ავტორი:

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

28 წლის სალომე ხარებავა ძვლის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით მეოთხე თვეა თურქეთში მკურნალობს. საზოგადოების თანადგომით, სალომეს ოჯახის წევრებმა დონორის მოძიება მოახერხეს, მაგრამ ოპერაცისთვის საჭირო თანხის შეგროვება უჭირთ.

კორონავირუსის პანდემიამდე გოგონას მეგობრები საქველმოქმედო კამპანიებს აწარმოებდნენ - მართავდნენ კონცერტებს, გამოფენა-გაყიდვებს და მეგობრისთვის ოპერაციის თანხას აგროვებდნენ. სალომეს დედა, მადლენა ჩოგოვაძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დახმარების თხოვნა ეუხერხულებათ, გოგონას ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდება და სხვა გამოსავალი არ რჩებათ.

"სალომეს 17 წლის ასაკში მოუწია ემიგრაციაში წასვლა.10 წელი იცხოვრა საბერძნეთში, იქ შექმნა ოჯახი და ჰყავს 2 შვილი, რომლებსაც ახლა მე ვზრდი. 10 წლის მანძილზე პირველად რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში ჩვენს მოსანახულებლად. როდესაც ჩამოვიდა თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჰქონდა სიცხეები და წავედით ექიმთან.

გამოკვლევების შედეგად გვითხრეს, რომ ჰქონდა ანემია. კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, შევძელით და წავიყვანეთ თურქეთში. ისევ ჩაიტარა ყველა საჭირო გამოკვლევა და დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. მას შემდეგ მკურნალობს თურქეთში, ახლა ქიმიებს იკეთებს.

თავიდან ძალიან უიმედოდ იყო სალომე. ხელი ჩაიქნია, სად გვაქვს ჩვენ ამდენი საშუალება, ვერ გადავრჩებიო... მაგრამ მთელი სამეგობრო და სანათესაო, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ფეხზე დადგა ჩემი შვილის გადასარჩენად, რამაც აქამდე მოიყვანა. დაგეგმილი იყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სალომეს მეგობრებს უნდა მოეწყოთ აქციები, რითაც შეგროვდებოდა გარკვეული თანხა. კორონავირუსის გამო ჩაიშალა ყველა ღონისძიება და აღმოვჩდით გამოუვალ სიტუაციაში, ხელ-ფეხშეკრულები, დავრჩით მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად...

ერთადერთი სახლი მაქვს, იმის გაყიდვაც მინდა, მაგრამ იპოთეკით გვაქვს დატვირთული და ბანკიდან მოვიდა წერილობითი ცნობა სახლს აუქციონზე გაგიტანთო. მოკლედ, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ახლა ყველას გვიჭირს და ძალიან უხერხულია, ახლა ვინმესთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ჩემი შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ. მისი შვილები ყოველდღე თვალებში შემომყურებენ, მეკითხებიან დედიკო როგორ არის, როდის დაბრუნდებაო.

კეთილი ხალხის დახმარებით აქამდე მოვედით და იმედს არ ვკარგავთ, რომ სალომეს გადავარჩენთ.

ყველა იმ ადამიანს ვლოცავ, ვინც თუნდათ ერთი თეთრი გაიღო ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად" - ამბობს სალომე ხარებავას დედა მადლენა ჩოგოვაძე.

სალომეს დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი:

GE02TB7089245064300006

საქართველოს ბანკი:

GE71BG0000000760794200

მიმღები: მადლენა ჩოგოვაძე

ინფიცირებულ მღვდელს სახლში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში 70 ვაქცინაზე მუშაობენ - სამი მათგანი უკვე ადამიანზეც გამოსცადეს

ყველა, ვისაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის