ავტორი:

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა დაფიქსირებული. დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილი შემორჩა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა და ერთ-ერთი მათგანია თურქმენეთი.

როგორც BBC წერს, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც შესაძლოა, მთავრობა სიმართლეს მალავდეს, რაც რეალურად უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს.

მაშინ, როცა მსოფლიო ვირუსს ებრძვის, ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, მილიონობით ადამიანი სახლშია გამოკეტილი, თურქმენეთში არ მოქმედებს შეზღუდვები. დაშვებულია მასობრივი თავყრილობები, მაგალითად, 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში მასობრივი ველო გარბენი მოეწყო, სადაც მთავარი ვარსკვლავი ქვეყნის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი იყო. ის ველორბოლაში თავადაც ჩაერთო.

7 აპრილს თურქმენეთში ველორბოლა გაიმართა
პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ იქ ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენად სანდოა ეს ყოველივე?

"ჯადაცვის სტატისტიკა თურქმენეთიდან არასანდოა. გასული ათწლეულის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ HIV ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ჰქონდათ, რაც არადამაჯერებელია“, - ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი, მარტინ მაკკი.

BBC-ის ცნობით, თურქმენეთში საზოგადოებას აშინებს ვირუსზე ლაპარაკი და იმის თქმა, რომ შესაძლოა საქმე COVID-19-თან ჰქონდეთ.

თებერვალში თურქმენეთის კლინიკებში პოსტერები გააკრეს, რომლებზეც კორონავირუსისგან დასაცავი წესები იყო მითითებული, თუმცა პოსტერები მალევე ჩამოხსნეს

"ჩემმა ნაცნობმა, რომელიც სახელმწიფო სააგენტოში მუშაობს, მითხრა, რომ არ უნდა მეთქვა ვირუსზე არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შემექმნება“, - ამბობს თურქმენეთის დედაქალაქის, აშხაბადის ერთ-ერთი მაცხოვრებელი BBC-სთან და ჟურნალისტს სთხოვს, რომ მისი ვინაობა არ გაამხილოს.

ცნობილია, რომ ხელისუფლება მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თუ ქვეყანაში ვირუსი გავრცელდება. თურქმენეთმა დახურა სახმელეთო საზღვრების უმეტესი ნაწილი დაახლოებით ორი თვის წინ. თებერვალში შეაჩერა ფრენა ჩინეთთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. ქალაქ თურქმენაბადში კი საკარანტინე ზონა შეიქმნა, სადაც ორი კვირით უცხოეთიდან დაბრუნებულებს ათავსებენ.

"აქ რომ კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა მაინც იყოს, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩვენი ვალდებულების შესაბამისად. ჩვენ არაფერს არ ვმალავთ" - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

"ჩვენ არაფერს ვმალავთ" - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ალ ჯაზირას“ ცნობით, ამავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ნურმუჰამედ ამანეპესოვმა თქვა, რომ ქვეყანას აქვს 30 000 ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად და კიდევ 40 ათასი შეკვეთილი აქვს თურქეთისთვის, რუსეთისა და გერმანიისთვის. მისი თქმით, საკარანტინე ზონაში 151 ადამიანია და მათი უმეტესობა თურქმენეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც სატვირთოების მძღოლებად მუშაობდნენ და მეზღვაურები არიან.

ქვეყანაში აპრილის მიწურულს განაახლეს ფეხბურთის ჩემპიონატიც და ამ სპორტის გულშემატკივრები სტადიონებს დაუბრუნდნენ. გამოცემა წერს, რომ ოფიციალური პირები მაქსიმალურად არიდებენ თავს კორონავირუსზე საუბარს.

აღსანიშნავია, რომ მარტში "რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ წერდა, რომ თურქმენეთის ხელისუფლება თავს არიდებს სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებას. და ამ სიტყვას არ იყენებენ არც მედიასაშუალებები. აღნიშნული სიტყვა ამოიღეს სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს და საავადმყოფოებს ურიგებდა.

თურქმენეთის პრეზიდენტი

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო დადასტურებულა ცენტრალური აზიის კიდევ ერთ ქვეყანაში, ტაჯიკეთში, თუმცა worldometers.info-ს მიხედვით, იქ უკვე 230 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო შემთხვევების ეს რაოდენობა 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდშია გამოვლენილი. ტაჯიკეთში ოფიციალურად ვირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა და რომელიც ეჭვსა და კითხვებს ბადებს, ჩრდილოეთ კორეაა. დასავლური სამყარო და ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ჩრდილოეთ კორეა ვირუსთან დაკავშირებით რეალურ სურათს მალავს.

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა

"ვრცელდება ჰაერით და არის უფრო გადამდები" - რა ვიცით კორონავირუსის "ვიეტნამური შტამის" შესახებ, რომელიც კოვიდის ჰიბრიდული ვარიანტია