ავტორი:

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

1992 წელს თბილისში, ვერაზე მომხდარი გაუგონარი მკვლელობა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული და ამავდროულად, ბურუსით მოცული დანაშაულია. მასზე ხმამაღლა საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ.

წლების განმავლობაში დუმდა თამარ თორაძეც, რომელსაც თვალწინ დაუცხრილეს ძმები. გაუსაძლისი ზეწოლისა და მუქარის გამო წლების წინ ქვეყნის დატოვება მოუხდა და ახლა პოლიტიკური დევნილის სტატუსით აშშ-ში ცხოვრობს. თამარ თორაძე 90-იანი წლების სისხლიანი ანგარიშსწორების გამოძიებას ათწლეულებია უშედეგოდ ითხოვს.

ქალი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებაზე დაიწყო საუბარი. თორაძე ამბობს, რომ სწორედ რურუა იყო ერთ-ერთი, ვინც მკვლელობის დღეს თორაძეების ოჯახში მივიდა.

1992 წლის 3 მარტს თორაძეების ოჯახის 5 წევრი - დედა, მამა და სამი ვაჟი ამოხოცეს. ტრაგედიას შეესწრო თამარ თორაძე, რომელიც მაშინ 13 წლის იყო. დღეს ის AMBEBI.GE-ს საქმის შესახებ ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალს უყვება:

თამარ თორაძე

- სასტიკი მკვლელობის მიზეზებზე დღემდე უამრავი ვერსია არსებობს. რა მოხდა სინამდვილეში, რა გახდა მიზეზი?

- ჩემი ძმები ძალიან სამართლიანები იყვნენ, ჩემი მშობლები კეთილი და პატიოსანი ხალხი. ყველანაირი სიბინძურე იკადრეს ჩვენი ოჯახის დისკრედიტაციისთვის. რა არ დაგვაბრალეს, ჭორები გაავრცელეს, თითქოს ჩვენ ღირსები ვიყავით და ამით ამართლებდნენ თავიანთ სისასტიკეს.

სინამდვილეში რა იყო: ჩემი ძმები არ აძლევდნენ არავის დაჩაგვრის უფლებას, "ბოროტებს", რომლებიც აწიოკებდნენ ყველას, ცდილობდნენ სრული ძალაუფლება მოეპოვებინათ, ეძარცვათ და ეწამებინათ ხალხი. ამის უფლებას ჩემი ძმები არავის მისცემდნენ, რადგან მათ ყველა პატივს სცემდა, ბევრი იცნობდა და გარკვეული გავლენებიც ჰქონდათ. ისინი იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. ამიტომ არ გაახარეს. ამიტომაც ამომიხოცეს ოჯახი.

ჩემი ძმები რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ის "მხედრიონელები" ბიზნესმენები ვერ გახდებოდნენ სხვებისთვის წართმეული ფულებით და შემდეგ მთავრობაში ვერ მოვიდოდნენ. ხელს შეუშლიდნენ ამაში, როგორც ახლა მე ვუშლი მათ ხელს და აუცილებლად შევუშლი სიცოცხლის ბოლომდე

- გავრცელებული ვერსიით, თქვენს ძმებს მეორე მხარემ უბრალოდ დაასწრო, თორემ თავადაც იმავეს ჩადენას გეგმავდნენ...

- ჩემო ოჯახი არანაირი ბანდა და დაჯგუფება არ ყოფილა. იყვნენ ერთმანეთზე და ადამიანებზე შეყვარებული დედმამიშვილები, ჩემი ძმები არ იყვნენ ყაჩაღები! ერთი საქმე არ არსებობს, რაც ამას დაამტკიცებს. ჩემი მშობლები ქურდბაცაცები გამოიყვანეს და წარმოიდგინეთ, მე რა დღეში ვარ? ჯერ ოჯახს რომ ამოგიხოცავენ და შემდეგ რეპუტაციასაც შეგილახავენ.

ჩემი ძმები ანგელოზები არ ყოფილან, თუ ვინმე გაარტყამდა, მეორე ლოყას არ მიუშვერდნენ, საკადრის პასუხს გასცემდნენ, ვაჟკაცები იყვნენ და იმიტომ! პირველი არავის ესროდნენ, მაგრამ არც არავის დაასწრებინებდნენ. ძალიან ბევრი ვაჟკაცი იყო ჩემი ძმებისნაირი იმ დროს და ისინიც დახოცეს, რადგან იმას ვერ მიაღწევდნენ, რასაც მიაღწიეს. პირადი ინტერესების გამო ხოცავდნენ ხალხს და ასეთები მოვიდნენ მთავრობაში. თუ ჩემი ძმები ყაჩაღები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს?!

თორაძეების ოჯახი

- რა მოხდა 1992 წლის 3 მარტს, გაიხსენეთ ის, რასაც თქვენი თვალით შეესწარით...

- მას შემდეგ, რაც ჩემი ძმები და მშობლები ავტომობილში ამოხოცეს, მოგვადგნენ კორპუსთან და ყვიროდნენ - დაცალეთ კორპუსი, უნდა ავაფეთქოთო, მეზობლები გაიქცნენ... მე და ჩემი დედმამიშვილები აღმოვჩნდით მეშვიდე სართულზე მეზობლის ბინაში. იქაც მოგვაგნეს. ფანჯრებიდან გვიკაკუნებდნენ, ყუმბარებს შემოგიყრით და ყველა დაიხოცებითო.

ჩემმა მეზობელმა გააღო კარი და შემოცვივდნენ. ოთხი ადამიანი შემოვიდა. ორი უნიღბოდ იყო, ყურის და თვალის ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და მახსოვს - ჟორიკა რურუა შემოვიდა პირველი და იკითხა: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უპასუხა, მხოლოდ ბავშვებიო. შემოვალთ და დავხედავთო. ჩემმა ძმამ უთხრა, უიარაღოდ ვართ, ხელცარიელები, რას შვებითო

ჟორიკა რურუას ახლაც იგივე ხმა აქვს, მის სახეს კი რა დამავიწყებს?! მის ბოროტ თვალებს?! თვალებში ჩამხედა, შემდეგ გადაგვატარა იარაღი მე და ჩემს პატარა და-ძმებს და იატაკზე დაგდებული ჩემი ძმები დაცხრილა. მეორე მაღალი იყო, წვერიანი, იმან იმედო დაცხრილა...

ვღრიალებდით ბოლო ხმაზე... რანაირად უნდა დაგავიწყდეს ის თვალები და სახე, რომელმაც ეს გააკეთა?! არასოდეს დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვარ გიორგი რურუას მაშინდელი სახე და თვალები. ის მეორეც ვიცი ვინც არის, მაგრამ მის ვინაობას ჯერჯერობით არ ვიტყვი. დავიცდი ცოტა ხანს და თუ დავრწმუნდი, რომ არაფერს იძიებენ, მერე დავიწყებ ხმამაღლა ყველას სახელების და გვარების ყვირილს და ყველას გავაგებინებ!

ძმები - კახა, ლაშა, იმედო თორაძეები

- ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდი ჩაერია. რა იყო სინამდვილეში პაატა ჩლაიძის მიზანი? რატომ ვერ შეძლო მაშინ დიდი გავლენის მქონე "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ამ შედეგის თავიდან არიდება?

- მამაჩემი აფრთხილებდა ჩემს ძმებს, ძალიან ძლიერდებიან ბანდები, წავიდეთ ამ ქვეყნიდან, თორემ ამოგვხოცავენო. ეს ბანდა გაძლიერდება და მთელ საქართველოს დაიპყრობსო. "კანონიერი ქურდი" სამჯერ თუ ოთხჯერ იყო მოსული ჩვენთან. ერთხელ ჩავიწერე მათი საუბარი. ჩლაიძე ამოვიდა, რადგან იმ ბიჭებს, რომლებთანაც ჩემს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, იცნობდა - არ მინდა თქვენ შორის რამე მოხდეს და შერიგდითო.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ჩლაიძის მონათლულმა ქურდმა გაიტყუა ჩემი ძმები და სასტიკად სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო, მუხლები დაუხვრიტეს ზაზას, იმედას და მათ მეგობარ ზვიად გელოვანს. ჩემმა ძმებმა უთხრეს, მოგვკალით აქვე, თორემ ხვალ ჩვენ მოგკლავთ, ამ შეურაცხყოფას არ გაპატიებთო. სწორედ ამ ჩხუბთან დაკავშირებით ამოვიდა პაატა ჩლაიძე, რომელსაც მაშინ რეალურად არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა. ჩემს ძმებს ეუბნებოდა, მართლები ხართ იმათთან, მაგრამ აპატიეთ მაინც, მუხლები რომ დაგიხვრიტეს და გაუპატიურებით რომ გემუქრებოდნენო.

შერიგება ნიშნავდა იმას, რომ ერთი ბანდა უნდა გამხდარიყვნენ. ჩემი ძმები უნდა გამხდარიყვნენ იმ ბანდის წევრები, ან უნდა ამოეხოცათ. მაშინ ჩლაიძემ თქვა, ვინც პირველი გაისვრის, იმას ამოვწყვიტავო, იგინა და ილანძღა, მაგრამ არც არაფერი მომხდარა. პირველი არ გაუსვრია ჩემს ოჯახს, ამოგვხოცეს და არავინ არაფერი გააკეთა - არც "კანონიერმა ქურდმა" და არც კანონიერმა სახელმწიფომ. რამდენიმე წლის შემდეგ ჩლაიძეც მოკლეს, ამბობდნენ, ამ ამბის გამოო, მაგრამ არა მგონია.

- ოჯახიდან რამდენი გადაურჩით "ბოროტებს"?

- სამი მარტის ამოხოცვის დროს გადავრჩით: მე (13 წლის ვიყავი), ჩემი ძმა 15 წლის და ჩემზე პატარა დები 10, 8, და 6 წლისები. ორი წლის შემდეგ ჩემი ძმა, პაატა გაიტაცეს. კოლეჯში მიდიოდა მანქანით, ახლად შეძენილ მეგობარს მიყავდა. გააჩერეს, გადმოიყვანეს ორივე, გაუშვეს მისი მეგობარი და ჩემი ძმა წაიყვანეს მანქანით, მას შემდეგ არაფერი გვსმენია. ასევე გააქრეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა, რომელიც 3 მარტის ტრაგედიის დროს სახლში არ იყო. საფლავებიც კი არ გვაქვს მათი...

მიცვალებულები მორგში გადაიყვანეს და იქედან არ გვატანდნენ, დაკრძალვა არ გააკეთოთ, მკვდრები არ იტიროთ, თორემ დავწვავთ მიცვალებულებს და თქვენც ამოგხოცავთო. გვემუქრებოდნენ - გამოჩნდეს ზაზა, თორემ ყველას ამოგწყვიტავთო. ორმოცი არ იყო გასული, ზაზა ჩემი რძლის სახლში იპოვეს და ცემა-ცემით წაიყვანეს, მთელი სართული სისხლით იყო მოსვრილი, იქვე არ მოკლეს, ინფორმაცია უნდოდათ, ალბათ. ჩემი ორი ძმის საფლავიც კი არ მაქვს და მხოლოდ იმას ვოცნებობ, ისინიც ჩემი ოჯახის წევრების გვერდით იყვნენ დამარხულები.

ყველაზე რომ იძიეს შური, შემდეგ მუდმივად გვითვლიდნენ, გვემუქრებოდნენ, ხმა არ ამოიღოთ საქმის გამოძიებაზე, თორემ თქვენც გაგაქრობთო

ასეთ რამეებს ირაკლი ალასანიას პირით გვითვლიდნენ. ჩემი ძმის მეგობართან, გიორგი ხომასურიძესთან მეგობრობდა ალასანია. ირაკლი ჩვენს სახლში ბევრჯერ იყო ნამყოფი. გიორგიმ მამას გააცნო, ძალიან ნიჭიერი და კარგი მომავლის ბიჭიაო.

- რაც შეეხება საქმის გამოძიებას? როგორც ცნობილია, მომხდარიდან რამდენიმე წელში გამოძიება დაიწყო. რა მოქმედებები ჩაატარეს?

- 2001 წელს დაიწყო ვითომ ხელახალი გამოძიება, თუ გაგრძელდა არ ვიცი. გაჩხრიკეს რურუას მამიდის სახლი სევასტოპოლის ქუჩაზე. რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, მაგრამ ფორმალურად, ალბათ. მე როცა გამოვითხოვე მასალები, რომ გამეგო რა პროცესში იყო საქმის გამოძიება, საოცარი წერილი მომივიდა - ფაქტების არქონის გამო საქმეს ვერ ვიძიებთო. 50 კაცი იყო ამ საქმეში გარეული და ვერცერთი ვერ აღმოაჩინეს. საქმის ძიება შეჩერდა. ვინც ამ საქმეს იძიებდა, ჩამომხრჩვალი იპოვნეს...

შემდეგ სააკაშვილი გამოჩნდა ჰორიზონტზე და ისიც გულმოდგინედ ცდილობდა ამ დანაშაულის კვალის დაფარვას.

- ახლა რა მოლოდინები გაქვთ? როგორ ფიქრობთ, ამდენი წლის შემდეგ გამოიძიებენ?

- მე არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მსოფლიოს ჩავრევ და ვაიძულებ ეს საქმე გამოიძიონ, ეს ადამიანები დაისაჯონ და ჩემი ოჯახის ღირსება დაბრუნდეს. ვბრაზდები, როცა ამბობენ, როგორ ახსოვს 13 წლის ბავშვს ეს ყველაფერიო და ეჭვი შეაქვთ ჩემი ნაამბობის სიმართლეში - რა არის გასაკვირი იმაში, რომ მე ეს ნაძირლები მახსოვს?! როგორ შეიძლება თვალწინ მთელი ოჯახი ამოგიხოცონ და ეს ოდესმე დაგავიწყდეს?! ღმერთისგან ყველა დაისჯება!

მადლობა ამერიკას რომ შემიფარა და საქართველოს შორიდან ვუყურებ. წლები ისე გადიოდა, მაქეთ არც კი ვიხედებოდი, რადგან მხოლოდ ტკივილთან და უსამართლობასთან ასოცირდებოდა ჩემთვის ჩემი სამშობლო. წიწილებივით ამოხოცეს მთელი ოჯახი და კანონმა არაფერი არ გააკეთა. ღმერთი არ აპატიებს მაგ ადამიანებს, მაგრამ ღმერთამდე ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი, რადგან ღმერთი ჩვენც არ გვაპატიებს ამდენ სიჩუმეს.

მე არავითარი პირადი ინტერესი არ მაქვს არავის მიმართ. როგორც ჟორიკა რურუაზე ვიცი, რომ მკვლელია, ისე რომ ვიცოდე ჩემს ოჯახზე და ძმებზე, რომ მკვლელები იყვნენ, ხმას არ ამოვიღებდი, უბრალოდ უფალს ვთხოვდი, რომ შეენდო მათთვის! მაგრამ ახლა რა ვთხოვო უფალს, რომ რა შეუნდოს? ამდენი შვილი რომ გაუჩინა დედაჩემმა ქვეყანას? რატომ მომიკლეს უპატიოსნესი მამა და დედა? რომ დღეს ეთარეშათ რურუებს და ლერი სულაბერიძეებს?

გამოძიებამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ყურადღება და ეს საშინელება დასრულდეს, ძალიან დიდი სისხლისფერი ლაქა ადევს საქართველოს. არ არის ეს პატარა დანაშაული, რომ ამხელა ოჯახი ამოხოცეს და არავინ დასჯილა აქამდე. მე შეიძლება შევეწირო ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ ვერასდროს გავჩერდები, მირჩევნია მეც მომკლან, ოღონდ არ გავჩერდები. ძალიან დავიღალე ამ უსამართლობის ტარებით, ვერ გავიხარე...

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება