ავტორი:

ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"

ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექიმ ენტონი ფაუჩის ხმა აშშ-ში დღეს ყველაზე სანდო ხმად მიიჩნევა. მის რჩევებს საზოგადოების დიდი ნაწილი ითვალისწინებს. კორონავირუსთან ბრძოლის დროს, მისი განცხადებები ადამიანებს ფაქტებისა და ყალბი ინფორმაციის გამიჯვნაში ეხმარება.

თუ ექიმი ენტონი ფაუჩი იტყვის, ეს ნიშნავს, რომ სანდოა, ნიშნავს, რომ მას უნდა დაუჯერო, მისი რეკომენდაციები გაითვალისწინო.

საზოგადოებაში ვირუსებით გამოწვეული შიში და დაბნეულობა ფაუჩისთვის ახალი არ არის - 30 წელზე მეტია იბრძვის HIV ინფექციის, სარსის, მერსის, ებოლასა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ფაუჩი აშშ-ში დაახლოებით იმავე უწყებას ხელმძღვანელობს, რასაც ამირან გამყრელიძე საქართველოში - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. თუმცა, მისი პერსონა საქართველოში კორონავირუსთან მებრძოლ კიდევ ერთ მედიკოსს - თენგიზ ცერცვაძესაც მოგაგონებთ.

ფაუჩი მოქალაქეებს ესაუბრება მარტივი და გასაგები ენით, სამედიცინო ინფორმაციას არასამედიცინო ლექსიკით აცნობს.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი და ქვეყნის მთავარი ექიმი 79 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ით ინფიცირების რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ასაკისა, ამ რთულ პერიოდში დღე და ღამე მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს.

საათების განმავლობაში ესაუბრება ტელევიზიებს, ახალი ამბების სააგენტოებს, აქვს ჩართვები ინტერნეტში და საზოგადოებას COVID-19-ზე დაუღალავად აწვდის ინფორმაციას. ამასთან ერთად, ახერხებს იცხოვროს ჯანსაღად, ყოველთვის ვარჯიშობს და დროს გამამხნევებელი სირბილისთვისაც პოულობს.

ფაუჩი კორონავირუსის პანდემიის დროს ტრამპის ადმინისტრაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი მონაწილეობის გარეშე პრეზიდენტი ბრიფინგებს კორონავირუსთან დაკავშირებით იშვიათად მართავს. ასე იმიტომ ხდება, რომ ექიმი ამერიკაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს და როგორც "ალ ჯაზირა“ წერს, ამას ბოლო კვლევებიც ადასტურებს.

ფაუჩი ბრუკლინში, ნიუ-იორკში შობის ღამეს, 1940 წელს, იტალიურ-ამერიკულ ოჯახში დაიბადა.

ის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1984 წლიდან მუშაობს. ენტონი ფაუჩი ახლა ტრამპის ადმინისტრაციის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფში მთავარი ადამიანია.

ფაუჩი მსოფლიოში აღიარებულია როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტი. რონალდ რეიგანის შემდეგ, ის აშშ-ის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო. დიდი წვლილი აქვს შეტანილი HIV ინფექციის კვლევაში.

  • ექიმ ფაუჩის ადრეული ცხოვრება

ფაუჩის მამას კოლუმბიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ფარმაცევტი იყო. პატარა ენტონი მუდმივად რეცეპტებსა და წამლების შემადგენლობას ეცნობოდა. ფაუჩის ბებია და ბაბუა - ანტონინო ფაუჩი და კალოგერა გუარდინო იტალიიდან, სიცილიის რეგიონიდან იყვნენ. მისი წინაპრები მე-19 საუკუნის მიწურულს იტალიიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ენტონი ფაუჩი კათოლიკეა.

მან მანჰეტენზე „რეჯის ჰაი სქული“ დაამთავრა და სკოლაში კალათბურთის გუნდის კაპიტანიც კი იყო. სკოლის შემდეგ სწავლა Holly Cross-ის კოლეჯში გააგრძელა, რომელიც 1962 წელს დაამთავრა და ხელოვნების ბაკალავრის სტატუსი მიიღო. ამის შემდეგ ფაუჩი ამერიკის კვლევითი უნივერსიტეტის, კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში იწყებს სწავლას, სადაც 1966 წელს მედიცინის დოქტორის სტატუსი მიიღო. გაიარა სტაჟირება, მუშაობდა კორნელის სამედიცინო ცენტრში.

1968 წელს ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს შეუერთდა და 1974 წელს კლინიკური ფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, 1980 წელს იმუნორეგულაციის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1984 წლიდან ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელია.

ექიმ ფაუჩს ამერიკისა და მსოფლიოს 30 უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება აქვს.

  • ექიმის ოჯახი

ფაუჩი ბიოეთიკოსსა და მედდაზე, კრისტინ გრედიზეა დაქორწინებული. მათ ერთმანეთი პაციენტის მკურნალობის დროს გაიცნეს. კრისტინი ჯანდაცვის კლინიკური ცენტრის ეროვნულ ინსტიტუტში ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს - ჯენიფერი, მეგანი და ელისონი.

ფაუჩი ცოლთან და შვილებთან ერთად - ფოტო წლების წინ არის გადაღებული
  • ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან

ფაუჩი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია იდგეს ტრამპის გვერდით და პრეზიდენტის იდეებს საჯაროდ შეეწინააღმდეგოს. მაგალითად, მას ჟურნალისტებმა სთხოვეს, რომ ტრამპის იმ განცხადებასთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი მალარიის საწინააღმდეგო წამალს კორონავირუსის წინააღმდეგ რეკომენდაციას უწევდა.

"არის თუ არა წამალი იმედისმომცემი?“ - ჰკითხეს აშშ-ის მთავარ ექიმს.

ფაუჩმა, რომელიც ამ დროს ტრამპის გვერდით იდგა, თქვა: "პასუხი არის, არა... მტკიცებულებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ანეკდოტურია. მე ვემსახურებოდი 6 პრეზიდენტს და არასოდეს გამიკეთებია განცხადება და არ გამიცია რეკომენდაციები მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე".

ის ყოველთვის ღიად ამბობს იმას, რაც არ მოსწონს. მაგალითად, CNN-ის ეთერში 12 აპრილს თქვა: "ადრე რომ დაგვეწყო სოციალური დისტანცირება, ადმინისტრაციას გამოეცა ბრძანება სახლში დარჩენის შესახებ, შესაძლოა, მეტი სიცოცხლე გადაგვერჩინა“.

ამის პასუხად კი ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: "უკაცრავად ყალბ ამბებთან, მე ჩინეთში მიმოსვლა დიდი ხნის წინ ავკრძალე, ყველაფერი ფირზეა".

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ტრაპსა და ფაუჩის შორის უთანხმოებაზე დაიწყეს ლაპარაკი, პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტი წაშალა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰოგან გიდლიმ კი განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ხდება.

"ექიმი ფაუჩი პრეზიდენტ ტრამპის სანდო მრჩეველია“, - ამბობდა გიდლი. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ფაუჩიმაც. მან თქვა, რომ ზოგიერთ საკითხზე ისინი ვერ თანხმდებიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

"პრეზიდენტი ისმენს იმას, რასაც მე და სამუშაო ჯგუფის წევრები ვეუბნებით. როდესაც მე ვაძლევ რეკომენდაციებს, ის იღებს მათ. იდეა, რომ ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდგეები ვართ, არავის წაადგება. ჩვენ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს, ვიდრე უთანხმოებაა“, - ამბობს ფაუჩი.

ფოტოები კალიფორნიიდან, სადაც მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან - 8 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია

"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს

2-თვიანი კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ, მასკის ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა - გაიცანით  ასტრონავტები, რომლებმაც ისტორიული მისია შეასრულეს