ავტორი:

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

ინსულტი, დელირიუმი (მწვავე ფსიქიკური აშლილობა), შფოთვა, დაბნეულობა, დაღლილობა, დემენცია - დაავადებების სია, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს გრძელია და ამიტომაც, მას მხოლოდ რესპირატორულ დაავადებად ვერ მივიჩნევთ. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემები, მათ შორის, "ბიბისი“ და "გარდიანი“ წერენ.

BBC-ის ცნობით, COVID-19-ზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მას შეუძლია ნევროლოგიური პრობლემების მთელი სპექტრი გამოიწვიოს, ადამიანს ექმნება კოგნიტური პრობლემები, მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულეები, უქვეითდება კონცენტრაციის უნარი, აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

"გარდიანი“ წერს, რომ COVID-19-ს უკავშირდება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ინსულტი და ფსიქოზი. გამოცემა აღნიშნულს კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევა ემყარება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმების დაკვირვებას პაციენტთა მცირე ჯგუფზე. თუმცა, სამედიცინო ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ კვლევაში ჩართული იყო ადამიანთა მცირე რაოდენობა, ამიტომაც ის საერთო და უტყუარ სურათს ვერ ქმნის.

ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ავტორი ბენედიქტ მიჩელი ამბობს, რომ COVID-19 ნევროლოგიურ გართულებებს იწვევს, მაგრამ ეს ხდება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ და კრიტიკულ პაციენტებად მიიჩნევიან.

კვლევის შედეგი ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა. მკვლევარებმა სთხოვეს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებს, რომ აღეწერათ პაციენტების კლინიკური მდგომარეობა. 77 პაციენტში აღმოჩნდა ტვინის ყველაზე გართულებული შემთხვევა - ინსულტი. მათგან 57 პაციენტს აღენიშნა სისხლის შედედება, რომელიც ცნობილია, როგორც იშემიური ინსულტი.

39 პაციენტში გამოიკვეთა ქცევითი ცვლილებების, დაბნეულობის ნიშნები, 7 პაციენტში ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის ანთება.

მეცნიერები ამბობენ, რომ COVID-19 იწვევს დემენციის მსგავს სინდრომს, განწყობის დარღვევებს. ასევე პაციენტებს დაუდგინდათ ფსიქიკური დაავადებები.

"ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსი უფრო მეტია ვიდრე რესპირატორული დაავადება და რომ მან შეიძლება ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს“, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი მიშელ შარფი.

კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა, გლობალური მასშტაბით, 12 მილიონს აღწევს, მათგან 547 321 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 6,9 მილიონი გამოჯანმრთელდა.

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"