფხულში იკლებს. თუმცა, მაშინ, როდესაც ეს ხდება, მსოფლიოს სხვა ნაწილებში შეიძლება ზამთარი იყოს და იქ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდეს.

ტროპიკებისა და სუბტროპიკების ტერიტორიაზე შეიძლება რესპირატორული ვირუსები წლის განმავლობაში იყოს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ნაკლებია. ასე რომ, როდესაც ადამიანები სეზონურობაზე ლაპარაკობენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ იქცევა ვირუსი კონკრეტულ ადგილებში.

VIDEO: ექსკლუზიური ინტერვიუ მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევართან, რომელმაც ახალი კორონავირუსის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

მაშინ, როცა ვირუსი ყოველწლიურად ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ცირკულირებს, შეგიძლია, მის ქცევაზე ვარაუდები გააკეთო, მაგრამ დასაწყისში, როდესაც იმუნიტეტი არავის აქვს, შესაძლოა, ვირუსის ქცევა არაპროგნოზირებადი იყოს, მისი აფეთქებები იმის გარეთ მოხდეს, რასაც სეზონურად ვთვლით. ეს 10 წლის წინ, H1N1-ის შეთხვევაში ვიხილეთ.

თუმცა, თუ სეზონურობასთან დაკავშირებით ჩვენი ვარაუდი მართალი აღმოჩნდება, შემთხვევათა კლება უნდა ვიხილოთ იმ არეალებში, სადაც ამჟამად ყველაზე დიდი აფეთქებაა. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში, თუმცა იმასაც ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, COVID 19-მა დაბრუნება შეძლოს.

- ვიცით, რომ ამ ეტაპზე იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. რა შეიძლება იყოს იტალიისთვის გამოსავალი, რომ იქ გავრცელება შემცირდეს და როგორ უნდა აირიდონ ქვეყნებმა თავიდან მსგავსი ვითარება?

- სამწუხაროდ, იტალიას ამჟამად ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ეს ბევრი ფაქტორისა და რესურსების კომბინაციაზეა დამოკიდებული. ტესტირებისთვის - უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, უნდა იცოდე, ვინ ინფიცირდება, რა რიცხვები გაქვს. ადეკვატური ტესტირების საკითხი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას. ასევე, უნდა გქონდეს ადეკვატური ინფრასტრუქტურა და რესურსები, ვგულისხმობ საავადმყოფოებს, საჭიროა სერიოზული მომზადება იმისთვის, რომ ჩვეულებრივი საავადმყოფოები "COVID ჰოსპიტლებად" გადაკეთდეს...

ასე რომ, ეს შეიძლება დიდი პრობლემა იყოს და ვფიქრობ, საუკეთესო რამ, რაც საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს, ჯანდაცვის ექსპერტების მოსმენა და პროფესიონალების რჩევების გათვალისწინებაა.

- შეიძლება თუ არა, კორონავირუსის მკურნალობაში ეფექტური იყოს გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის გადასხმა ინფიცირებულისთვის?

- კარგი თემა წამოწიეთ. როდესაც სისხლზეა საუბარი, დროის უმეტესი ნაწილი იმ ანტისხეულებზე ფიქრს ეთმობა, რომელიც პაციენტებში ჩნდება, როდესაც ისინი ჯანმრთელდებიან და დიახ, არსებობს პოტენციალი, რომ ამან იმუშავოს - რომ სისხლი, პაციენტის შრატი ან დაწმენდილი ანტისხეული სხვა პაციენტს მივცეთ. ეს შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია, გამოაცალკევო ანტისხეული, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ის აწარმოო.

სწორედ ესაა ერთ-ერთი, რაზეც ჩვენი კვლევის ცენტრში, ჩემს ლაბორატორიაში ვმუშაობთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგ ინფექციასთან მიმართებაში შეიძლება, ანტისხეულებმა უარესი შედეგი მოიტანოს. ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ, ამ ინფექციასთან დაკავშირებით რა მოხდება, კონკრეტული ანტისხეულები სასარგებლო იქნება თუ - უსარგებლო, ან მეტიც, ზიანის მომტანი. ჩვენი ჩათვლით, მას ბევრი ჯგუფი სწავლობს.

- რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა საქართველოსთვის, სადაც ჯერჯერობით 80 შემთხვევაა დაფიქსირებული და სწორედ ამ დღეებში დაიწყო ახალი ეტაპი - შიდა გადაცემა?

- დიახ, გადავამოწმე მონაცემები და ვნახე, თქვენთან რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული, საბედნიეროდ, ამჟამად ეს რიცხვი მსოფლიოს სხვა ადგილებთან შედარებით ნაკლებია, რაც კარგია. ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება, ბევრი ტესტი იყოს ხელმისაწვდომი. უნდა იცოდეთ პასუხი კითხვაზე, საბოლოოდ სადამდე ახვალთ - ამის ცოდნა უმნიშვნელოვანესია.

მეორე საკითხი, რაც მოსახლეობას შეეხება, ისაა, რომ მათ რეალურად უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის თანამდებობის პირთა რჩევები, რადგან მაშინაც კი, თუ სეზონურობაზე ჩვენი ვარაუდი დადასტურდება და ვთქვათ, შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, საკითხავია, რამდენად შემცირდება ისინი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩარევისა და იმ ქმედებების გარდა, რასაც ვირუსის გავრცელების გასაჩერებლად ვახორციელებთ, ამან შეიძლება, მნიშვნელოვანი სხვაობა მოიტანოს იმ კუთხით, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდება.

კენო!  - #დარჩისახლში და მოიგე 250 000 ლარი!

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე