ავტორი:

სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"

სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"

ეკატერინე ფარულავა სოხუმიდან დევნილი ექიმია და წლებია ზუგდიდში, დედულეთში ცხოვრობს. 25 წელიწადს პროფესიით იმუშავა, შემდეგ კი გადაწყვიტა თავი სხვადასხვა საქმეში ეცადა.

ეკატერინე ფარულავა:

- ყვავილების პატარა მაღაზია მქონდა. სამზარეულოში ფუსფუსი, ექსპერიმენტები სულ მიყვარდა და ინტერნეტში შემხვდა ვიდეო, სადაც ერთი ქალი გოგრის ცუკატებს აკეთებდა, რასაც პატარები სიამოვნებით მიირთმევდნენ.

გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა და ჩემს სამზარეულოში პირველი ექსპერიმენტის ჩატარება ვცადე. გამომივიდა, კარგი შედეგი მივიღე და მოიწონეს. მოიწონა ჩემმა მეუღლემ, რომელიც კვების ტექნოლოგია, ყნოსვით შეუძლია განსაზღვროს, კერძს მარილი აქვს თუ არა...

2018 წელს ზუგდიდის მერიის სამსახურმა საშობაო-საახალწლო ბაზრობაზე მიმიწვია, სადაც ხელნაკეთი საახალწლო ნამუშევრები მქონდა წარდგენილი. იქ სადეგუსტაციოდ ცუკატებიც წავიღე, მაინტერესებდა, თუ მიხვდებოდნენ, რა იყო. ყველა აღფრთოვანდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი მიხვდა, რომ ეს ნუგბარი გოგრისგან იყო დამზადებული. შემდეგ მეგობარმა მირჩია, ამ საქმეს მივყოლოდი. გოგრას მეგრულად კოპეშია ჰქვია და მეგობარმაც პროდუქტს "კოპეშონი" დაარქვა. ასეთი ევროპულ-მეგრული დასახელება გამოუვიდა ჩემს პროდუქტს.

მოკლედ, თავიდან იყო გოგრა დარიჩინით, ინტერნეტში ნასწავლი რეცეპტის შესაბამისად, მაგრამ ბევრს არ მოსწონს და მათთვის ვანილისარომატიანი გავაკეთე. შემდეგ სტაფილო და ჭარხალი მოვსინჯე და საინტერესო პროდუქტი მივიღე. სტაფილოს ცუკატები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ, კანფეტივით არის, ლიმონის გემოთი, ოდნავ მომჟავო-მოტკბო. ზაფხულში ცუკინის ცუკატებიც გავაკეთე. ეს თითქოს უკვე სხვა საფეხური იყო, მაგრამ მშვენიერი გამოვიდა, ფაქიზი, ნაზი ფაქტურის... მერე მწვანე პომიდორი, კიტრი მოვსინჯე.

- მართლაც აგროკრეატივია... ბოსტნეულს ატკბობთ?

- რეცეპტი, რომელიც ინტერნეტში მოვიპოვე, ჩემებურად შევცვალე - შაქრის მინიმალური რაოდენობა დავტოვე, ანუ იმდენი, რაც კონსერვაციისთვის არის საჭირო, რომ პროდუქტმა თავი შეინახოს - სიტკბოს მხოლოდ ამ დანიშნულებით ვიყენებ. გარდა ამისა, არომატისთვის ვუმატებ მიხაკს, სხვა კონსერვანტი, ემულგატორი აბსოლუტურად გამორიცხულია.

- ამ საქმეს მარტო აუდიხართ?

- საქმე ახლანდელმა ვითარებამ შეაფერხა, არადა, მიკროსაწარმო უნდა ამემუშავებინა. ბოლო დღეებია პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდა, ტურისტებიც აღარ არიან. თავიდანვე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა, ისე, რომ ვერც ვაკმაყოფილებდი. წარმოების გაზრდაც ამიტომ გადავწყვიტე და სხვადასხვა გრანტით შევძელი მიკროსაწარმოს დაგეგმვა, ფართობი კი უკვე მქონდა.

- ახლა რა ეტაპზეა საწარმო?

- ნაწილობრივ აღჭურვილია და როდესაც ცხოვრებისა და მუშაობის ჩვეული რიტმი აღდგება, ავამუშავებთ. რაც მთავარია, სპეციალური დანადგარი უკვე მაქვს დამონტაჟებული. ის ძალიან ჭკვიანმა ქართველებმა შექმნეს - ბოსტნეულისა და ხილის საშრობია, ინფრაწითელ სპექტრზე მუშაობს და პროდუქციას განსაკუთრებული ხარისხით აშრობს.

- მას მერე, რაც ბოსტნეულს ტკბილ ვაჟინში ავლებთ, პროდუქტი რა პროცესებს გადის?

- ვაჟინში დამუშავების შემდეგ დროის შუალედის დაცვაა საჭირო და უნდა დაიწუროს, ბოლოს კი გაშრეს. საშრობში სხვადასხვა ნედლეულს სხვადასხვა სითბო, დრო და პროცედურა სჭირდება.

- თავიდან ვაჟინში იხარშება?

- რეცეპტში კი იყო ასე, რომ ხარშვა სჭირდება, მაგრამ ტექნოლოგია ისე დავხვეწე, არ ვხარშავ. ვცდილობ მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ყველა ბუნებრივი თვისება. წაიკითხეთ სრულად

იქნება თუ არა ახალ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძის პასუხი

მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი - მეუფე მიქაელი

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე