ავტორი:

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. შესაბამისად, წუხელ 00:00 საათიდან მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ.

როგორც ჩანს, თბილისის მოქალაქეები ისე გაახარა ამ ფაქტმა, რომ გათენებას არ დაელოდნენ და ქუჩებში გუშინ გვიან ღამითვე გამოვიდნენ. ასევე შეინიშნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. თბილისელების ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ფოიერვერკითაც კი აღნიშნა.

წუხანდელი თბილისიდან ფოტორეპორტაჟს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

"წუხელ გაუქმდა კომენდანტის საათი.12 საათზე ეს ამბავი მეზობლის მანქანამ შემახსენა. ისე დააღმუილა, მივხვდი, რომ თავისუფლება მის სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა. მერე ხმაურიანმა მოტოციკლებმა ჩამოიქროლეს.

ფეირვერკის ხმებიც მომწვდა. გარეთ გამოვედი, რათა როგორც საგანგებო მდგომარეობის დაწყება, ისე დასრულება გადამეღო. ამჯერად ქუჩები გამოცოცხლებული იყო. უმეტესად შეყვარებულები და სკოლადამთავრებულები სეირნობდნენ. ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ.

რაღაცამ შემაკავა, რომ აღშფოთება დამემალა. უკვე 1-ლ საათზე რუსთაველის გამზირზე მანქანების ისეთი მოძრაობა იყო, ვიფიქრე, რაღაცას ვზეიმობთ-მეთქი. ბოლოს ასეთი ხმაური მახსოვს "დინამოზე" შოტლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ. ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაწილი სარბოლოდ გამოვიდა.

მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს, რომ მძინარე ადამიანები სულ ფეხებზე ეკიდათ. ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო. იმედია, სხვების პატივისცემას ვისწავლით. და მაინც, ჩვენს ქალაქებს სიცოცხლე და სისავსე უხდება" - წერს ჩანადირი ფოტოების კომენტირებისას.

ფოტოები: გოგა ჩანადირი

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

"მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე

ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს