ავტორი:

"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად

"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად

ექიმი-კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რომელიც უკვე 20 წელია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, კატეგორიულად აფრთხილებს ადამიანებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მით უმეტეს, თვითნებურად, ექიმის მითითების გარეშე.

გეგეჭკორი 5 წელია ნიუ-იორკში, The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსელის ჰოსპიტალში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს და იმ შეკითხვებს პასუხობს, რაც მის პაციენტებს და არამხოლოდ პაციენტებს, კორონავირუსთან დაკავშირებით უჩნდებათ.

გთავაზობთ ვრცელ პოსტს, რომელიც ნანა გეგეჭკორმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

"რაც ეს ეპიდემია დაიწყო, ყოველდღე ვესაუბრები უამრავ უცნობ ადამიანს. ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო მათ კითხვებს და დავეხმარო დაავადების სახლში მართვაში (თუ ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ).

ძალიან ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა თვითნებურად ღებულობენ სხვადასხვა ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით ორი ცნობილი ანტიბიოტიკის კომბინაციას (სახელებს შეგნებულად არ ვწერ, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს მიღების სურვილი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას! კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული ან მართვით სუნთქვაზე. სხვა შემთხვევაში არანაირ მედიკამენტს არ ვიყენებთ!

მეტიც, ორივე ამ ცნობილ წამალს ახასიათებთ მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის სიკვდილის რისკისშემცველი არითმია, ე.წ პარკუჭოვანი ფიბრილაცია. არ მიიღოთ ეს წამლები ექიმის ნებართვის გარეშე, გთხოვთ! ჩემს კოლეგებს კი ვთხოვდი, ნუ გამოწერთ ამ წამლებს სახლის პირობებში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსუბუქ ფორმებს არ სჭირდება არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა! ასეთი ფორმების მართვის მთავარი პრინციპებია:

1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.

2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).

3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.

4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ელექტროლიტური ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.

5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ, სადაც სხვები სეირნობენ).

6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება, ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.

7. ასევე, სუნთქვის უკმარისობის მქონეთ, შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით ავარჯიშოთ ფილტვები რომ აერაცია სრულფასოვანი იყოს. არსებობს მარტივი მოწყობილობა incentive spirometer (ქართულადაც მგონი სპირომეტრი ჰქვია) და ავარჯიშეთ ფილტვები ამის გამოყენებით. ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. თუ სპირომეტრი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი გასაბერი ბურთი ან ბუშტი გამოიყენოთ და ბეროთ დღეში რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი). დაავადებას ახასიათებს ძლიერი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ შეეცადეთ ფილტვების კარგი აერაცია უზრუნველყოთ.

8. სასურველია შეიძინოთ პულსომეტრი. ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა. იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. ამით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგს. მაჩვენებლები გაუზიარეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლინიკური მონაცემების დაჯამება საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. თუ პულსომეტრი არ გაქვთ დარდს ნუ მიეცემით, გამოცდილი ექიმი ამის გარეშეც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

8. ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტალინოლი, თუმცა ისიც იცოდეთ, რომ შეიძლება სრულად კონტროლი ვერ მოხერხდეს. ეს საშიში არაა, ტალინოლი უფრო იმისთვისაა საჭირომ რომ დისკომფორტი შეიმსუბუქოთ.

9. არ დაგავიწყდეთ ქრონიკული დაავადებების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით დიაბეტის იდეალური მართვაა აუცილებელი.

10. ეცადეთ დაავადების პერიოდში არ დაიწყოთ რამე ახალი პრეპარატი სხვა დაავადების სამართავად თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.

11. დაისვენეთ ბევრი, ეცადეთ განიტვირთოთ და ნუ ჩაეჭიდებით ნეგატიურ ინფორმაციას.

12. სასურველია არ მისდიოთ არაექიმი მეზობლების, მეგობრების, ბიცოლების და მამიდების რეკომენდაციებს. აირჩიეთ ერთი ექიმი ვისაც ენდობით და მოუსმინეთ მას. ბევრ წყაროზე დამოკიდებულება შეცდომების ალბათობას ზრდის.

13. ნუ დაეყრდნობით არაოფიციალურ წყაროებს. ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებითაც კი.

14. არავითარი სპორტი და დიეტები ავადობის დროს. სხეულის გალამაზებას დაავადების გადავლის შემდეგაც მოასწრებთ.

15. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ავადობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ასევე აუცილებელია კარანტინის პირობების დაცვა სიმპტომების გაქრობის შემდგომ პერიოდში.

16. და ისევ, ნუ მკურნალობთ თვითნებურად მედიკამენტებით. ეს სიცოცხლისთვის საშიშია!!!

სანამ სიტუაცია გამოსწორდება, დარჩით სახლში, დაიცავით საკუთარი თავი და ამით გადაარჩენთ უამრავ სიცოცხლეს.

ხშირად მწერენ, რომ მე და ჩემი კოლეგები გმირები ვართ. ვერ დავეთანხმები ამაში ვერაფრით. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. როცა ამ პროფესიას ვირჩევთ, ჩვენ ვიცით რომ ის რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვალდებულები ვართ ასეთ დროს ვიყოთ თქვენს გვერდით.

ნამდვილი გმირები არიან ის ადამიანები, ვისაც სრულად აქვს გაცნობიერებული სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვით უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ხშირად საარსებო წყაროს დაკარგვის ფასად.

და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს. ყველანი ერთად გამოვალთ აქედან მეტი ცოდნით, მეტი გამოცდილებით და ახალი ფასეულობებით" - წერს ნანა გეგეჭკორი.

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პრინცესა" - სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი 1 წლის გახდა

"მეგობრებო ბედნიერი ვარ!" - ირმა გიგანი ავსტრიული კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის გამარჯვებულია

"ის, რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა, ნორმალურია. ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან" - ნანა გეგეჭკორი