ავტორი:

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ

პროდიუსერი კახა მამულაშვილი ამბობს, რომ გასული წელი შემოქმედებითად აქტიური და ნაყოფიერი იყო - კონცერტები, გასტროლები, რეპეტიციები, მაგრამ ბოლო სამი თვეა, პანდემიამ მას და ლელა წურწუმიას მთელი მსოფლიოს მსგავსად გეგმები შეუცვალა.

გარდა იმისა, რომ მამულიჩა ლელას პროდიუსერია, ასევე მუშაობს მაკა ზამბახიძესთან და ბენდთან "ნონსტოპი", რომლის სოლისტი მაკას შვილი, სალომე ჩიტაძეა. კორონავირუსმა ყველას არაერთი საქმე, თუ პროექტი შეუჩერა.

როგორ გაატარეს დრო იზოლაციაში ლელა წურწუმიამ და მამულიჩამ და რა გეგმები ჩაუშალათ კორონავირუსმა - AMBEBI.GE-ს მკითხველს პროდიუსერი თავად უამბობს:

ლელა წურწუმია, მამულიჩა შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად

- ამ პერიოდს ყველა თავისებურად შეხვდა და თავისებური დასკვნა გამოიტანა. ამბობდნენ, - ბუნებამ დაისვენა, ხალხმა პირად ჰიგიენას მიხედა, მსოფლიოში ომები შეწყდა, ოზონის ხვრელი ფაქტობრივად, გაქრა და დედამიწა "გაჩერდაო". პანდემიაში კი კარგი არაფერია, უდიდესი საფრთხეები და კრიზისები შეიქმნა, ადამიანები დაიხოცნენ, ეს კი ძალიან სამწუხაროა...

ადამიანებმა, ოჯახებმა შემოსავლები დაკარგეს და ულუკმაპუროდ დარჩნენ. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ეკონომიკური პრობლემა ბევრს ჰქონდა, გაჭირვებული ადამიანები საკმაოდ გვყავდა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც ჯანმრთელობაა! როგორც ვუყურებ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, ღმერთის წყალობით, ადვილად გამოდის ალბათ იმიტომ, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, კარგი იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა. რამდენი რამ გამოვიარეთ - ვირუსები, ომები, უშუქობა, უგაზობა, რა აღარ... ახლა უკვე „ოქროს ხანა“ გვინდა.

- უნდა დავიმსახუროთ...

- ალბათ და ამისთვის ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ბევრი ვიმუშავოთ. მე მაგალითად, სახლში უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია. აქამდე სულ მუშაობით მოვედი. ვირუსის პერიოდში, როგორც ბევრმა ბიზნესმა, შოუბიზნესმაც დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენი ბიზნესი არც დოტაციაზეა, სახელმწიფო არ ეხმარება, თვითგადარჩენაზე ვართ. დღეს ადამიანებს პანდემიამ პრობლემები გაუჩინა და სულ არ უნდათ გართობა, სიმღერა...

როცა არ ხარ სახელმწიფოზე დამოკიდებული, თვითონ გიწევს განვითარება და სიტუაციიდან გამომდინარე წინსვლა, ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა თითქოს ჩაიარა, სამუშაო განწყობებიც ჩნდება, ჯერ მაინც არ ვიცით, რა და როგორ იქნება, ეს დისტანციური ამბები, ფაქტია, ხელისშემშლელია კონცერტების ჩასატარებლად, მაგრამ მაინც ამ ყველაფრის ფონზე ვგრძნობ, რომ საქმე კარგად იქნება. ივლისიდან ნელ-ნელა "მოვიქოქებით".

მამულიჩა და ბენდი "ნონსტოპი"

- გასტროლები, კონცერტები გადაგედოთ, კლუბები, დარბაზები ჯერჯერობით დახურულია... რას ფიქრობთ ამაზე?

- დღეს მაგალითად, ისრაელში უნდა ვყოფილიყავით, დარბაზში რეპეტიცია და საღამოს კონცერტი გვქონდა, ბილეთები გაყიდული იყო... გავაუქმეთ კონცერტები საბერძნეთში, უკრაინაში. ფაქტობრივად, მთელი წელი გაწერილი გვქონდა, ცალკე ლელას მიმართულებით და ცალკე ჯგუფის "ნონსტოპი". მნიშვნელოვანია, როცა წინასწარ იცი, მთელი წლის მანძილზე როგორ უნდა დაიტვირთო, ამ ეტაპს მივაღწიეთ, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რას ვიზამთ? ზოგს ისე უჭირს, რომ ეს რა სალაპარაკოა?!

- კარანტინის პერიოდი როგორ გადაიტანეთ?

- ამოჩემებული მქონდა რამდენიმე კლასტერი იმისთვის, რომ არ გავგიჟებულიყავით - ეს იყო ჩემი ოჯახი, ლელას ოჯახი და სამეზობლოში რამდენიმე, მათ შორის, დოის ოჯახი.

ვიდეოზარი "არველაძეების კლასტერთან"

არიან ჩემი მეგობრები, ვისაც ოთახიდან ცხვირიც არ გამოუყვიათ, ეშინოდათ. მე მაგ კატეგორიას არ განვეკუთნები. ფსიქოლოგიური მომენტიც არის - ასე მძიმედ არ აღვიქვამდი, მაგრამ მათიც მესმის, გამოსავალს ვერსად პოულობდნენ, ტელევიზორის ინფორმაციაზე იყვნენ მიჩერებული, ფაქტობრივად, ფსიქოზი იყო.

ვცდილობდი, პოზიტიური ამბებით დავტვირთულიყავი. ლაივებს ვრთავდით "ფეისბუქგვერდზე", საქმისთვის მონახაზებს ვაკეთებდი, ურთიერთობა მქონდა ჯგუფის წევრებთან, დისტანციური ურთიერთობა არც ისე მარტივი იყო. ამ პირობებში ერთ-ორ სიმღერაზე მაინც ვიმუშავეთ.

მგონია, ზაფხულში უნდა "ამოიქოქოს" ჩვენი საქმე. ცოტა მიჭირს იმის წარმოდგენა, პირბადეებით როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ რას ვიზამთ?!

შვილიშვილთან ერთად

- რომ არ გაიხსნას რესტორნები და დარბაზები?

- მთავრობა აქცენტს ტურიზმზე აკეთებს და რეალურად ჩვენი ეკონომიკის ძირითადი პროცენტრი ტურიზმიდან შემოსული თანხებია. თუ ტურისტი ჩამოვა, ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების გარდა, ქართული კერძების დაგემოვნება, ქართული სიმღერის მოსმენაც უნდა, რესტორნებიც უნდა ამუშავდეს. მაგრამ თუ ის მოხდა, როგორც ბევრ ქვეყანაში - რესტორნები, კლუბები და საკონცერტო დარბაზები ერთი წლით დაიხურა, მაშინ რა ვთქვა, არ ვიცი.

არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ჩემი ნაცნობებიდან, პანდემიის პერიოდში ბევრი ცნობილი ადამიანი, მსახიობი დავინახე "ვოლტის" მოტოებზე, შეკვეთებს არიგებდნენ, ერთ-ერთი ტაქსიზეც იჯდა. რა ექნათ, აბა? ეს საქმე არ "ტეხავს".

- "კომენდანტის საათი" რომ მოიხსნა, ივენთიც გაჩნდა "ფეისბუქზე" - ამის აღსანიშნავად ლელა წურწუმიას კონცერტი იგეგმებაო...

- ჰო, იხუმრეს, „ღამის სიჩუმე“ იფანტებაო... და ბევრი მეკითხებოდა - რა ხდებაო? ბევრი ადამიანი ელოდება ცხოვრების გახალისებას და ცხოვრება შეძლებისდაგვარად უნდა გაცოცხლდეს. გვინდა საქმის კეთება, სახელმწიფო თუ არ გვეხმარება, ხელი იმაში მაინც შეგვიწყოს, რომ სამუშაო სივრცეები გახსნას, ვიმუშავებთ და გამოვიმუშავებთ, არავისზე ვიქნებით დამოკიდებული...

- ლელა კარანტინის პერიოდში დროს რას უთმობდა?

- პირველად რომ მოგვცეს მანქანებით გარეთ გასვლის ნებართვა, იმ დღეს როგორც კონცერტზე ისე გამოეწყო, გამოვიდა და მეუბნება: მანქანა გასარეცხად უნდა წავიყვანოო. ასე გამოწყობილმა-მეთქი? რა მოხდა, მომენატრა საკონცერტოდ გამოწყობაო... ხომ ვამბობ, ვცდილობდით, ეს დღეები იუმორით გადაგვეტანა.

სულ ვარჯიშობდა, ფორმაში რომ ყოფილიყო, კერძების კეთება დაიწყო და გასაგიჟებელ კერძებს ამზადებდა. მოკლედ, თუ სიტუაცია ძალიან გართულდა და შოუბიზნესში პერსპექტივა ვეღარ დავინახეთ, ძალებს კულინარიაში მოვსინჯავთ - ლელა სადილებს გააკეთებს, მე მოტოციკლით დავარიგებ და მცირე ბიზნესს ასე ავაწყობთ. ეს ხუმრობით და ისე, ყველაფერს მონდომება უნდა და ყოველთვის იპოვი გამოსავალს.

ქალიშვილთან, მარიკოსთან ერთად

რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება! ახლა რასაც ვუყურებ, კორონა პოლიტიკამ ჩაანაცვალა და ჯერი მუსიკოსებსა და მსახიობებზეა - ჩვენი საქმეებით უნდა ჩავანაცვლოთ. პირველი კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მომენატრა საკონცერტო გაწამაწია!

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?