ავტორი:

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

კორონავირუსს ჩრდილოეთ კავკასიაშიც ებრძვიან. ჩეჩნეთში უკვე დაიწყო სამედიცინო მოხმარების ნივთების დეფიციტი, სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მოიმატა ფასებმა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ერთი ნაწილის თქმით, ხელისუფლება თითქოს ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემია თავიდან აიცილოს, თუმცა რეალური სურათი სულ სხვანაირია - ხალხი პანიკაშია, ყველაფერს იტაცებენ, აფთიაქები ცარიელია და ხალხს დაუცველობის განცდა აქვს, რადგან კადიროვის ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, რეალურად არაფერი კეთდება.

“რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ყოვლისმცოდნე პრეზიდენტმა, რომელიც თურმე სამედიცინო საქმიანობაშიც ერკვევა, ჩამოგვითვალა ის კვების პროდუქტები, რომელიც თურმე იმუნიტეტის ასამაღლებლად გამოიყენება, მათგან ყველა დეფიციტშია... არადა გვეუბნებოდნენ, ყველაფრისთვის მზად ვართ, ნურაფრის გეშინიათო" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრის ელჰან სულეიმანოვის ცნობით, ჩეჩნეთში ორი ფაბრიკის გახსნას აპირებენ, სადაც სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყება, რომელიც დღე-ღამეში 4 ათას ნიღაბს აწარმოებს, თუმცა ადგილობრივების თქმით, ესეც მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დაპირებაა...

სულეიმანოვის თქმით, 24 მარტის მონაცემებით, 4 ადამიანს უკვე დაუდგინდა COVID-19. ერთ მათგანს მექადან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა სიმპტომები. მინისტრის ინფორმაციით, მან კარანტინი არ დაიცვა და ლოცვაზე წავიდა, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

აღნიშნულს თავად კადიროვიც გამოეხმაურა. მან ადგილობრივი მოსახლეობა კარანტინის ხშირად დარღვევაში, შესაბამისად უსაფრთხოების წესების დაუცველობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ.

უფლებადამცველებმა ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირებულების მიმართ პირდაპირ მუქარაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გროზნოს მოსახლეობა ინტერნეტში წერს, რომ უამრავი ადამიანი არღვევს კარანტინს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და იძულებულია, ყოველდღე გავიდეს ქუჩაში, რათა ოჯახი არჩინოს.

"ორი-სამი კვირა გავიჭირვოთო, გვეუბნებიან, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ ვერც კი ამბობს, როდის დალაგდება სიტუაცია... ჩვენს ვითარებაში, სახლში ჯდომა შიმშილობას ნიშნავს, რადგან სახლში 5 სული ვცხოვრობთ, ერთი ბავშვი ავადმყოფია, ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი და ასე გამოვიმუშავებდი ფულს... რა ვქნა არ ვიცი, ნუ გააპროტესტებ, თორემ "კადიროვცები" მოგადგებიანო" – ამბობს გამოცემასთან საუბარში კიდევ ერთი ადგილობრივი.

პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინის შეფასებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრი კარანტინია, თუმცა დარღვევის შემთხვევაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ადგილი არ აქვს.

"ამ ფონზე სიკვდილით დასჯის მუქარა უბრალოდ მიუღებელია, ჩეჩნური გამოცდილების დანარჩენ რუსეთში გამოყენება, წარმოუდგენელია, თუმცა ეს კადიროვის სისასტიკეს არ ამართლებს" - ამბობს პოლიტოლოგი.

"კადიროვს მიზეზი მიეცი და მეტი არაფერი უნდა, გეებს დასდევს დასახოცად, დღემდე იმდენი ადამიანია გამქრალი, ისე რომ, ოჯახის წევრები მოკითხვასაც ვერ ბედავენ, ცალკე "კადიროვცების" შიში... ამიტომ სულ არ გამიკვირდება, რომ ახალი სამიზნეები გაუჩნდეთ - გეების შემდეგ, კადიროვი კორონავირუსიანების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას" - ამბობს კიდევ ერთი გროზნოელი ინტერნეტმომხმარებელი, სახელად თამარა. სხვების თქმით, კადიროვი სიკვდილით დასჯაზე გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს და არა – პირდაპირ.

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული