ავტორი:

COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია

COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია

გერმანია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და ის მხოლოდ აშშ-ს, ესპანეთსა და იტალიას ჩამორჩება, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, იქ გაცილებით ნაკლებია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიას უკვე ბევრი გამოჯანმრთელებული ჰყავს.

შედარებისთვის, გავეცნოთ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ხუთ ქვეყანას:

  • აშშ - 336 830 ინფიცირებული
  • ესპანეთი - 131 646 ინფიცირებული
  • იტალია - 128 948 ინფიცირებული
  • გერმანია - 100 123 ინფიცირებული
  • საფრანგეთი - 92 839 ინფიცირებული

აღნიშნულ ქვეყნებში COVID-19-ით გარდაცვალილთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვალების 9 618 შემთხვევაა აღწერილი, ესპანეთში 12 641 გარდაცვალების ფაქტია, იტალიაში - 15 887, ხოლო გერმანიაში - 1 584 შემთხვევა. საფრანგეთში კი, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ქვეყანაა, 8 078 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.

ამასთან, გერმანიაში უკვე 28 700 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ და აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი დღეა ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების კლების დინამიკა შეინიშნება. გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 3 677 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი ამ დროისთვის 1.6 %-ია.

როგორც გამოცემა CNBC წერს, გერმანიის ასეთი შედეგის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს განსხვავებით იტალიისგან, სადაც ტესტს მხოლოდ იმ პაციენტებს უკეთებენ, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ.

"ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა, რადგანაც სხვა ევროპულ ქვეყნებზე გვიან მივიღეთ ვირუსის ტალღა, მაგალითად იტალიაზე, ესპანეთსა და საფრანგეთზე გვიან“, - ამბობს CNBC-სთან საუბრისას კიოლნის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, კარლ ლოტერბახი.

მისივე თქმით, გერმანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ პაციენტები მკურნალობენ ქვეყნის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებში. ლოტერბახი ამბობს, რომ გერმანიაში დიდი ხანია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზება.

"ჩვენ გვაქვს გაცილებით ბევრი საწოლი, ბევრი სასუნთქი აპარატი, გვყავს უფრო მეტი ექიმი, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებს. შესაბამისად, ეპიდემიას ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდა“, - განმარტავს პროფესორი.

  • გერმანიის სტრატეგია - კარანტინი და მასობრივი ტესტირება COVID-19-ზე

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ კარანტინი გამოაცხადა და ადამიანებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს, ამან ვერც ინფიცირებულთა რაოდენობა და ვერც გარდაცვალების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შეამცირა (მაგ: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი).

გერმანიის წარმატებას კი ქვეყნის ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიას უკავშირებენ, რომელიც ძალიან ჰგავს სამხრეთ კორეის სტრატეგიას და კარანტინთან ერთად, მოქალაქეების მასობრივ ტესტირებას გულისხმობს.

კარლ ლოტერბახი ამბობს, რომ ჩაკეტვასთან ერთად, მათ ტესტირების რეჟიმიც დაეხმარათ, რადგანაც ტესტირებამ ინფიცირებულების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობა მისცათ.

CNBC-ის ცნობით, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები ახლა აყალიბებენ დიაგნოსტიკურ ინდუსტრიას, გერმანიას უკვე აშენებული და ჩამოყალიბებული ჰქონდა ის. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ერთ კვირაში 500 000 ტესტი ჩაატაროს, მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში, ანალოგიურ პერიოდში, 70 ათასი ტესტის ჩატარება შეუძლიათ.

ლოტერბახის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის მოსახლეობის 10% დაინფიცირდება, ინფიცირებულთა 1%-ის გარდაცვალების შემთხვევაში, მსხვერპლი 80 ათასი ადამიანი იქნება.

"თუ მოსახლეობის 10% დაინფიცირდება, ეს იქნება ჩვენი უდიდესი ტრაგედია, თუმცა ეს ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოხდება“, - ამბობს პროფესორი.

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა