ავტორი:

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

როგორ ვიკვებოთ სწორად იზოლაციაში, რომ არ გავსუქდეთ - აუცილებელი პროდუქტების სია და ლაშა უჩავას რეკომენდაციები

თვითიზოლაციაში მოქცეულ ადამიანებში სტრესი მატულობს, სტრესის დროს კი ჭამის მადა იზრდება. დღეს, სახლში დარჩენილი ადამიანების უმეტესობა სწორედ იმას უჩივის, რომ შინ მყოფები კვების პროცესს ვერ აკონტროლებენ, რის გამოც, ნელ-ნელა წონაც ემატებათ.

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ადამიანების შინ დარჩენის პერიოდი, ამიტომ, წონაში სერიოზულად რომ არ მოიმატონ, ამისთვის როგორმე უნდა მოვახერხოთ საკუთარი კვების რეჟიმის გაკონტროლება და საკვების დაბალანსება. ამაში კი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა დაგვეხმარება.

„გეთანხმებით, რთულია აღნიშნულ სიტუაციაში გაწონასწორებული ნერვული სისტემის შენარჩუნება და ნებისყოფის გამოჩენა, ვინაიდან სახლში ვატარებთ იმაზე მეტ დროს, ვიდრე აქამდე და გვიწვეს ჩვენს საყვარელ „მაცივართან“ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, თუმცა ძალა და ენერგია უნდა მოვიკრიბოთ, რომ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ამასთან, შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი, რადგან, არასწორი ჯანსაღი ცხოვრების წესი და სიმსუქნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფიცირების ალბათობის რისკ ჯგუფების ჩამონათვალში წამყვან ადგილს იკავებს. ამიტომ აუცილებელია, განსაზღვრული გვქონდეს დღის რუტინა, ვიცოდეთ, რომელ საათზე უნდა გავიღვიძოთ, რომელზე მივირთვათ საუზმე, სადილი, ვახშამი, რა დრო უნდა დავუთმოთ ვარჯიშს, ლიტერატურის გაცნობას, სოციალურ ქსელს და ა.შ. თუ ეს ყველაფერი წინასწარ გვექნება გაწერილი და განსაზღვრული, შესაბამისად, ვიქნებით რეჟიმში და არ გაგვიჭირდება. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეულებრივი სამუშაო, რის შედეგადაც საზღაურად ჯანმრთელობას ვიღებთ“, - გვეუბნება ექიმი.

- ადამიანები ამბობენ, რომ იზოლაციისას წყალსაც ისეთი ინტენსივობით ვეღარ სვამენ, როგორც ვთქვათ, ამას სამსახურში ყოფნისას ახერხებდნენ. რას ურჩევთ, როგორ აიძულონ თავი, მიიღონ წყალი იმისთვის, რომ მათ ორგანიზმში გაუწყლოება არ მოხდეს?

- არადა, წყლის მიღება სამსახურში ბევრად რთულია და მეტ უხერხულობას თუ დისკომფორტს ქმნის, ვიდრე სახლში... ამიტომ, თვითიზოლაციის პირობებში აუცილებელია წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება, რადგან თავიდან ავიცილოთ დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვება, რომელსაც მოსდევს ნერვული აგზნებადობა, გუნება-განწყობის ცვლილება, უენერგიობა, თავის ტკივილი და ა.შ. ამიტომაც დილით როდესაც გავიღვიძებთ, უნდა ავავსოთ 2-ლიტრიანი ჭურჭელი და ვიცოდეთ, რომ ის დღის ბოლომდე უნდა დავცალოთ, - შესაძლებელია წყალში ჩავაგდოთ ლიმონი, ფორთოხალი, პიტნა და ასე დავაგემოვნოთ, იმისათვის, რომ მისაღებად მეტად მარტივი და სასიამოვნო იყოს. გარდა ამისა, წყლის მიღება, განსაკუთრებით ამ დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმიდან ვირუსის ელიმინაციისათვის ანუ გამოდევნისთვის და ასევე მადის დასაქვეითებლად.

- დღეში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ, რა რაოდენობით და როგორი საკვები უნდა მივიღოთ?

- დღის განმავლობაში უნდა ვიკვებოთ 4-5-ჯერ, იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი გრაფიკი. კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2,5 და მაქსიმუმ, 4 საათი, უნდა გვქონდეს საუზმე, სადილი და ვახშამი, ამასთან, 1 ან 2 დამატებითი კვება ხილით, რძის პროდუქტით ან ბოსტნეულით. ახლანდელი მდგომარეობით, იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენ იმუნურ სისტემაზე, სასურველია, კვების რაციონში ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ცოცხალი სახით, რათა ორგანიზმმა მიიღოს ყველა საყუათო ნივთიერება, რაც აუცილებელია ჩვენი მეტაბოლიზმისთვის.

იზოლაციის პირობებში, როდესაც პროდუქტების მომარაგება გვიწევს, რთულია, რძის პროდუქტებზე და ხორცზე საუბარი, მაგრამ მათი სრულად ამოღება რაციონიდან რეკომენდებული არ არის. საქართველო მდიდარია ხილით და ბოსტნეულით და ჩვენ ამ სეზონზე გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის მალფუჭებადი, მაგალითად, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი; ჯერჯერობით გვაქვს ქართული ციტრუსიც, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, ასევე ამ დროს რაციონში სასურველია შეტანილი იყოს ავოკადო (მასში ცხიმების დიდი რაოდენობის არსებობის გამო), გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომლისგანაც შეიძლება მივიღოთ გარკვეული რაოდენობის D ვიტამინიც და არ უნდა დაგვავიწყდეს თხილეული: ნიგოზი, ნუში, ტყის თხილი...

- სტრესმა ტკბილ პროდუქტებზე მიძალება იცის. სიტკბო კი ხელს უწყობს წონის მომატებას. როგორ შევიკავოთ თავი ამ ცდუნებისგან?

- უნდა მოვიძიოთ ჩვენთვის საყვარელი საქმე, რომ ავიმაღლოთ გუნება-განწყობა, რადგან სტრესი, გარდა იმისა, რომ მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე და იწვევს ტკბილის მოთხოვნილების გაზრდას, ასევე უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ზრდის ვირუსით ინფიცირების რისკს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დადებითი ემოციები, გავზარდოთ ფიზიკური აქტივობა, რომელიც ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას.

- კარანტინისთვის და თვითიზოლაციისთვის დიეტოლოგების მიერ, ამ პერიოდში რაიმე დიეტაც ხომ არ შეიქმნა, ან თქვენ ხომ არ შემოგვთავაზებდით?

- არსებობს კონკრეტული პროდუქტები, რომელიც მოწოდებულია ამ ეტაპზე მსოფლიოში ცნობილი ნუტრიციოლოგების მიერ:

  • ბროკოლი
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სტაფილო
  • ფორთოხალი
  • ლიმონი
  • ლობიო
  • ბარდა
  • ავოკადო
  • თხილი
  • ნუში
  • მწვანე ხახვი
  • მსხვილად მიღებული მარცვლეული

- ეს არის ის პროდქუტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დღის განმავლობაში რაციონში და მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია, ჭარბი წონა და სიმსუქნე ერთ-ერთ იმ მაღალი რისკის ფაქტორებშია, რომლის დროსაც არა მხოლოდ კორონავირუსი COVID 19-ით, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსით ინფიცირების შანსი იზრდება. ასე რომ, გვახსოვდეს და არ დაგვეზაროს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელიც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი.

"ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს" - ლევან რატიანი

თვითდასაქმებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

რას ამბობს მარინა ეზუგბაია ბოლო 24 საათში 19 ახალი ინფიცირებულის შესახებ