ავტორი:

ფსიქოლოგი თვითიზოლაციის სირთულეებზე - "რაც უფრო მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო გვაქვს უსუსურობის განცდა"

ფსიქოლოგი თვითიზოლაციის სირთულეებზე - "რაც უფრო მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო გვაქვს უსუსურობის განცდა"

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში ვაჭრობა სრულად შეწყდა, შეჩერებულია ონლაინ გაყიდვები. სახლში, იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ფაქტობრივად, მხოლოდ საკვებსა და მედიკამენტებზე მიუწვდებათ ხელი, ვეღარ ახერხებენ წიგნების, სათამაშოების, პირველადი საჭიროების სხვა ნივთების შეძენას. საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.

ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე AMBEBI.GE-ს იმ პრობლემებზე ესაუბრება, რასაც თვითიზოლაცია და ამასთან, სხვადასხვა საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის არქონა იწვევს:

- ყოველთვის ვამბობ, რომ თავად არც ერთი ფაქტი არაა ტრავმული, ტრავმულია ფაქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება და ზოგადად ის, გვაქვს თუ არა ამ დროს მხარდაჭერა. ცალსახად ვერ ვიტყვით, როგორ შეიძლება აღიქვას ფსიქიკამ პანდემიური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ ვატარებთ ამ პროცესს - რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვის გარემოცვაში ვართ და ა.შ.

ყველას არ აქვს იმის პირობები, რომ ეს დრო თავის თავს დაუთმოს და თვითგანვითარებაზე იზრუნოს. ბევრი პრობლემა მოდის წინა პლანზე, იქნება ეს ცხოვრებისეული სირთულეების გამწვავება, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის სირთულეები თუ პირადი ფსიქიკური პრობლემები. რაც უფრო ჩაკეტილ სივრცეში იქნება ადამიანი და სხვა საგნებსა თუ ქმედებებზე გადართვის საშუალება არ ექნება, მით უფრო სტრესული იქნება გარემო მისთვის

ანუ, ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში ფუნქციურად თუ არ იქნება დატვირთული, თავისი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ ექნება, სიტუაცია უფრო ტრავმული გახდება მისთვის

არსებობს ტერმინი - "დასწავლილი უსუსურობის სინდრომი", ჩატარდა კვლევა ძაღლებზე და შედეგის თანახმად, თუ ძაღლს ნებელობა ეზღუდება, შემდეგ საერთოდ აღარც გამოხატავს ამ ნებელობას. ეს რომ გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში, ადამიანებზე, თუ ნებელობა მთლიანად შეგვეზღუდა და ვერ ვიპოვით რაიმეს, რაზეც ახლა ზეგავლენის მოხდენა შეგვეძლება, შეიძლება დასწავლილი უსუსურობა ჩამოგვიყალიბდეს. სახლში ყოფნა რთული არ არის, რთულია, როდესაც ჩვენს გავლენაში მოქცეული საგნები თუ მოვლენები აღარ გვექვემდებარება და ვერაფერზე ვახდენთ ზემოქმედებას.

მეორე მხრივ, ყველა მოთხოვნილება მეორეხარისხოვანია, როდესაც წინაა წამოწეული ძირითადი და ბაზისური - უსაფრთხოების მოთხოვნილება. თუმცა, მისი შემდეგი ეტაპებია თვითრეალიზაცია, სოციალიზაცია და ა.შ. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია რომ გავიხსენოთ, რაც უფრო ბევრი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო შეიძლება, გვქონდეს უსუსურობის შეგრძნება, შემდეგ კი ამ განცდასთან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი.

- გაიზარდა თუ არა იზოლაციის დროს მომართვიანობა და ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები ამ პერიოდში?

- პირველი ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა ნაკლებად იყო. დაახლოებით მესამე კვირის დასაწყისში მოიმატა შფოთვამ, აგრესიამ, გაღიზიანებამ, რადგან ოჯახის წევრებმა ერთმანეთის სივრცეები ძალიან უხეშადაც დაარღვიეს, მაგალითად, როცა ერთი მუშაობს, მეორე მეცადინეობს, მესამეს კი ინფორმაცია აინტერესებს. აქამდე არ იყო ვალდებულება, რომ 24-საათიანი კონტაქტი გვქონოდა ერთმანეთთან.

ახალი გამოწვევაა, რომ ოჯახის წევრები უკეთ გავიცნოთ, მაგრამ მეორე მხრივ, პირადი სივრცის პრობლემა დგება. ძალიან ხშირადაა მომართვიანობა მშობლებისგან, ბავშვების ქცევა რადიკალურადაა შეცვლილი და ფაქტობრივად, კომუნიკაციის ახალი ენის გამოგონება უწევთ, თავიდან უნდა დაარეგულირონ მათთან ურთიერთობა.

ხშირია აპათიაც, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ აღარაფერს აქვს აზრი. განზოგადებით იმის თქმა შემიძლია, რომ ვიღაცას, ვინც რაღაც სირთულეს აწყდებოდა, თუმცა მას უმკლავდებოდა, ახლა ამაში მხარდაჭერა სჭირდება. ასე რომ, მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა მისი ტიპი განსხვავებულია - თუ ზოგად ჭრილში ვიტყვით, რომ გაზაფხულზე ფსიქოთერაპიაში ნაკლები მომართვიანობაა (ამ დროს ძირითადად, ბუნება, გარემო და ამინდი ზოგადად, თავად მოქმედებს დადებითად განწყობაზე), ახლა სამწუხაროდ, ამ მოვლენებიდან გამომდინარე პირიქითაა.

- როგორ უნდა გაართონ მშობლებმა იზოლაციაში მყოფი ბავშვები, გამონახონ მათთან საერთო ენა და პარალელურად, ნეგატივიდან ყურადღებაც გადაატანინონ?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მშობელმა ჯერ თავის ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოს, რადგან ბავშვის ქცევის პრობლემა აუცილებლად გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ აღიქვამს მშობელი არსებულ მდგომარეობას, თვითონ როგორ ცხოვრობს, რა ემოციები აქვს ყოველდღიურად. დანარჩენი, მაგალითად, შეიძლება იყოს კრაფტი, ოჯახური თამაშები, როლური თამაშები და ა.შ. ეს მშობლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, ასევე, ბავშვს ასაკის მიხედვით უნდა შევურჩიოთ მისთვის მისაღები და საინტერესო აქტივობა.

- ამაშიც პრობლემას ვაწყდებით, კრაფტების და თუნდაც, საბავშვო წიგნების ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია...

- გეთანხმებით, ჩემს ახლობლებშიც იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც პრობლემა გასაფერადებლების ამობეჭდვას უკავშირდებოდა - ოფისი არ იყო. ცხადია, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არადა ბავშვებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო აქტივობაა.

- ამ ფონზე, როდესაც მომართვიანობა, გაღიზიანებადობა გაზრდილია, ადამიანები ვერ კავდებიან საკუთარი საქმით თუ ჰობით, დეპრესიული ფონისგან ალტერნატიულად როგორ უნდა დაიცვან თავი?

- უმნიშვნელოვანესია, ადამიანს ჰქონდეს შეგრძნება, რომ მისი ენერგია რაღაცას ხმარდება. თუ ენერგიას რაღაც კონკრეტული ქმედებისკენ არ მივმართავთ, მას ცუდი თვისება აქვს - მერე ისევ ჩვენ გვიბრუნდება, ოღონდ უკვე ნეგატიური მუხტით და თვითაგრესიაში, ან სხვაზე აგრესიაში გადადის.

ფაქტობრივად, ფსიქიკური ენერგია არც დადებითია, არც - უარყოფითი, მაგრამ როგორც ელექტროენერგია, მთავარია, რისკენ მივმართავთ: ელექტროენერგიით შეგვიძლია ელექტროსკამი გავაკეთოთ ან შუქი ავანთოთ. ფსიქიკურ ენერგიასთან დაკავშირებითაც მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ გამოვიყენებთ. მისი დადებითი გახარჯვა თუ არ მოხდა, სამწუხაროდ, მერე ამას შეიძლება, სავალალო შედეგებიც კი მოჰყვეს.

ფსიქიკური ენერგიის დადებითად გახარჯვას უკვე თავის ტვინი და რაციონალური კუთხე აყალიბებს. რაც უფრო იცნობს ადამიანი თავის თავს, მით უფრო უადვილდება ფსიქიკური ენერგიის მართვა. თუ ნაკლებად იცნობს, სჭირდება დამატებითი ფაქტორები - თუნდაც „ფაზლი“, ააწყოს და დამშვიდდეს, ან არტთერაპიული გასაფერადებლები, რომ ფსიქიკურ ენერგიას დინება მისცეს და დამშვიდდეს, ან თუნდაც, ფსიქოთერაპევტს მიმართოს.

- ხელისუფლების მიმართ კრიტიკაც ისმის - მიტანის სერვისი მხოლოდ საკვებზე არსებობს. შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო ამ შეზღუდვებით არ ეხმარება მოქალაქეს შედარებით ადვილად გადაიტანოს ეს პერიოდი, მაშინ როდესაც ის კანონს იცავს და სახლში რჩება?

- მესმის რეგულაციების მიღება ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა ემოციური ფონი მაღალი იყო, მესმის, რატომ იქნა მიღებული ასეთი ერთიანი, ცალსახა გადაწყვეტილებები. მაგრამ, სიტუაციის შედარებით დარეგულირების შემდეგ, შეიძლება, ეს მკაცრი ზომები უკვე გადაიხედოს და უკვე სხვა თემებზეც ვიზრუნოთ, იქნება ეს ემოციური სტაბილურობა, ფსიქიკური სიჯანსაღე თუ სხვა.

ფიზიკური უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რადგან სამწუხაროდ, სწორედ ფსიქოლოგიურმა უსაფრთხოებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სირთულები. არ ვემხრობი აზრს, რომ ხელისუფლებამ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა, იმ ეტაპზე ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ უკვე საჭიროა ცვლილება - როგორც გითხარით, პირველი ორი კვირის განმავლობაში ყველა რეგულაცია აბსოლუტურად მისაღები იყო, რაღაცნაირად, მოცდის რეჟიმში იყო ფსიქიკაც და ადამიანიც, გადავადებული გვქონდა შფოთვის ამბავიც, პროტესტებიც.

პრობლემები უკვე მესამე კვირიდან წამოვიდა და უკვე გვჭირდება ფსიქიკურადაც პატარ-პატარა საკვები, რომ შფოთვას მიმართულება მივცეთ. ამიტომ, ალბათ უმჯობესია, რაღაც ტიპის გამონაკლისები იყოს, ან მეტად დაბალანსდეს ეს ყველაფერი, თუნდაც ბავშვებისთვის გარკვეული ტიპის სათამაშოების მიწოდება - მათი ფსიქიკისთვის ეს აუცილებელია. ნელ-ნელა ამ ყველაფრის ხელმისაწვდომობა აუცილებელი ხდება.

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალულია 27 აპრილის დღის ბოლომდე

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"