ავტორი:

რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ქვეყნებს ტესტირების სტრატეგიის ფართომასშტაბიანი დანერგვისკენ მოუწოდებს.

საქართველოში სწრაფი ტესტების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების საგანიც კი გახდა, ქვეყანაში რამდენიმე ასეული ტესტი უკვე შემოვიდა და ის ძირითადად საკარანტინე ზონებში გადანაწილდა ინფიცირებულთა სწრაფად გამოსავლენად.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ტესტირების რა საშუალებები არსებობს სხვა ქვეყნებში და როგორ იყენებენ მათ მსოფლიოში.

COVID-19-ის დასადგენი ტესტების უმეტესობა ამჟამად, გენეტიკური მასალის ცხვირიდან ან ყელიდან ნაცხის აღების მეშვეობით კეთდება. ასეთ, მოლეკულური დიაგნოსტიკის ტესტს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (Polymerase chain reaction - PCR) ტესტი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სწორედ ამ ტიპის სწრაფი ტესტები უტარდებათ სიმპტომების მქონე ადამიანებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, 1000 ცალი ტესტი, რომელიც ჩინეთმა საჩუქრად გამოგზავნა და მათ უკვე იყენებენ საკარანტინე ზონებში კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად, PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მაღალი სანდოობის ტესტებია.

ჩინეთიდან საქართველოში საჩუქრად გამოგზავნილი ტესტები PCR ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული

  • როგორ მუშაობს PCR-ტესტი?

PCR ტესტს შეუძლია, აღიქვას ადამიანის ორგანიზმში არსებული ვირუსი, მაგრამ უკვე გადატანილ ინფექციაზე ინფორმაციას არ იძლევა. ტესტს „სამუშაოს დასასრულებლად“ 4-დან 6 საათამდე სჭირდება, თუმცა, ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნის აუცილებლობის გამო, პასუხისთვის საჭირო დრო 24 საათამდე იზრდება.

Bloomberg-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ PCR-მა კორონავირუსის 470 000 შემთხვევაზე მეტი დაადგინა - აღნიშნული ტესტი ოქროს სტანდარტია, თუმცა მისი მარაგები შეზღუდულია, რის გამოც სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს, ის მხოლოდ იმ ადამიანებზე გამოიყენოს, რომლებიც ყველაზე მეტად იმყოფებიან რისკ-ჯგუფებში.

ის ძალიან მგრძნობიარეა, ეძებს ვირუსის რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) და აღებულ ნაცხში ვირუსის ერთი ნაწილაკის აღქმაც კი შეუძლია. ხოლო თუ რატომ იღებენ ნაცხს მაინცდამაინც ცხვირიდან ან ყელიდან, ეს იმის გამო ხდება, რომ ვირუსი ამ ადგილებში მრავლდება. PCR ადიდებს გენეტიკურ მასალას, რაც ვირუსის აღმოჩენას უფრო ამარტივებს.

  • რა ტიპის სწრაფ ტესტებს იყენებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები?

ზოგიერთი ქვეყანა ტესტირების სხვა, სწრაფ მეთოდზე ცდილობს გადასვლას, რომლებიც ძირითადად სისხლის აღების საშუალებით კეთდება. მაგალითად, ირლანდია მუშაობს იმგვარ სწრაფ ტესტზე, რომელიც SARS-CoV-2-ზე ანუ კორონავირუსზე პასუხს დაახლოებით 15 წუთში, სისხლის 0.01 მილილიტრის საფუძველზე იძლევა.

დაახლოებით ამგვარი ტესტის გაჩენა შეიძლება, მოსალოდნელი იყოს ავსტრალიაშიც, სადაც 30-წუთიანი ტესტები უკვე არსებობს. თუმცა, როგორც Guardian-ზე ვკითხულობთ, ავსტრალიაში (სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უტარდება ტესტირება) მიუთითებენ, რომ PCR ტესტთან შედარებით, 15-წუთიანი სწრაფი ტესტის სიზუსტე ნაკლებია, რადგან ის ვირუსის ნაცვლად, ანტისხეულებს აღიქვამს, რის გამოც შეიძლება, ავადმყოფობის რომელიმე, შეუსაბამო ფაზაში გაკეთებულმა ტესტმა პასუხად "ყალბი უარყოფითი" აჩვენოს.

ბიოტექნოლოგიური და ტესტირების სტარტაპები ყველაზე სწრაფი, იაფი და ეფექტური ტესტების საკუთარი ვერსიის შექმნას ცდილობენ, რომელიც, ასევე სასურველია, რომ კომპაქტური, პორტატული იყოს. გასულ კვირას, ზოგმა მათგანმა ისიც გამოაცხადა, რომ სახლის პირობებზე მორგებულ ტესტებზე მუშაობენ. თუმცა, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს თანამდებობის პირების თქმით, ამ ტესტებმა შეიძლება, არაზუსტი შედეგები აჩვენოს.

  • ვინ დაწინაურდა ტესტების დანერგვაში?

სამეცნიერო გამოცემა Nature-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რეგულაციებისა და მზაობის კომბინაციამ საშუალება მისცა, ასი ათასობის ტესტის უზრუნველყოფა მოეხდინა - ასეთებად შეიძლება სამხრეთ კორეა და სინგაპური ჩავთვალოთ. შედეგად, მათ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იზოლაციის ზომებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება არ მოუწიათ. სხვა სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემებმა ტესტების გადანაწილება ასე სწრაფად ვერ მოახერხეს.

სამხრეთ კორეამ იანვრის ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ, ეპიდემის გავრცელებას საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად უპასუხა, ტესტირების მალევე გამოყენებისა და იმ პირების მონიტორინგის მეშვეობით, რომლებიც დაინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში.

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს გადამდები დაავადებების განყოფილების დირექტორის, ვერნონ ლის თქმით, ქვეყანამ ტესტი უკვე მაშინ შექმნა, როდესაც ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება იწყებოდა. ასევე, სინგაპური ტესტების გამოყენების მხრივ არსებით შემთხვევებზე კონცენტრირდა - ადამიანებზე, ვისაც მაგალითად, პნევმონია აღენიშნებოდათ ან სხვა მხრივ უფრო მეტად შედიოდნენ რისკ-ჯგუფში, ვიდრე სხვები. ლის თქმით, სინგაპური SARS-ის შემდეგ მთლიანი სისტემის მომზადებასა და გაძლიერებას ცდილობდა და ეს ყველაფერი უშუალოდ COVID-19-ის გამო არ შეუქმნია.

ანალოგიური შეიძლება ითქვას გერმანიაზეც, სადაც ტესტირებას თავიდანვე უფრო ფართო და ინტენსიური ფორმა ჰქონდა, ვიდრე - სხვა ქვეყნებში.

  • ვინ დაიგვიანა კორონავირუსთან ბრძოლაში?

ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, კორონავირუსის ახალ სახეობასთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიგვიანა, განსაკუთრებით, ტესტირების მიწოდებისა და მათი სისწრაფის დაბალი ხარისხის გამო, რამაც ვირუსის შემთხვევების დადგენა გაართულა.

საავადმყოფოები გადაიტვირთა, მწარმოებლები კი თამაშში რამდენიმე კვირით გვიან ჩართეს. აშშ-ს დაავადების კონტროლის ცენტრების გადაწყვეტილებით, ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტესტების გამოყენების მაგივრად, საკუთარ ტესტებს შექმნიან.

ნიუ იორკის სანაპიროზე 1000-საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებით გადატვირთულ საავადმყოფოებს დაეხმარება და სხვა პაციენტებს მიიღებს

ამასობაში, უნივერსიტეტების ლაბორატორიებმა დიაგნოსტიკის საკუთარი მეთოდების განვითარებაზე დაიწყეს მუშაობა. მაგრამ თავიდან, კომერციულ ლაბორატორიებს ტესტებზე მუშაობის საშუალება არ მიეცათ - აშშ-ს რეგულაციებმა, მხოლოდ 21 მარტს დაამტკიცა სწრაფი დიაგნოსტიკის ტესტები, რომელთაც მხოლოდ 45 წუთი სჭირდება კორონავირუსის დასადგენად და ის კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ, Cepheid-მა შექმნა.

აღნიშნული სწრაფი ტესტი ჯერ საავადმყოფოებს მიეწოდება, მწარმოებლის ინფორმაციით კი, მომხმარებელს ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური მომზადება ან ტრენინგი არ სჭირდებათ. მისი მეშვეობით პასუხის მიღება სწორედ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა მოხდეს (point-of-care diagnostics), რაც ნიშნავს, რომ ნიმუშების ლაბორატორიებში გაგზავნა საჭირო არ იქნება. ვარაუდობენ, რომ ტესტების საავადმყოფოებისთვის მიწოდება 30 მარტისთვის უნდა მოხდეს.

ტესტირების კუთხით თავი ვერც იტალიამ გამოიჩინა - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც მოხდა იტალიაში ვირუსის განსაკუთრებული აფეთქება.

შეგახსენებთ, საქართველომ გაწყვიტა ხელშეკრულება კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Bioeasy-თან, რომლის ტესტების სანდოობაში ესპანეთმა ეჭვი შეიტანა და შესყიდული პროდუქცია უკან დააბრუნა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სხვა კომპანიასთან, რომელიც გამოგზავნის პირველ სატესტო 2 000 ტესტს, რაც შემოწმდება და შემდეგ დაემატება ტესტების ახალი რაოდენობა.

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი კორონავირუსით დაიღუპა

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად