ავტორი:

როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები

როგორ გადადის COVID-19 თვალიდან ორგანიზმში და რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი? - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები

მას მერე, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მუდმივად გაისმის რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გავრცელების საფრთხეები. ერთ-ერთი რეკომენდაციით, ხელი არ უნდა მივიტანოთ თვალებთან, რადგანაც შესაძლოა, თვალიდან ორგანიზმში ვირუსის გადატანა მოხდეს.

რატომ არ უნდა მოვიკიდოთ თვალზე ხელი, რატომ ითვლება თვალი ამ დაავადების გადამტან ერთ-ერთ ორგანოდ და როგორ გადადის თვალიდან ორგანიზმში ინფექცია? ამაზე AMBEBI.GE-ს კლინიკა „ახალი მზერას“ ექიმი-ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი ესაუბრება:

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩინელი ექიმი, რომელმაც პირველად დასვა კორონავირუსის დიაგნოზი, სწორედ ოფთალმოლოგი იყო და მას ახლა გმირის წოდება მიანიჭეს.

თვალი ერთ-ერთია იმ ორგანოთაგან, საიდანაც შეიძლება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, ვინაიდან მუდმივად ხდება მისი ლორწოვანი გარსის შეხება ატმოსფეროსთან, იქ, სადაც გავრცელებულია მრავალი ვირუსი და ბაქტერია. ატმოსფეროსა და ორგანიზმს შორის კონტაქტი უფრო მარტივად მყარდება არა მარტო ახლა, არამედ ზოგადადაც ასეა - ბაქტერიები ატმოსფეროდან თვალში ხშირად აღწევენ. მაგრამ ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი (დაცვითი ფუნქცია) კერძოდ, ცრემლი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ბაქტერიებს უვნებელყოფს და აღარ აძლევს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას. თუმცა მოგეხსენებათ, კორონავირუსი არის ის ახალი შტამი, რომლის მიმართაც ჯერ ადამიანის ორგანიზმს იმუნიტეტი არ აქვს გამომუშავებული. სწორედ ამიტომ არის ის საშიში.

- ბაქტერია თვალიდან ორგანიზმში რა გზით ხვდება?

- თვალიდან საცრემლე არხის საშუალებით გადადის ჯერ ცხვირში, შემდეგ ცხვირ-ხახაში, რის შემდეგაც ბაქტერია ფილტვებში ინაცვლებს და გართულების სახით იძლევა პნევმონიას (ფილტვების ანთებას).

"თვალიდან საცრემლე არხის საშუალებით გადადის ჯერ ცხვირში, შემდეგ ცხვირ-ხახაში, რის შემდეგაც ბაქტერია ფილტვებში ინაცვლებს და გართულების სახით იძლევა პნევმონიას - ფილტვების ანთებას"

- რამდენად შეიძლება ამის დიაგნოსტირება, დადგენა, ბაქტერია, თუნდაც ახალი კორონავირუსი ადამიანს თვალიდან გადაედო თუ სასუნთქი გზებიდან (ცხვირი, პირი)?

- "ეს ვირუსი ჯერ ძალიან ახალია და მისი შესწავლა, მასზე დაკვირვება სამეცნიერო წრეებში ახლა მიმდინარეობს. სანამ ჯერ კიდევ კვლევის პროცესია, მანამდე ამის სახასიათო ნიშნად, თვალიდან არის თუ არა ვირუსი გავრცელებული, შეიძლება ჩაითვალოს თვალების სიწითლე - კონიუქტივიტი (ლორწოვანი გარსის ანთება). თუ დაავადება კონიუქტივიტით დაიწყო, შესაძლებელია, ვარაუდის დონეზე ვთქვათ, რომ დაინფიცირება მოხდა თვალიდან. თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე, რადგანაც ჯერ ძნელია ამის მტკიცებითი ფორმით თქმა.

ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ხელი არ უნდა მოვიკიდოთ სახეზე, მათ შორის, თვალზე, ეს ნიშნავს იმას, რომ დაბინძურებული ხელით მექანიკურად გადაგვაქვს თვალში ვირუსი", - გვეუბნება ოფთალმოლოგი და გვირჩევს: "თვითიზოლაციის გამო ადამიანები სამყაროსთან ინტერნეტის საშუალებით დიდი დოზით ურთიერთობენ, ის დღეს კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების აუცილებელი საშუალებაა. ამიტომ ადამიანებში თვალის სიმშრალემ მოიმატა. კომპიუტერთან, სმარტფონებთან ურთიერთობისას ხდება თვალის გამოშრობა. გამომშრალ თვალში კი ატმოსფეროსთან შეხებისას თვალის დაინფიცირების შანსი მატულობს. ამ დროს რაც შემიძლია, თქვენს მკითხველს ვურჩიო, ისაა, რომ გამოიყენონ თვალის დამატენიანებელი წვეთები სწორედ იმისთვის, რომ თვალი მუდმივად იყოს დატენიანებული".

ოფთალმოლოგის თქმით, "დღის განმავლობაში რაც ბევრჯერ ჩავიწვეთებთ მას, მით უკეთესია - შეზღუდვა არ აქვს. ეს იგივეა, როდესაც ექიმები სითხის მიღებასთან დაკავშირებით გასცემენ ხოლმე რეკომენდაციას, რომ არ გამოშრეს პირის ღრუ, ასევეა თვალიც.

ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ კონტაქტური ლინზის მომხმარებლებმაც. უფრო მკაცრად უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები ლინზების ჩასმისა და ამოღების დროს. მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ გლაუკომით დაავადებულმა პაციენტებმაც, ვინაიდან მათ ყოველდღიურად უწევთ ერთ ან მეტჯერ ჰიპერტენზიული წვეთების ჩაწვეთება. ამიტომ ჩაწვეთების წინ საგულდაგულოდ უნდა დაიბანონ საპნით ხელები. ზოგადად კი, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები ყოველწუთიერად გვახსენებენ, მეც იგივეს გავიმეორებ: მუდმივად დაიბანეთ ხელები საპნით, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით და დარჩით სახლში. #გაწყვიტეთჯაჭვი - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - აღნიშნავს ოფთალმოლოგი.

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?