ავტორი:

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

ანა ფორტუნატო ამერიკაში მცხოვრები იტალიური წამოშობის 90 წლის ქალია, რომელმაც COVID-19 დაამარცხა. მისი სიტყვები კი დღეს სხვებისთვის იმედის მომცემია. გამოჯანმრთელებული ანა კორონავირუსით ინფიცირებულებს ახლა რჩევებს აძლევს. მისი თქმით, მთავარი პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

როგორც New York Post წერს, ანა იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის ქვრივია და 5 შვილი ჰყავს. გამოცემის ცნობით, მან ვირუსი დაამარცხა მიუხედავად იმისა, რომ თანმდევი დაავადება, ასთმა აწუხებს.

სიმტომები 13 მარტს იგრძნო. COVID-19-ის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრს არ ფიქრობდა.

"ყელი მტკიოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ გაციება იყო, ჩემს შვილს, ტერეზას დავურეკე და ვუთხარი, რომ კარგად ვარ“, - ჰყვება ანა.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში ახველებდა და სასწრაფოში დარეკა. შვილს ტელეფონით ესაუბრებოდა და ახლა იხსენებს, რომ მის თვალებში შიშს ხედავდა.

ტერეზას ვუთხარი - "ნუ დარდობ, მე კარგად ვიქნები, ჯერ ღმერთს საერთოდ არ ვჭირდები და მას სურს, რომ აქ, ჩემს შვილებთან ვიყო“, - იხსენებს ანა.

როდესაც მდგომარეობა დამძიმდა, შვილმა კლინიკაში უკანასკნელი რელიგიური რიტუალის ჩატარება ითხოვა, თუმცა უფლება არ მისცეს, რადგანაც მღვდლის შეყვანა ახალი ინფიცირებულების გაჩენის საფრთხეს ზრდიდა.

სწორედ იმ პერიოდში, როცა უკვე ანას შვილებს იმედი გადაწურული ჰქონდათ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექიმებს მალარიის საწინააღმდეგო წამლების გამოყენების ნება დართო, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ამ წამლების მიღების დაწყების შემდეგ, ფორტუნატოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. 13 დღეში კი, ვირუსი დაამარცხა და კლინიკიდან გაწერეს. მან არ იცის, როდის დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, როდის ჩაეხუტება ისევ შვილებს, როდის ესტუმრება მეგობრებს, მაგრამ არ წუწუნებს და ამბობს, რომ იღბლიანია.

"არ შეგეშინდეს“

"იბრძოლე, არ შეგეშინდეს, შეინარჩუნე პოზიტიური დამოკიდებულება და ილოცე, აუცილებლად წამოდექი ხოლმე საწოლიდან, მუდამ დაწოლილი ნუ იქნები... მე თუ ეს შევძელი, შენც შეძლებ.

საავადმყოფოში ამბობდნენ, რომ ჩემი შემთხვევა სასწაულია, შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე ვიბრძოლე გამოჯანმრთელებისთვის“, - ამბობს ანა.

ფორტუნატო (Fortunato) - მისი გვარი იტალიურად იღბლიანს ნიშნავს და მიიჩნევს, რომ ასეც არის. “ძალიან კარგი ქმარი მყავდა და ჩემი შვილები შესანიშნავები არიან. მე გადავრჩი იმისთვის, რომ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ვნახო...სწორედ ამიტომ ვარ ფორტუნატო“, - ამბობს ანა.

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა