ავტორი:

გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება

გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, ამ მომენტისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ეპიცენტრია. ქვეყანაში 188 600 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 4 055 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 7 251-ია.

ქვეყნის სხვადასხვა შტატში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს. მაგრამ მთავარი მოთხოვნა მოსახლეობისადმი არის - "დარჩით სახლში“.

BBC-ის ცნობით, კარანტინი ამ ეტაპზე დაახლოებით 245 მილიონ ადამიანს შეეხო. საავადმყოფოები პაციენტებითაა სავსე, ამიტომაც ხელისუფლება ეტაპობრივად სხვადასხვა სივრცეებს ათავისუფლებს და ახალ ჰოსპიტალებს ხსნის. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ამ ეტაპზე პაციენტებისთვის საკმარისი საწოლებია.

მედიკოსები საუბრობენ სასუნთქი აპარატების არასაკმარის რაოდენობაზეც. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის“ პირად გვერდზეც დაწერა. "ჩვენ გვჭირდება მეტი სასუნთქი აპარატი“, - წერს ტრამპი. მისი თქმით, 10 კომპანია მუშაობს სასუნთქი აპარატების შექმნაზე. პრეზიდენტის ცნობითვე კორონავირუსზე სწრაფი ტესტი უკვე მილიონ ამერიკელს ჩაუტარდა.

აშშ-ის მცხოვრებლები ემორჩილებიან საგანგებოდ მიღებულ ზომებს. შტატების უმეტეს ნაწილში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მოქალაქეებს ეკრძალებათ მოგზაურობა თუ ის გამოწვეული არაა გადაუდებელი აუცილებლობით, ეკრძალებათ სამსახურში წასვლა, ბარებსა და რესტორნებში შესვლა და ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

შაბათს ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ. ნიუ იორკში აკრძალულია შეკრებები და კომპანიებისა და სხვადასხვა საწარმოების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. ყველაზე ხმაურიანი ქალაქის ქუჩები ახლა ცარიელია და ადამიანები სახლებში არიან გამოკეტილნი.

შტატების უმეტესობაში და ასევე ქალაქების უმეტეს ნაწილში მედიკოსები ამბობენ, რომ მალე მათ ინფიცირებულთა სამკურნალოდ რესურსი აღარ ექნებათ, ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების მარაგის ამოწურვაზე საუბრობენ.

გასულ კვირას ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ თქვა, რომ აუცილებელი მედიკამენტების მარაგი აპრილის დასაწყისისთვის ამოწურული იქნება. წამლების მარაგის ამოწურვის შესახებ განაცხადეს ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და ლუისიანას შტატის გუბერნატორმა, ჯონ ბელ ედვარდმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შტატის ხელისუფლება ცდილობს, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსით არ არიან დაინფიცირებულნი და სხვა დაავადებები აწუხებთ, სხვა სივრცეები მონახოს და მთელი რესურსი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისკენ მიმართონ.

მაგალითად, ლოს-ანჯელესისა და ნიუ იორკის პორტებში სამხედრო გემი ჰოსპიტალები შეიყვანეს, სადაც სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს უმკურნალებენ.

ამერიკული ავიამზიდის "თეოდორ რუზველტის“ კაპიტანმა აშშ-ის საზღვაო ძალებს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გემზე კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მეზღვაურების სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.

"ჩვენ ომში არ ვართ. მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ. თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ გავუფრთხილდეთ ყველაზე სანდო რესურსს - ჩვენს მეზღვაურებს,“- წერს კაპიტანი.

ამერიკაში მცხოვრები ადამიანები ჰყვებიან, რომ პაციენტთა სიმრავლის გამო, სათანადო მკურნალობას ვერ იღებენ მედიკოსებისგან და იძულებულნი არიან სახლებში, თვითმკურნალობას მიმართონ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 760 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ