ავტორი:

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ტედროს ადჰანომ გებრეისუსზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბოლო თვეებია ყველაზე მეტს საუბრობენ. ორგანიზაციას ის 2017 წლიდან ხელმძღვანელობს და 5 წლის ვადითაა არჩეული, თუმცა, შესაძლოა, მისი დირექტორობის ვადა შემცირდეს, რადგანაც კორონავირუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულ, არაეფექტურ და დაგვიანებით მიღებაში აკისრებენ პასუხისმგებლობას.

ტედროს ადჰანომ გებრეისუსის გადადგომის მოთხოვნით ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

"მან ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა ვირუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტედროს ადჰანომ გებრეისუსი თანამდებობის შესაფერისი არ არის. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას“, - წერია პეტიციაში.

• ვინ არის ტედროს ადჰანომ გებრეისუსი?

ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მესამე წელია უდგას სათავეში, არის ჯანმო-ს პირველი აფრიკელი ხელმძღვანელი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2012-2016 წლებში ტედროსს ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე, 2005-2012 წლებში ის ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. ეთიოპიაში ტედროსს ჯანდაცვის სისტემის ძირეულ ცვლილებას მიაწერენ.

ადჰანომ გებრეისუსი 1965 წელს, ერიტრეას ქალაქ ასმარაში დაიბადა, რომელიც ერიტრეას დედაქალაქი გახდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1991 წელს ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ტედროსი ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში გაიზარდა.

აქვს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტში მიიღო. ასევე აქვს ინფექციური დაავადებების იმუნოლოგის მაგისტრის ხარისხი. გებრეისუსი აღიარებულია, როგორც ჯანდაცვის მეცნიერი, მკვლევარი და დიპლომატი. ის 55 წლისაა.

• კარიერული არჩევანის მთავარი მოტივატორი 4 წლის ძმის გარდაცვალების ამბავი გახდა

BBC წერს, რომ ტედროს ადჰანომ გებრეისუსის ცხოვრებაში კარიერის წარმართვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი უმცროსი ძმის გარდაცვალება იყო, რომელიც 4 წლის ასაკში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ მან გამოცემა Time-თან ინტერვიუში ისაუბრა. WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, არავინ იცოდა რის გამო გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი და მხოლოდ სტუდენტობის დროს, განათლების მიღების შემდეგ მიხვდა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი წითელა იყო.

"ამის მიღება ახლაც არ შემიძლია, უსამართლობაა, ბავშვი გარდაიცვალოს განკურნებადი დაავადებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ის არასწორ ადგილას დაიბადა...“, - ამბობს ტედროსი.

როგორც BBC წერს, გარშემომყოფები მას მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ ადამიანად ახასიათებენ, რაც მის საჯარო გამოსვლებშიც იგრძნობა. ის იმდენად ჩუმად საუბრობს ხოლმე, რომ ზოგჯერ ჟურნალისტებს უჭირთ გაგება რას ამბობს. ამ მშვიდი ადამიანის მიღმა კი, რეალურად, უკომპრომისო და შრომისმოყვარე პერსონა იმალება.

ტედროსს აღმერთებდნენ ეთიოპიაში ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სისტემის გაუმჯობესების გამო. თუმცა მოგვიანებით, კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. სწორედ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას ეთიოპიაში ქოლერით ინფიცირებულთა შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში.

• ჯანმო და კორონავირუსი

როდესაც ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეკინში ჩავიდა და ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ჩინეთი დაავადების გავრცელების კონტროლის ახალ სტანდარტს ადგენდა. ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თანამოაზრეები ამბობენ, რომ მისი სტრატეგია არ იყო ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკა. ის ენდო ჩინეთის ოფიციალური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაავადების სირთულისა და პრევენციის შესახებ.

ჯანმოს ხელმძღვანელს დღეს ბევრი ადანაშაულებს. მიიჩნევენ, რომ მან თავად არ შეისწავლა ვირუსი და ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი სირთულე, ენდო ჩინეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ასევე ადანაშაულებენ არასათანადო პრევენციული ზომების მიღების გამო. კრიტიკის მიზეზია პანდემიის გამოცხადების თარიღიც.

ტედროსმა კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა, რაც ბევრის აზრით, უკვე დაგვიანებული იყო. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ათასობით ადამიანი იღუპება, ბევრი სწორედ ჯანმო-ს ხელმძღვანელს აკისრებს.

• ოჯახი

ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება ტედროს ადჰანომ გებრეისუსის პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ. ცნობილია, რომ დაქორწინებულია და ხუთი შვილი ჰყავს. ჯანმო-ს ხელმძღვანელი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, თუმცა, მაინც შეხვდებით რამდენიმე სურათს, რომელიც ცოლთან და შვილთან ერთად აქვს გადაღებული.

ტედროსი ქალიშვილთან, გლენთან ერთად

ამ ფოტოებზე კი ჯანმოს ხელმძღვანელი ცოლთან ერთადაა აღბეჭდილი

Honored to be named Paul Harris Fellow by #Rotary for my contribution to end #Polio pic.twitter.com/6GPyccWVYf
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) April 29, 2017

• "ხვალამდე“

როგორც BBC წერს, მიუხედავად რთული პერიოდისა, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყოველდღე მართავს პრესკონფერენციას, მიუხედავად კრიტიკისა, ინარჩუნებს ჩვეულ სიმშვიდეს, კრიტიკულ კითხვებს პასუხობს წყნარი, მეგობრული ტონით და ყოველი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ აკეთებს იმავეს - აგროვებს ფურცლებს, იღიმის და ამბობს - "ხვალამდე“.

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა