ავტორი:

როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს

როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს

ცივი და გრძელი ზამთრის შემდეგ, შვედეთში დათბა და გაზაფხულის მზიანი ამინდი შესანიშნავია გარეთ, კაფეში, პარკში მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი, კორონავირუსის საფრთხის გამო, სახლებშია გამოკეტილი და ამას ვერ ახერხებს, შვედეთში მსგავსი აკრძალვა არ მოქმედებს და ადამიანებს გარეთ გასვლა და თავშეყრა არ ეზღუდებათ.

შვედეთში მეგობრებთან, თუ ოჯახის წევრებთან ერთად ჯგუფურად სეირნობა კარძალული არ არის

მუშაობს ღამის კლუბებიც, თუმცა კვირას კლუბებში 50-ზე მეტი ადამიანის ყოფნა აკრძალეს.

  • პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს

მართალია, არ მოქმედებს აკრძალვები და მკაცრი რეგულაციები, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ თითოეული მოქალაქის პირად პასუხისმგებლობაზე და მოქალაქეების უმრავლესობაც ამ პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს.

მაგალითად, როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გასვლა არავის აუკრძალავს, შვედეთის ქუჩებში ჩვეულებრივზე უფრო სიმშვიდეა და უფრო ნაკლები ადამიანი მოძრაობს. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მგზავრთა ნაკადი მეტროში, დაახლოებით, 50%-ით შემცირდა.

ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ სტოკჰოლმის მაცხოვრებელთა თითქმის ნახევარი დისტანციურად მუშაობს. BBC წერს, რომ შვედეთში სხვადასხვა კომპანიები ისედაც დიდი ხანია ეტაპობრივად გადადიან დისტანციურად მუშაობის პრაქტიკაზე და ცდილობენ, რომ მუშაობის ეს მეთოდი უფრო მოქნილი გახადონ, ახლა კი, ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

"ყველა კომპანია, რომელსაც აქვს დისტანციურად მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობა, ამას აკეთებს“ - ამბობს ერთ-ერთი შვედური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ინგვარსონი.

შვედეთის მთავრობის სტრატეგია კორონავირუსთან საბრძოლველად სულ ორ სიტყვაში იკვეთება - პირადი პასუხისმგებლობა!

ქვეყანაში არ არის დახურული კაფეები და თავშეყრის ადგილები, არავის ეკრძალება ასეთ ადგილებში წასვლა, თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი საკუთარი ნებით ამბობს უარს. კაფეების მეპატრონეების თქმით, სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და ასევე პოლიტიკოსები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ განსაკუთრებული ზომებისა და შეზღუდვების გარეშე შემცირდება ვირუსის გავრცელება.

შვედი პოლიტიკოსები არ აწესებენ შეზღუდვებს, ისინი იძლევიან რეკომენდაციებს და სახელმძღვანელო მითითებებს, რომლის მთავარი აქცენტიც არის ასეთი - თუ ავად ხარ, ან თუ ხანშიშესული ხარ, დარჩი სახლში, დაიბანე ხშირად ხელები და თავი აარიდე არასაჭირო მოგზაურობას, იმუშავე სახლიდან.

არც სალონებია დახურული, თუმცა ერთ-ერთი სალონის მეპატრონე ამბობს, რომ ახლა იქ დღის განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანი შედის.

"ჩვენ არ უნდა გავავრცელოთ პანიკა და ჭორები. ამ კრიზისში მარტო არავინაა, მაგრამ თითოეულ ადამიანს ეკისრება უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა“, - ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი, სტეფან ლევენი.

  • ნდობის მაღალი ხარისხი

შვედეთის მოსახლეობის უმრავლობა მხარს უჭერს ხელისუფლების სტრატეგიას და ამას Novus-ის მიერ ჩატარებული კვლევაც აჩვენებს. ხელისუფლება საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს და მათი უმრავლესობა ემორჩილება მითითებებს. აცნობიერებენ პირად პასუხისმგებლობას.

BBC წერს, რომ ამგვარი მიდგომის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობაც შეიძლება იყოს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთში ნახევარზე მეტი მარტო ცხოვრობს და ეს ვირუსის გავრცელების საფრთხეს ამცირებს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ისინი თავს არიდებენ მკაცრი წესების შემოღებას, ისეთი წესებისას, რომლებიც მოქალაქეებს მუდმივად სახლში დარჩენას აიძულებთ.

"ვირუსის გავრცელება ისე უნდა შევამციროთ, რომ ამან ეკონომიკაზე გავლენა ვერ მოახდინოს. ბიზნეს საზოგადოება თვლის, რომ შვედეთის მთავრობისა და შვედი ხალხის დამოკიდებულება უფრო გონივრულია, ვიდრე სხვა ქვეყნების“ - ამბობს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი.

  • "ისტორია საუკეთესო მსაჯულია“

როდესაც შვედები აკვირდებიან, რომ დანარჩენ დედამიწაზე ყველაფერი შეჩერებულია და ადამიანები სახლებში რჩებიან, ზოგიერთ მათგანს ეჭვი უჩნდება, რომ შესაძლოა, ხელისუფლების მიდგომები არ იყოს რელევანტური და ეფექტური.

"მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია მოუსმინოს რეკომენდაციებს და გაითვალისწინოს ისინი. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ რასაც შვედეთი აკეთებს, საკმარისია“, - ამბობს შვედეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ექიმი ემა ფრანსი.

მისივე თქმით, ისტორია საუკეთესო მსაჯულია და სწორედ ისტორია აჩვენებს მომავალში, თუ რომელმა ქვეყანამ იბრძოლა საუკეთესოდ, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებმა და მეცნიერებმა მიიღეს საუკეთესო გადაწყვეტილებები.

"არავინ იცის როგორი მიდგომაა უფრო ეფექტური, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება მე არ მიწევს“, - ამბობს ეპიდემიოლოგი ემა ფრანსი.

შვედეთში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. ამ დრომდე 3700 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 110 გარდაიცვალა, ხოლო 16 გამოჯანმრთელდა.

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

მარსიდან შორტებამდე - რა ღირს წითელი შორტები, რომელსაც ილონ მასკი ყიდის