ავტორი:

რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?

რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ტესტირებისას საგანგაშო შეცდომები დაფიქსირდა. აშშ-ში, ინგლისსა და ირლანდიაში, პაციენტებს ცრუ დიაგნოზები დაუსვეს, რამაც შესაძლოა, ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად დაამძიმოს.

ინგლისში დადგინდა, რომ პაცინტებს ანალიზებს არასწორი მეთოდოლოგიით უკეთებდნენ. კერძოდ, ნაცხს იღებდნენ ცხვირიდან ან პირის ღრუდან, მაშინ როდესაც ბიოლოგიური მასალის აღება უნდა მოხდეს ცხვირ-ხახიდან, სადაც ვირუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა.

ირლანდიაში კი, ასამდე პირს განუცხადეს, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ, მაშინ როდესაც ტესტის პასუხი იყო "სუსტი დადებითი". მოგვიანებით ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა კი აჩვენა, რომ სინამდვილეში ისინი ინფიცირებულები არიან.

ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ სამქანაშვილი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ირლანდიის ჯანდაცვის სისტემა, მსუბუქ პაციენტებს სახლში მკურნალობისკენ მოუწოდებს, თუმცა არავინ აკონტროლებს, იცავენ თუ არა ისინი თვითიზოლაციის წესებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამ შეცდომას, ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება მოჰყვეს.

- რამდენიმე დღის წინ ასამდე პაციენტმა ირლანდიაში მიიღო შეტყობინება, რომ არ დაუდგინდათ კორონავირუსი, ხოლო გუშინ იგივე პაციენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ კორონავირუსი აქვთ. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, გაუგებრობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პირველადი ანალიზის მიხედვით, ამ კონკრეტულ ასამდე შემთხვევაში ჯერ დადგინდა "სუსტი" ინფიცირება და ამიტომ იგივე ტესტების მეორედ ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო, რის მერეც ინფიცირება დადგინდა.

ამ ასამდე პაციენტს უნდა მისვლოდათ შეტყობინება არა ის, რომ არ დაუდგინდათ ვირუსი, არამედ ტექსტი უნდა მიეღოთ პირველი ანალიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგების და მეორედ ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. შეტყობინებები არასწორად გაიგზავნა.

სხვა მხრივ, ქვეყანაში სოციალური საკითხები ბრწყინვალედ არის მოგვარებული. იმ პირთათვისაც კი, ვინც არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში, გათვალისწინებულია ფულადი დახმარება საკვების, პირველადი მოხმარების საგნებისა და საცხოვრებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად, იმავეს ვერ ვიტყვით ჯანდაცვის საკითხებზე.

- გვიამბეთ, ირლანდიაში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის შესახებაც...

- ქართული საზოგადოება "მუზარადის" სახელით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეხმარება ქართველ ემიგრანტებს პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაში, იქნება ეს ჯანმრთელობასთან თუ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი ემიგრანტი საქართველოდან არაა კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსის გამო. გვყავს რამდენიმე ინფიცირებული, რომელიც უკეთ გრძნობს თავს.

ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა, რომლის მიხედვითაც მძიმე პაციენტს ენიშნება ტესტირება სწრაფად და ეს ეხება ისეთ პაციენტებსაც, ვისაც არ აქვს სტატუსი, არც სოციალური ნომერი, არც რაიმე საბუთი და არ ფლობს ენას" - უყვება ქართველი ემიგრანტი AMBEBI.GE-ს.

დავინტერესდით, რა შემთხვევაში შეიძლება "გაიპაროს" შეცდომა და არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ საქართველოშიც მოხდეს სხვა ქვეყნების მსგავსი ცდომილება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში ტესტირება სწორი მეთოდოლოგიით ტარდება და ჯანდაცვის სისტემა „ოქროს სტანდარტს", ე.წ PCR ტესტით ტესტირებას იყენებს. ხოლო მკაცრი კარანტინის სისტემა იმის გარანტია, რომ საბოლოო პასუხის დადგენამდე, ვირუსის გავრცელების რისკი არ შეიქმნება.

თუმცა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ მცდარი დიაგნოზისგან არც საქართველოა დაზღვეული. მისი თქმით, დღესდღეობით არსებული ყველა ტესტი ცდომილებას შეიცავს, გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ბრონქოსკოპია, რომელიც მხოლოდ მძიმე პაციენტებს უტარდებათ.

- ზოგადად ნებისმიერ ტესტს თუ მეთოდს გააჩნია ცდომილება,100%-იან შედეგს არცერთი იძლევა. ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PCR მეთოდიც კი, რომელიც „ოქროს სტანდარტად“ არის აღიარებული, სრულყოფილად ვერ ადგენს ადამიანის ორგანიზმში ვირუსის არსებობას.

ცხვირ-ხახიდან აღებული ნაცხის ანალიზებმა აჩვენა, რომ შედეგი არის მხოლოდ 70%-იანი. ასე, რომ ეს რისკი არსებობს ყველგან და მათ შორის საქართველოშიც

არ არის მარტივი ანალიზების მეთოდების სწორად შერჩევა და ჩატარება. ყველაზე მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება ბრონქებიდან ამონარეცხის ტესტირება, მაგრამ ეს რუტინულად, ყველასთან ვერ გამოიყენება. ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის რეანიმაციული პაციენტი. სხვა ჩვეულებრივ ტესტებს კი აქვს ცდომილებები და ჩვენ ამას შეგუებულები ვართ.

მასალა უნდა იყოს აღებული არა ცხვირიდან ან პირიდან, არამედ ცხვირ-ხახიდან, სიღრმიდან უნდა მოხდეს აღება. ჩვენს მედპერსონალს უტარდებათ პერმანენტული ტრენინგი, თუ როგორ უნდა ჩაატარონ სწორად ეს პროცესი და ვიცი, რომ პროფესიონალურად კეთდება.

მიუხედავად ამისა, რისკი არსებობს, რომ ცრუ უარყოფითი იყოს. ყველა რეაქტივს, იქნება ეს PCR თუ სხვა, აქვს ერთი პრობლემა - რომელი კომპანიის წარმოებულია და რა ხარისხისაა. მთავარია, სწორად იყოს შერჩეული რომელი რა დროს, რა ეტაპზე უნდა გაკეთდეს, როდის - სწრაფი ტესტი და რა ეტაპზეა საჭირო PCR, ამას უნდა ცოდნა და დაკვiრვება" - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ერთი კვირის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში ტესტების მარაგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, გზაშია კიდევ 18 000 ცალი. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია.

"ამაყი ვარ... ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა" - პაატა იმნაძე

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

23 მაისიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა - ირაკლი ჩიქოვანი