ავტორი:

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

რამდენიმე დღეა რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მოსკოვის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ТАСС–ის ინფორმაციით, ის სპეცრეისით გადაიყვანეს.

ამის შესახებ ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალისგან გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მას გასულ ხუთშაბათს COVID-19-ის დიაგნოზი ჩეჩნეთის მთავარ საავადმყოფოში დაუსვეს. თუმცა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თანაშემწე ახმედ დუდაევი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ცნობებს სხვადასხვა მედია რეიტინგის ასაწევად იყენებს. მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "დროებით მიუწვდომელი იყო, რადგან უბრალო ვირუსი შეეყარა..."

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი ყველა იმ ექიმს, ვინც ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა, სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. ტრადიციულად, სოციალური ქსელის მის გვერდზე აიტვირთა საბოდიშო ვიდეოები, სადაც ექიმები საავადმყოფოში არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა მიმარულებით არსებული დეფიციტის გამო გამოთქმული საყვედურებისთვის ბოდიშებს იხდიდნენ და თავიანთ განცხადებებს, "ემოციას აყოლილ საყვედურებს" უწოდებდნენ...

"ასე მოაგვარა ტირანმა პრობლემა, რასაც ათეულობით ექიმის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება. ყველა გააჩუმა და პრობლემაც მოგვარდა. თუმცა, ვირუსმა არც მასა და მის ოჯახს აუარა გვერდი!.." – წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები, რომელთა ცნობითაც, ვირუსი დაუდგინდა მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის რამდენიმე წევრს.

ცნობისთვის, ისინი ერთ სახლში, კადიროვის მიერ დამკვიდრებული წესებით ცხოვრობენ. ნორვეგიელი მწერალი და ჟურნალისტი, ოსნე საიშტადი თავის ცნობილ წიგნში "გროზნოს ანგელოზი", რომელიც რესპუბლიკაში რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომიდან მოყოლებულ ამბებს აღწერს, რამზან კადიროვთან შეხვედრისას აღწერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მოკლე წინადადებით, დაუხვეწავი რუსულით საუბრობს, რაც ნიშნავს, რომ სკოლაში ცუდად სწავლობდა და არც შემდეგ უზრუნია განათლებაზე...

24smi.org-ის ცნობით, მან 1998 წელს მახაჩყალის უნივერსიტეტი დაამთავრა. თუმცა, ბოლო წლებში კადიროვი არაპირდაპირ, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ოჯახის წევრებს ევროპული განათლება მიეღოთ.

მას ცოლად თანასოფლელი მედნი აიდამიროვა ჰყავს, რომელიც ახლა ჩეჩნეთსა და ჩრდილო კავკასიაში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის ტრადიციული მოდის მიმდევარია. ასევე დააფუძნა საკუთარი ბრენდის ხაზი Firdaws, რომლის ჩვენება ახლახან ევროპაშიც მოაწყო.

კადიროვებს 10 შვილი ჰყავთ: 6 გოგონა - აიშატი, კარინა, ხედი, ტაბარიკი, აშურა, ეიშატი და 4 ვაჟი – აბდულა, ადამი, ზელიმხანი და ახმატი. კადიროვის თხოვნით, 2006-2007 წლებში მათ ორი მოზარდი იშვილეს, რომლებიც ასევე კადიროვების სახლში ცხოვრობენ.

ქალიშვილებიდან ერთ-ერთი, აიშატ კადიროვა, დედასთან ერთად, სამოდელო ბიზნესით არის გატაცებული და Firdaws-ის ხელმძღვანელია. თებერვლის ბოლოს, მან პირველად პარიზში ჩვენება მოაწყო, რისთვისაც მამამისმა "მადლიერების ნიშნად, ჩეჩნეთის კულტურის პოპულარიზაციისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა". ადგილობრივების ნაწილმა, მას “მამა-შვილის მასკარადი” უწოდეს.

ცნობილია, რომ ის კადიროვის გამორჩეულად საყვარელი შვილია. ჩეჩნეთის ლიდერი ამაყობს იმით, რომ აიშატ კადიროვამ ყურანი ზეპირად იცის. გოგონა დღეში 9 საათი მეცადინეობდა, რომ მუსულმანების წმინდა წიგნი აეთვისებინა. 2017 წელს ის თავის კლასელს, კადიროვის მეგობრის შვილს გაჰყვა ცოლად.

ერთ-ერთი მათგანი, ტაბარიკი კი მსახიობის პროფესიით იყო გატაცებული, რამაც ჩეჩნეთის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. მით უფრო, რომ გოგონამ ჰიჯაბის ტარებაზე უარი თქვა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩეჩნეთის ლიდერის გამარჯვებით დასრულდა და "გოგონა ღირსეულ, ტრადიციულ ცხოვრებას დაუბრუნდა...". სინამდვილეში, გოგონას უფლება არ მისცეს ჩეჩნური ტრადიციებისთვის გადაეხვია.

ტაბარიკ კადიროვი დის დიზაინით შექმნილ სამოსში

რამდენიმე ხნის წინ რამზან კადიროვის შვილებმა თავიანთ მწვრთნელს აბდულ-კერიმ ედილოვს, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების მრავალგზის პრიზიორია, დაბადების დღეზე ახალი "პორშე პანამერა" აჩუქეს.

მან ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. ანტიკრემლისტური რუსული მედიის ცნობით, ის, რომ კადიროვების სასახლიდან სკანდალის ხმები არ გამოდის, მედნი კადიროვას დამსახურებაა, რადგან ის მუდმივად ცდილობს ვითარების დაბალანსებას.

ავსტრალიას ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს