ავტორი:

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19-ის გამო ქვეყნების უმეტესობაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. პანდემიის საწყის ეტაპზევე ხელისუფლებებმა საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიამ ტურიზმის სექტორს მიაყენა. დღეს უკვე ზოგან იხსნება შეზღუდვების გარკვეული ნაწილი, თუმცა გაურკვეველია, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და როდის შევძლებთ მოგზაურობას.

ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რას იტყვით თუ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგეცემათ - იმ ქვეყნებში, რომლებიც უსაფრთხოდ იქნება მიჩნეული. უკვე იქმნება ქვეყნების კავშირები, ე.წ. ბაბლები, რომლებიც გეგმავენ, რომ მალე ერთმანეთთან საზღვრები გახსნან და ე.წ. სამოგზაურო დერეფანი გააკეთონ.

ამ თვალსაზრისით პიონერები არიან ავსტრალია და ახალი ზელანდია. უკვე მოიხაზა კონტურები ამ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის აღსადგენად.

  • როგორ და როდის გაკეთდება "სამოგზაურო დერეფანი"

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საზღვრის გახსნას განიხილავენ და ეს, სავარაუდოდ, აგვისტოში მოხდება.

მარტში ორივე ქვეყანამ მთლიანად დახურა საზღვრები უცხოელებისთვის, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ტურიზმს, მაგრამ ამასთანავე, მათ წარმატებით შეაჩერეს კორონავირუსის გავრცელება.

"თუ მსოფლიოში არის ქვეყანა, რომელთან დაკავშირება და საზღვრის გახსნა შეგვიძლია, უდავოა, რომ ეს არის ახალი ზელანდია“, - განაცხადა ჯერ კიდევ გასულ თვეში ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდენი კი ამბობს, რომ ძალიან სურთ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნა, მაგრამ ახლა პირველ რიგში COVID-19-ის პრევენციაზე უნდა კონცენტრირდნენ, რადგანაც როცა საზღვრები გაიხსნება, დარწმუნებულები იყონ უსაფრთხოებაში. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს არც ახალმა ზელანდიამ და არც ავსტრალიამ.

ამჟამად ორივე ქვეყანაში შიდა მოგზაურობაზეც ჯერ ისევ აკრძალვები მოქმედებს. ხოლო საზღვარგარეთიდან ბოლოს ჩასული ადამიანები 14 დღიან საკარანტინე პერიოდს გადიან.

  • მოგზაურობის ინდუსტრიის ექსპერტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთება.

როგორც CNN წერს, გასაკვირი არ არის, რომ ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ერთმანეთი აირჩიეს. მათ შორის მანძილი 2 000 კილომეტრია და მსოფლიოში ყველაზე ახლო ორმხრივი ურთიერთობა აქვთ. ავსტრალიის პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ ახალ ზელანდიაში მუშაობა და მოგზაურობა და პირიქით. ტურისტული თვალსაზრისითაც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისთვის უდიდესი კონტრიბუტორია.

  • გახდება თუ არა ახალი ტურისტული კავშირი უფრო დიდი?

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი პოლიტიკოსები უკვე მსჯელობენ, რომ სამოგზაურო კავშირს დაუმატონ წყნარი ოკეანის კუნძულები. ბოლო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძული გადაურჩა კორონავირუსს და პანდემია მათ დიდად არ შეხებიათ, მაგალითად, ფიჯიზე ვირუსის მხოლოდ 18 შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება, გუამიზე კი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაა,140 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 5 ადამიანი.

  • არის თუ არა ეს მოდელი მოგზაურობის მომავალი?

"ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამოგზაურო დერეფანი პოტენციურად შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც მოდელი დანარჩენი მსოფლიოსთვის", - ამბობს ახალი ზელანდიის ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, კრის რობერტსი. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას სჭირდებათ სიფრთხილით მოქმედება, რათა საზღვრები ძალიან სწრაფად არ გახსნან და ამის გამო კორონავირუსის ახალი ტალღა არ მიიღონ. რობერტსი ამბობს, რომ ტურისტებმა ეს ადგილები უსაფრთხო, სანდო და სუფთა ადგილებად უნდა მიიჩნიონ.

"თუ ეს მოდელი გაამართლებს და ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის ასეთი თანამშრომლობა წარმატებული გამოდგება, შემდეგ შესაძლებელი იქნება ის სხვა ქვეყნებმაც გამოიყენონ.. თუკი ჩვენ შევძლებთ ამ კუთხით წარმატების მიღწევას, დარწმუნებული ვარ, დანარჩენი სამყაროც დაინტერესდება თუ როგორ მუშაობს ის“, - ამბობს რობერტსი.

ახალ ზელანდიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რამდენიმე დღის წინ კი, პრემიერმა ჯასინდა არდენმა განაცხადა, რომ ქვეყანამ "კორონავირუსთან ბრძოლა მოიგო". საერთო ჯამში აქ COVID-19-ის 1 487 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 20 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 276 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ავსტრალიას, კორონავირუსის 6 822 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 95 პაციენტი, ხოლო 5 849 გამოჯანმრთელებული.

მამაკაცმა ახალშეძენილი სახლის ქვეშ საუკუნის წინანდელი საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინა - რა იპოვეს მისტიკურ ადგილას

რას ამბობენ ჯანმო-ში კორონავირუსის დეკემბრისა და უფრო ადრეულ შემთხვევებთან დაკავშირებით

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ