ავტორი:

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

ახალი კორონავირუსი, COVID-19 ბუნებრივი წარმოშობისაა - ამას უახლესი კვლევა ადასტურებს, რომელშიც მეცნიერებმა ვირუსის გენომის (ორგანიზმის უჯრედში არსებული მემკვიდრული მასალა) ანალიზი წარმოადგინეს. მათი მტკიცებით, COVID-19 ბუნებრივი ევოლუციის შედეგია.

აღნიშნული კვლევა მოწმობს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში, დეკემბრის ბოლოს გაჩენილი ვირუსი, რომელიც მსოფლიოს სწრაფად მოედო და რომლითაც, დღევანდელი მონაცემებით, 350 000-ამდე ადამიანია ინფიცირებული, ლაბორატორიაში შექმნილი არ არის, ისე როგორც ეს ბევრს ჰგონია მსოფლიოსა და საქართველოში...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო ამჟამად პანდემიის გარდა, ინფორმაციის სიჭარბესაც ებრძვის. ერთ-ერთი მთავარი მითი, რაც გავრცელდა, ისაა, რომ ახალი ვირუსი, SARS-CoV-2 (COVID-19) მეცნიერებმა შექმნეს და მან უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა, რის შემდეგაც დაავადების აფეთქება დაიწყო.

Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ვირუსი ბუნებრივად, სავარაუდოდ, ღამურისგან ან პანგოლინისგან გავრცელდა. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: "ჩვენი ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიული კონსტრუქცია ან გამიზნულად მანიპულირებული ვირუსი არ არის“.

  • რა გზით ამტკიცებენ ამას მეცნიერები?

მკვლევრებმა ახალი კორონავირუსის გენეტიკური მახასიათებლები სხვა კორონავირუსების ანალოგიურ ნიშან-თვისებებს შეადარეს, რომლითაც ადამიანები აქამდე დაინფიცირებულან. მათ შეისწავლეს SARS, MERS და SARS-CoV-2, რომლებიც მწვავე დაავადებას იწვევს; და HKU1, NL63, OC43 და 229E, რომლებიც, ტიპიურად, მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით შემოიფარგლება.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ვირუსის ზოგადი მოლეკულური სტრუქტურა ყველა სხვა კორონავირუსის მოლეკულური სტრუქტურისგან განსხვავდება და წააგავს ღამურებსა და პანგოლინებში აღმოჩენილი ისეთი ვირუსების სტრუქტურას, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი და რომელსაც აქამდე ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

ამას გარდა, ვირუსის „ხერხემალი“ (საერთო მოლეკულური სტრუქტურა), იმაზე მიუთითებს, რომ ის განსხვავდება ისეთი სტრუქტურისგან, რასაც სავარაუდოდ, მეცნიერები ხელოვნურად შექმნიდნენ. კვლევის თანახმად, თუ ვინმე ახალი, დაავადების გამომწვევი კორონავირუსის შექმნას შეეცდებოდა, ის უკვე არსებული ვირუსის "ხერხემალს" გამოიყენებდა. თუმცა, COVID-19-ის მოლეკულური სტრუქტურა "არსებითად განსხვავდება" იმ კორონავირუსების მოლეკულური სტრუქტურისგან, რომლებიც ადამიანებში შეგვხვედრია.

კრისტიან ანდერსენი

ბიომედიცინის საკითხებზე მომუშავე ამერიკული კვლევითი ცენტრის Scripps Research-ის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტიან ანდერსენმა და მისმა კოლეგებმა იმ spike protein-ების (ვირუსის ზედაპირზე წარმოდგენილი ცილა) გენეტიკური ნიმუში შეისწავლეს, რომლებიც ვირუსის ზედაპირიდანაა ამოშვერილი.

სწორედ მათ იყენებს ვირუსი იმისთვის, რომ მისი "მასპინძლის", ამ შემთხვევაში ადამიანის, უჯრედების გარე კედლებს ჩაეჭიდოს და შემდეგ ამ უჯრედებში შეაღწიოს. მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს აღნიშნული spike protein-ების იმ გენეტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც პასუხს აგებს ორ მხარეზე: ერთი მიმღების უჯრედებზე მიერთებაა, ხოლო მეორე ვირუსს ამ უჯრედების გახსნისა და მათში შესვლის ძალას ანიჭებს.

spike protein-ები კორონავირუსის ზედაპირზე

"ვირუსის ეს ორი მახასიათებელი SARS-CoV-2-ის ლაბორატორიული მანიპულაციით გაჩენას გამორიცხავს... არსებული სხვა კორონავირუსების შტამების გენომებთან შედარების შედეგად, მტკიცედ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ COVID 19 ბუნებრივი პროცესებით წარმოიშვა" - განაცხადა ნაშრომის მთავარმა ავტორმა, კრისტიან ანდერსენმა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ცილების ზოგიერთი მახასიათებელი იმდენად ეფექტურია ადამიანურ უჯრედებთან დაკავშირების კუთხით, რომ ეს ბუნებრივი შერჩევის შედეგი უნდა იყოს და არა - გენური ინჟინერიის პროდუქტი.

მიზეზი შემდეგია: SARS-CoV-2 მჭიდროდაა დაკავშირებული მწვავე რესპირატორულ სინდრომთან (SARS), რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 20 წლის წინ გავრცელდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, კონკრეტულად რით განსხვავდება SARS-CoV SARS-CoV-2-ისგან - გენეტიკური კოდის რამდენიმე ნიშნით. თუმცა, კომპიუტერული მოდელირებისას იკვეთება, რომ SARS-CoV-2-ის მუტაციები ვირუსს ადამიანის უჯრედებთან დაკავშირებაში მაინცდამაინც კარგად არ უწყობს ხელს. ეს ვირუსი მეცნიერებს განზრახვით რომ შეემუშავებინათ, მაშინ იმ მუტაციებს არ შეარჩევდნენ, რომლებიც კომპიუტერულ მოდელირებაში არ იმუშავებდა.

როგორც აღმოჩნდა, ახალმა კორონავირუსმა ბუნებრივად გამოძებნა მუტაციის ფორმა, რომელიც განსხვავებული და უფრო ძლიერია იმ ფორმებისგან, რისი შექმნაც მეცნიერებს შეუძლიათ.

  • საიდან წარმოიშვა ვირუსი და როგორ აღმოჩნდა ადამიანებში? - ორი შესაძლო სცენარი

პირველი სცენარი სხვა კორონავირუსების წარმოშობის ისტორიებს მიჰყვება. ამ სცენარის მიხედვით, ადამიანებმა ვირუსი სწორედ ცხოველისგან შეითვისეს - კორონავირუს SARS-ის შემთხვევაში, ეს ცხოველი ცივეტა იყო, ხოლო MERS-ის - ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის შემთხვევაში, დაინფიცირება აქლემებისგან დაიწყო.

მეცნიერები მიუთითებენ, რომ SARS-CoV-2-ს ღამურა ატარებდა, რომელმაც ის სხვა "შუამავალ" ცხოველს გადასდო, მან კი, თავის მხრივ, ადამიანი დააინფიცირა. "შუამავალი" ცხოველი, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, პანგოლინი უნდა ყოფილიყო.

ამ შესაძლო სცენარში, კორონავირუსის ის გენეტიკური მახასიათებლები, რაც მას ადამიანური უჯრედების დაინფიცირების ძალას აძლევს, ანუ მისი პათოგენური (დააავადების გამომწვევი) შესაძლებლობები, სავარაუდოდ, ადამიანზე გადასვლამდე უნდა არსებულიყო.

მეორე სცენარის მიხედვით, ეს მახასიათებლები მას შემდეგ უნდა განვითარებულიყო, რაც ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე "გადახტა". პანგოლინებში წარმოშობილი ზოგი კორონავირუსის სტრუქტურა, რომელიც მიმღები ადამიანის უჯდერებთან მიერთებაზე აგებს პასუხს, SARS-CoV-2-ის სტრუქტურას ჰგავს. არის ვარაუდი, რომ ძუძუმწოვრიდან ადამიანზე გადაცემის შემდეგ, ვირუსმა თავისი, მანამდე დამალული ის თვისება განავითარა, რომელიც ადამიანურ უჯრედებში შეღწევაში ეხმარება. ამ უნარის გააქტიურების შემდეგ, მკვლევარების თქმით, კორონავირუსმა ადამიანებს შორის გავრცელების მეტი შესაძლებლობა შეიძინა.

შეიძლება, ეს დეტალები მეცნიერებს პანდემიის მომავლის წინასწარმეტყველებაშიც დაეხმაროს. თუ სინამდვილეს პირველი სცენარი შეესაბამება და ვირუსი ადამიანებს უკვე განვითარებული პათოგენური ფორმით გადაეცათ, მისი აფეთქებების შესაძლებლობა სამომავლოდ იზრდება, რადგან შესაძლოა, ცხოველთა პოპულაციაში ის ისევ ცირკულირებდეს და მათგან ადამიანებზე გადაცემა კვლავ მოხდეს.

თუმცა, მეცნიერები მიუთითებენ, რომ მსგავსი აფეთქებების შანსი იკლებს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ჯერ ადამიანურ პოპულაციაში გაჩნდა და მხოლოდ შემდეგ განივითარა ავადმყოფობის გამომწვევი თვისებები.

აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - "ნიუ-იორკი მომავალი იტალიაა"

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა