ავტორი:

"ზურგს მაინც ვერ ვაქცევ, ყოველდღე ძველებურად ვუვლი" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე "ტიტების სოფლის" 35 წლიანი ისტორია და ჭკნობისთვის განწირული მოსავალი

"ზურგს მაინც ვერ ვაქცევ, ყოველდღე ძველებურად ვუვლი" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე "ტიტების სოფლის" 35 წლიანი ისტორია და ჭკნობისთვის განწირული მოსავალი

ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე სოფელი ბრეძა რამდენიმე ათეული წელია ტიტებითაა განთქმული. ადრე თუ აქ მხოლოდ წითელი ტიტების სათბურებს შეხვდებოდით, ახლა ბრეძელებს, ჰოლანდიაში შეძენილი თესლით, 15-მდე ჯიშის და ფერის ტიტები მოჰყავთ.

ქარელის მუნიციპალიტეტში, მთაგორიან ადგილზე მდებარე სოფელში, მეყვავილეობის ისტორია 35 წლის წინ დაწყებულა და მას შემდეგ, მამების საქმე შვილებს გაუგრძელებიათ. ამჟამად, ბრეძაში სასათბურე მეურნეობაში მეყვავილეობას 35-მდე ოჯახი მისდევს.

აქ ყველას ტიტები მოჰყავს, თუმცა ზოგი მარტის დასაწყისში იღებს ნაადრევ მოსავალს და შესაბამისად, რეალიზაციაც 3 და 8 მარტის დღესასწაულებზე ხდება, უმრავლესობა კი, ნაგვიანევ მოსავალს ანიჭებს უპირატესობას და სწორედ ახლა, მარტის ბოლოდან გეგმავდნენ ყვავილის გაყიდვას, თუმცა კორონავირუსმა და მსოფლიო პანდემიამ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მეყვავილე ბრეძელებიც დააზარალა - ათამდე ოჯახის სასათბურე მეურნეობებში ათასობით ტიტა ჭკნება.

ალიკა მეყანწიშვილისთვის ტიტების მეურნეობა საოჯახო ტრადიცია და ამავდროულად, ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მის სასათბურე მეურნეობაში ჰოლანდიური ტიტების თითქმის ყველა სახეობას შეხვდებით. იცის, რომ რეალიზაციას ვეღარ შეძლებს, ბუნებრივია, ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ რამდენიმე დღეში, მთელი წლის ნაფერები ფერადი მოსავალი ჭკნობას დაიწყებს. ამის მიუხედავად, ზურგს მაინც ვერ აქცევს და ყოველდღე ძველებურად უვლის.

"ზარალი ძალიან დიდია, ამ სათბურში 20 000-მდე ტიტაა, დიდი შრომაა ჩადებული, თითქმის ყველა, ვისაც სათბური გვაქვს, კრედიტით ვსარგებლობთ. რეალიზაცია სწორედ ახლა უნდა დაგვეწყო, თუმცა, კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. ბუნებრივია, კანონს ვემორჩილებით, რეალიზაციას ვეღარ ვახდენთ, მაგრამ რას ვიზამთ, მხოლოდ ჩვენი პრობლემა ხომ არ არის, მთელი მსოფლიო დაზარალდა. მთავარია, გადარჩეს ჩვენი ქვეყანაც და სხვაგანაც მეტი აღარ იყოს მსხვერპლი“, - ამბობს ალიკა მეყანწიშვილი და საგულდაგულოდ არჩევს ჩემთვის საჩუქრად საუკეთესო ტიტებს.

წელს განსაკუთრებული მოსავალი აქვს სტეფანიშვილების ოჯახსაც, თუმცა ბუნებრივია, რეალიზაციას ვერც აკაკი სტეფანიშვილი შეძლებს. ათასობით ტიტა სახლის სარდაფშიცაა დასაწყობებული, მაგრამ მყიდველი არავინაა, Covid 19-მა და პანდემიამ ყვავილების ბედიც შეცვალა და მეყვავილეებისაც... სულ მალე, მთელი წლის ნაფერები, ფერადი და სურნელოვანი მოსავალი ჭკნობას დაიწყებს.

ავტორი: ია თინიკაშვილი

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები