ავტორი:

უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები

უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი იზოლაციური გარემო განსაკუთრებით მწვავედ ბავშვების ჯანმრთელობაზე აისახება. ჟანგბადით მდიდარი ჰაერისა და მზის სხივების ნაკლებობა მათ ზრდა-განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

როგორ უნდა იზრუნონ მშობლებმა ბავშვების იმუნიტეტის ამაღლებაზე კარანტინის პირობებში და რომელი კურორტებია რეკომენდირებული ბავშვებისთვის წელს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE პედიატრ ილონა ხიზანეიშვილს ესაუბრა:

- რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას იზოლაციურმა გარემომ ბავშვების ჯანმრთელობას?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სტრესული გარემოს შესახებ. ეს ბავშვს ემოციურ პრობლემებს უქმნის. საერთოდ, ბავშვს აუცილებლად სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, ახალი ემოციები, ახალი გასართობები, რომელიც გარემოს უკავშირდება, ამ ყველაფერს კი იგი იზოლაციის გამო მოკლებულია. ამასთან, თუ ბავშვი მუდმივად კომპიუტერზეა მიჯაჭვული, ეს კიდევ დამატებითი პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი დრო მრავალფეროვნებით დავტვირთოთ, შეძლებისდაგვარად. ეს იმისთვის, რომ ბავშვებს დეპრესია არ განუვითარდეთ. გარდა ამისა, იზოლაციის გამო მათ შეიძლება მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეთ მშობლებთან და შემდეგ გარემოსთან ადაპტირება გაუჭირდეთ.

ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის ნაკლებობა განსაკუთრებულად მწვავედ აისახება ბავშვებზე, რადგან იგი იწვევს ყველა იმ პროცესის შეფერხებას, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თვითიზოლაციის შემდეგ აუცილებელია ბავშვების გასეირნება სუფთა ჰაერზე.

ესპანეთმა დაუშვა რეგულაციები, რომ 12 წლამდე ბავშვები აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა გაიყვანონ. სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში და ა.შ. იზოლაცია იწვევს ნივთიერებათა ცვლის მთელ რიგ დარღვევებს, ჟანგოაღდგენითი რეაქციების შეფერხებას, D ვიტამინების გამომუშავების პრობლემას და სხვა მთელ რიგ დარღვევებს. რაც თავის მხრივ იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. ამიტომ აუცილებელია როგორც მთის, ისე ზღვის სუფთა ჰაერი.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა კურორტების სწორად შერჩევისას და კორონავირუსის პირობებში რომელი კურორტებია რეკომენდირებული?

- უპირველესად მხედველობაშია მისაღები ბავშვის ასაკი. 2 წლამდე ასაკის ბავშვს მაღალმთიან ჰაერზე ვერ გავიყვანთ. მათთვის უფრო დაბალ და საშუალომთიანი კურორტებია რეკომენდირებული. ამ საგანგებო მდგომარეობის გამო კურორტებზე წასვლის დიდი არჩევანი არ აქვთ მშობლებს. თუმცა თბილისის შემოგარენში ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კურორტები: მანგლისი, კიკეთი, კოჯორი, წყნეთი და ა.შ. ესენი საშუალო და დაბალმთიანი კურორტებია და ჰაერისა და მზის სხივების მიღების მიზნით არაჩვეულებრივი საშუალებაა. მთავარია ბავშვი გაიყვანოთ ჩაკეტილი სივრციდან და მიიღოს ჯანსაღი ჰაერი.

ძალიან კარგია ასევე აბასთუმანი და ბაკურიანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კურორტებს ტყის მასივებიც აკრავს გარს, ჰაერი ოზონით გაჯერებულია, სუფთა და გამჭვირვალეა და ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვების სასუნთქ სისტემაზე. ამასთან მზის სხივებზე გამომუშავდება D ვიტამინი, რომლის დეფიციტი რაჰიტის განვითარებას უწყობს ხელს, იგი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. 3-4 წლიდან ბავშვები უკვე შეგვიძლია წავიყვანოთ მაღალმთიან კურორტებში. გზები რომ გაიხსნება, უნიკალურია ბახმაროს ჰაერი. რაც უფრო მაღალია წნევა, ანუ რაც უფრო მაღალმთიანია კურორტი, იზრდება ძვლის ტვინის ფუნქციის აქტიურობა. ამდენად მნიშვნელოვანია მაღალმთიან კურორტებზე დასვენება. მთის კურორტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზღვის ჰაერიც.

არსებობს მოსაზრება, რომ ტენიან გარემოში კორონავირუსი ვერ ცოცხლობს, ამიტომ თუ იქნება საშუალება, კარგი იქნება ზღვის ჰაერიც.

თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა მოახერხოს დისტანცირებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს, ნებისმიერი კურორტი.

- როგორ უნდა გავუძლიეროთ ბავშვებს იმუნიტეტი იზოლაციის პირობებში?

- საერთოდ, იმუნიტეტმა რომ შეასრულოს მისი ჩვეული ფუნქცია - შეებრძოლოს უცხო ბაქტერიებს და დაიცვას ორგანიზმი დაავადებებისგან, უნდა გვქონდეს სრულფასოვანი კვება, ვარჯიში და სრულფასოვანი ძილი. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს თავის ავადობის ნორმა აქვს. ზოგჯერ მოდიან მშობლები და მეუბნებიან, რომ აი, ბავშვი უკვე ხუთჯერ გამიხდა ავად და როგორ ავუმაღლო იმუნიტეტიო.

ბავშვის ავად გახდომა გარკვეული პერიოდულობით, არა რა თქმა უნდა ხშირად, ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი განგაშს არ საჭიროებს. უფრო საყურადღებოა, როგორ ებრძვის ბავშვის ორგანიზმი ამ ბაქტერიულ დაავადებებს, ურთულდება თუ მალე გამოდის მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ იმუნიტეტი გვქონდეს წესრიგში და ბავშვის ორგანიზმი კარგად შეებრძოლოს ვირუსებს, საჭიროა პირველ რიგში სრულფასოვანი კვება.

არსებობს ასეთი გამონათქვამი: ზოგჯერ ჩვენი სახლი სავსეა საკვებით, მაგრამ ჩვენ შიმშილი გვკლავს. რატომ? იმიტომ რომ ეს საკვები არასრულფასოვანია. არამც და არამც არ უნდა მივცეთ ბავშვებს ტკბილეული, რომელიც ნაჯერი ცხიმებითაა გაჯერებული. ასევე მავნებელია ორგანიზმისთვის და აქვეითებს იმუნიტეტს კონსერვანტები და ემულგატორებით სავსე ფერადი საკვები.

ისინი კატეგორიულად უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან და ბავშვები დავტვირთოთ ნატურალური საკვებით: ხორცით, ხილ-ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით. ამასთან, 3-4 წლიდან ბაშვები უნდა შევაჩვიოთ უკვე ცივი პირსახოცით დაზელვას, ვარჯიშს, 5-10 წუთიან შხაპს და ა.შ. გარდა ამისა, იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი. ჩვენი წინაპრების გამონათქვამი არის სრული ჭეშმარიტება, რომ ბავშვი ძილში იზრდება, თუ ბავშვს არ სძინავს 9-დან 11 საათამდე, ზრდის ჰორმონი ნაკლებად გამოიყოფა,

- გავრცელებული მოსაზრებით, კორონავირუსი ბავშვების მიმართ ლოიალურია... რამდენად არგუმენტირებულია ეს მოსაზრება?

- კორონავირუსი იმდენად უცნაური ვირუსია და იმდენად სწრაფად დაატყდა თავს მსოფლიოს, უცებ დაიწყეს უამრავი კვლევის ჩატარება, მაგრამ ამ კვლევების შედეგები მაინც მოსაზრებად შეიძლება ჩაითვალოს... კვლევა დროში უნდა იყოს გაწერილი და მოიცავდეს დიდ საკვლევ ჯგუფს. ას, ორას და თუნდაც ათას კაცზე ჩატარებული კვლევა, თან ასე უმოკლეს დროში, არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ და იგი არის მხოლოდ მოსაზრება. ახლახანს გავრცელდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი არ არის კორონავირუსის გადამტანი. 200 ბავშვზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებიდან ოჯახის წევრებზეც არ გავრცელებულა ვირუსი.

"ავერსის" მარნეულის მრავალპროფილური კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი გახლავართ და გაოცებული ვარ იმით, რაც კორონავირუსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა ჩვენს საავადმყოფოში. ზამთრის თვეებში 1200-მდე ბავშვი გავატარეთ.

მათ ჰქონდათ A და B ტიპის ვირუსები. ეს ის ცნობილი ვირუსებია, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ღორის და ქათმის გრიპის სახელით იყო ცნობილი. ისინი თავის დროზე ძალიან საშიშ ვირუსად ითვლებოდა. მინდა გავავლო პარალელი კორონავირუსისა და გრიპის ვირუსების განვითარების თავისებურებებზე ბავშვებში.

ჩვენ გვაქვს ტამიფლუ. მედიკამენტი, რომელიც A და B ტიპის ვირუსებს ეტიოპათოგენეზურ მკურნალობას უზრუნველყოფს, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს ჰქონდა პნევმონია, ძალიან ბევრს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა. გამოდის, რომ გაცილებით საშიში და რთულად მიმდინარეა A და B ტიპის ვირუსები, ვიდრე კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი მედიკამენტი, იგი გაცილებით ნაკლები გართულებებით ხასიათდება. მე არ გამიგია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ რომელიმე ბავშვს საქართველოს მასშტაბით რაიმე განსაკუთრებული გართულება ჰქონოდეს. ამიტომ, გამოდის, რომ იგი ბავშებისთვის განსაკუთრებულ საშიშრეოებას არ წარმოადგენს.

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"