ავტორი:

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.

როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ.

"ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია.

მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3-ზე მეტის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკისშემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა - ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ.

უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი ( ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დადჯეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

"მარშუტკებში" ფეხზე დგომა და კონდიცირების ჩართვა იკრძალება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

სემეკმა ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა