ავტორი:

ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა

ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა

რთულია 2020 წელს ვინმესთვის კარგი ვუწოდოთ, თუმცა რეალურად არიან ადამიანები, რომელთათვისაც ის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი მწარმოებელი გაკოტრდა, ბიზნესმენებმა დიდი დანაკარგი ნახეს, მაგრამ ამავდროულად, არიან ისეთებიც, რომლებიც გამდიდრდნენ.

2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა რეზინის ხელთათმანების მწარმოებელი მალაიზიური კომპანიებისა და მათი მფლობელებისთვის. აღსანიშნავია, რომ მალაიზია რეზინის ხელთათამანების წარმოების კუთხით, მსოფლიო ბაზარზე ლიდერია და ხელთათმანების 65%-ს სწორედ აქ აწარმოებენ.

ხელთათმანების მწარმოებელი 4 მალაიზიური კომპანიის მფლობელები მილიარდერები არიან, თუმცა მათ შორის 2-მა ახლა, პანდემიის პერიოდში მოიპოვა მილიარდერის სტატუსი. ამის შესახებ bloomberg.com წერს.

გამოცემის ცნობით, მილიარდერების სიას ბოლოს რეზინის ხელთათმანების მწარმოებელი კომპანია Supermax-ის დამფუძნებელი, თაი კიმ სიმი შეუერთდა. "ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საფონდო ბირჟაზე მისმა ქონებამ წელს 1 მილიარდს დოლარს გადააჭარბა.

როგორც "ბლუმბერგი“ წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია და ვირუსისგან დამცავ საშუალებებზე მსოფლიოში გაზრდილი მოთხოვნაა.

გამოცემის ცნობით, რეზინის ხელთათმანების მწარმოებლებმა მალაიზიიდან უდიდესი ფინანსური ზრდა ნახეს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად ზემოთ აღნიშნული კომპანია გამდიდრდა.

"სუპერმაქსი" 1987 წელს დაარსდა. ის იყო ხელთათმანების პირველი მწარმოებელი, რომელმაც ეტიკეტირება გამოიყენა. დღეს 160-ზე მეტ ქვეყანაში გააქვთ ექსპორტზე რეზინის ხელთათმანები და თუ კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანია ყოველწლიურად 24 მილიარდ ხელთათმანს აწარმოებს, წელს კი წარმოება მინიმუმ სამჯერ არის გაზრდილი. იგეგმება წარმოების კიდევ უფრო გაზრდა. მფლობელი მომდევნო თვიდან ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას აპირებს და 2024 წლისთვის 44 მილიარდს რეზინის ხელთათმანს გამოუშვებენ.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა. გლობალური მასშტაბით, ახალი წესები შემოიღეს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ადამიანები სახლებში დარჩნენ, ზოგმა დისტანციურად გააგრძელა მუშაობა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი უსამსახუროდ დარჩა. ვირუსის გამო გაკოტრდა უამრავი მსხვილი, საშუალო, თუ მცირე ბიზნესი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მსოფლიო მასშტაბით, 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 439 204 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4.2 მილიონია. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, ირანი და გერმანია.

მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის