ავტორი:

ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ

ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითოებად მიიჩნევიან. ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთმა ვირუსის გაკონტროლება ამ ეტაპისთვის წარმატებით შეძლო.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი არიან ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ევროპაში პირველი ე.წ. მწვანე სამოგზაურო დერეფანი შექმნეს - 15 მაისიდან ამ ზონის მოქალაქეებს შეუძლიათ სამივე ქვეყანაში თავისუფლად მოგზაურობა და შეუზღუდავად გადაადგილება. ამის შესახებ BBC წერს.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, საულიუს სკვერნელისი ამ ნაბიჯს ბიზნესის გახსნისთვის და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის კარგ შესაძლებლობას უწოდებს.

სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო წესები, რომელთა თანახმადაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ უმოგზაურია ამ ზონის მიღმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, არ არის ინფიცირებული და არ ჰქონია კონტაქტი მასთან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ბალტიისპირეთში.

სამივე ქვეყანაში მცირეა COVID-19-ით ინფიცირებულების და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც საფუძველი მისცა ხელისუფლებას, რომ ეტაპობრივად შეემსუბუქებინა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესები. იმის მიზეზად, რომ სამივე მათგანი კარგად უმკლავდება გამოწვევას, ადრეულ ეტაპზევე შემოღებულ მთელ რიგ შეზღუდვებს ასახელებენ.

ვნახოთ, როგორია ეპიდსიტუაცია თითოეულ მათგანში:

  • ლიეტუვა

COVID-19-ის პირველი შემთხვევა ლიეტუვაში 28 თებერვალს გამოვლინდა, ვირუსი 29 წლის ქალს დაუდგინდა, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მარტში შიდა გადადების პირველი შემთხვევები გაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში ქვეყანა 16 მარტიდან გადავიდა. აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ჩაიკეტა საზღვრები.

მაისის დასაწყისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამ დროისთვის პირბადის ტარება ღია სივრცეში არ არის სავალდებულო, თუმცა რეკომენდებულია. 18 მაისს გაიხსნა რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები, კაზინოები, თუმცა მათ ხელისუფლების მიერ შემოღებული გარკვეული წესების დაცვა უწევთ. 30 ადამიანზე მეტის შეკრება დასაშვებია მხოლოდ გარე სივრცეებში.

ბოლო მონაცემებით, ლიეტუვაში კორონავირუსის 1 593 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 61 პაციენტი გარდაიცვალა, 1 049 გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე 483 აქტიური შემთხვევაა.

  • ლატვია

ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა. 13 მარტს დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, აიკრძალა მასობრივი თავყრილობები. გაუქმდა, ან გადაიდო კონცერტები და სხვა ღონისძიებები. 9 ივნისამდეა გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ამ ეტაპზე დაუშვეს 25 ადამიანზე მეტის შეკრება გარე სივრცეში, იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება 2 მეტრიანი დისტანცია.

ლატვიაში კორონავირუსის 1 025 დადასტურებული შემთხვევაა, პაციენტთა შორის 22 გარდაიცვალა, 694 გამოჯანმრთელდა, 309 შემთხვევა კი ისევ აქტიურია.

  • ესტონეთი

ესტონეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები შემოიღეს. მათ შორის, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. მაისის დასაწყისიდან კი შეზღუდვების მოხსნა, სხვა ქვეყნების მსგავსად, ეტაპობრივად დაიწყო.

ესტონეთში ამ დროისთვის COVID-19-ის 1 800 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 64 პაციენტი გარდაიცვალა, 1 488 გამოჯანმრთელდა, ხოლო 248 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულტა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 334 862 ადამიანი, ხოლო 2 092 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ავსტრალიას ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს