ავტორი:

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"

"ჩინეთმა კორონავირუსი დაამარცხა“, "შიდა გადადების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, "ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო“ - ეს გასული კვირის მსოფლიოს წამყვანი გამოცემების სტატიების სათაურებია, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ჩინეთში ინფიცირებულთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყანაში კორონავირუსით 81 518 ადამიანი დაინფიცირდა, 3 305 გარდაიცვალა, 76 052 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქალაქი უხანი კორონავირუსის გავრცელების კერა და დაავადებულთა რაოდენობის მხრივ ეპიცენტრი იყო, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, COVID-19-ს 2535 ადამიანი ემსხვერპლა.

იმ ფონზე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა (ესპანეთმა, იტალიამ) ჩინეთს გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ უკვე გადაასწრეს, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩინეთი რეალურ სურათს მალავდეს. ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალებები.

უხანში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია და covid-19-ით ქალაქში გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა.

Business Inseder ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ჩინეთში მიმდინარე პროცესებით და ადანაშაულებს მას ინფიცირებული და გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში.

ზოგიერთი უხანელის ცნობით, ქალაქში მსხვერპლი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია. ყოველივეს თქმის საფუძველს კი ადგილობრივებს დამკრძალავი ბიუროებიდან მიღებული ინფორმაცია აძლევთ.

South China Morning Post-ის ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გასულ კვირას, მხოლოდ ორ დღეში, კრემაციის შემდგომ ფერფლის მოსათავსებელი 5000 ყუთი გადაიტანა მხოლოდ ერთ დამკრძალავ ბიუროში.

აღნიშნულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას RFA-ც (რადიო თავისუფალი აზია).

"გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა ვერ იქნება სწორი იმიტომ, რომ კრემატორიუმები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. როცა ასეთი სიტუაციაა, როგორ შეიძლება ასეთი ცოტა გარდაცვლილი იყოს?“ - ამბობს რადიო Free Asia-სთან საუბრისას ერთ-ერთი უხანელი.

RFA-ის ინფორმაციითვე, უხანში არსებულ დამკრძალავ ბიუროებს ყოველ დღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ კრემაციის შემდეგ ფერფლის მოსათავსებლად, რაც, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს.

ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით კი გამოცემა იმასაც წერს, რომ მხოლოდ ერთ თვეში უხანში 28 000 კრემაცია ჩატარდა, რის მიხედვით და ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის დინამიკის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ ბოლო სამ თვეში ქალაქში, დაახლოებით, 84 000 ცხედარს ჩაუტარდა კრემაცია, თუმცა, ეს ინფორმაცია არ არის ოფიციალურად დადასტურებული (ამ რაოდენობაში შედის როგორც კორონავირუსით, ასევე სხვა დაავადებებით გარდაცვლილებიც).

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უხანში 56 007 კრემაცია ჩატარდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 54 424, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 53 776 კრემაცია.

დადასტურებულად ის ვიცით, რომ უხანში მკაცრი შეზღუდვები თანდათან იხსნება და ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 8 აპრილისთვის ჩინეთის ხელისუფლება ქალაქში კარანტინის მთლიანად მოხსნას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აღარ იკავებს. აღნიშნული თვალსაზრისით ამ მომენტისთვის ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ - 164 284 ინფიცირებული, იტალია - 101 739, ესპანეთი - 87 956 ინფიცირებული, ჩინეთი - 81 518 ინფიცირებული, გერმანია - 67 051 ინფიცირებული.

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

ფოტოები ჩერნობილიდან, სადაც რადიაციის ზონაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია